მარნეულში იმამმა აშშ "რეგიონში ყველაზე დიდ ტერორისტად“ გამოაცხადა და ხამენეის მხარდაჭერა გამოუცხადა
გაზიარება
გაზიარება
მხარდაჭერა ხამენეის
თებერვლის დასაწყისში, მარნეულში, იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას, იმამმა ჰაჯი ჰაჯიევმა აშშ-ს “რეგიონში ყველაზე დიდი ტერორისტი“ უწოდა, გამოხატა სოლიდარობა ირანის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მიმართ და ჰამასის ლიდერები, რომლებიც ბოლო წლებში ისრაელმა მოკლა, “მოწამეებად“ მოიხსენია.
ამასთან, ქადაგების წარმოთქმის დროს მეჩეთში განთავსებული იყო ხამენეის პოსტერი, ხოლო დარბაზში შეკრებილთაგან რამდენიმე პირს აღმართული ჰქონდა აიათოლა ალი ხამენეის პოსტერები.
ჰაჯიევის სიტყვებით, მუსლიმები უნდა დაუდგნენ მხარში ხამენეის, როგორც “მუჯთაჰიდის“. მან აღნიშნა, რომ ვინც ვერ დგას მისი გვერდით ფიზიკურად, უნდა დაუჭიროს მხარი სიტყვით ან სოციალურ ქსელებში.
“დღეს რომ არ არსებულიყო წინააღმდეგობის ფრონტი, ახლო აღმოსავლეთში, იემენში, პალესტინაში, ერაყში, ნაწილობრივ სირიაში და განსაკუთრებით ის წინააღმდეგობის ხაზი, რომელსაც ირანის ისლამური რესპუბლიკა ხელმძღვანელობს, მტერი რეგიონში სრულად მიაღწევდა თავის მიზნებს,“ — თქვა ჰაჯიევმა.
იმამის განცხადებით, ხამენეი დღეს “გათავისუფლებულ მუსლიმთა და ჩაგრული ხალხების სულიერი ლიდერია.“ მან გაიხსენა, რომ სუნიტი მეცნიერებიც აღიარებენ ხამენეის ლიდერობას, ხოლო მის გზაზე მოწამეობრივად დაიღუპნენ სეიდ ჰასან ნასრალლა და სეიდ საფიედინი, რომლებიც ჰამასის ლიდერებთან ერთად იდგნენ.
ქადაგების დროს ჰაჯიევმა აშშ მოიხსენია “ტერორის ორგანიზატორად და მხარდამჭერ სახელმწიფოდ,“ რომელიც, მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში მილიონობით ადამიანის მკვლელობაზეა პასუხისმგებელი. მან ასევე დაგმო ისრაელის მიერ ხამენეის წინააღმდეგ მიმართულ მუქარები და ტერაქტის მოწოდებები, რომლებიც, მისი განმარტებით, საერთაშორისო დანაშაულებს წარმოადგენენ.
ჰაჯიევმა ასევე ახსენა დეკემბრის ბოლოს დაწყებულ საპროტესტო ტალღა ირანში და ბრალი დასდო დემონსტრანტებს “დავალებით არეულობის შექმნაში.“ მან გაიმეორა ხამენეის მუქარა, რომ “თუ მტერი კიდევ ერთხელ ჩაიდენს სიგიჟეს, რეგიონში დამამცირებლად დამარცხდება.“
ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა კვლავ მაღალ დონეზეა იმ ფონზე, როცა ირანის რეჟიმის მხრიდან 28 დეკემბერს დაწყებული ანტისამთავრობო დემონსტრაციების სასტიკი დარბევის შემდეგ აშშ-მ რეგიონში დამატებითი სამხედრო ძალები გაგზავნა.
დეკემბრის მიწურულს ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის ასობით სხვა ქალაქში საპროტესტო აქციები მზარდ ინფლაციასა და ეროვნული ვალუტის კოლაფსს მოჰყვა, თუმცა, მალევე პროტესტი რეჟიმის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში გადაიზარდა, ხოლო რეჟიმმა აქციების განსაკუთრებული სისასტიკით ჩახშობა დაიწყო.
ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს ბოლო მონაცემებით, ამ დრომდე აქციებზე დაღუპულთა რაოდენობა 7 008-ს აღწევს, მათგან 219 ბავშვია, ხოლო რეჟიმის მიერ დაკავებულთა რიცხვი 53 300-ს აღემატება.