მთავრობამ ენერგეტიკის სექტორში 157 კომპანიას მილიარდი ლარის ჯარიმები ჩამოაწერა
გაზიარება
გაზიარება
მილიარდი ლარის ჯარიმები
“ქართული ოცნების” მთავრობის გადაწყვეტილებით, ენერგეტიკის სექტორში 157 კომპანიას ჯამში დაახლოებით 1 მილიარდი ლარის ოდენობის ჯარიმები ჩამოეწერა.
ხელისუფლების ინფორმაციით, “პირობითი ჩამოწერის“ ფარგლებში, კომპანიებს, რომლებიც დაჯარიმდნენ ქსელების გაუმართაობის, ელექტროენერგიის პერიოდული შეწყვეტის, ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი დავალიანებებისა და შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, ჯარიმები ეხსნებათ იმ პირობით, რომ მომავალში დადგენილ ვადებს აღარ დაარღვევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩამოწერილი ჯარიმები მათ კვლავ აღუდგებათ.
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღეს და პროცესი უკვე დასრულებულია. მისივე განმარტებით, კომპანიების ნაწილმა შეთავაზებაზე უარი თქვა, რის შედეგადაც 535 მეგავატის სიმძლავრის პროექტები შეწყდება, ხოლო 1500 მეგავატის პროექტების განხორციელება გაგრძელდება.
მთავრობის განმარტებით, ჩამოწერილი ჯარიმები ენერგეტიკის სფეროში მომუშავე კომპანიებს რესურსების აღდგენის შესაძლებლობას მისცემს.
30 მარტს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი იზრდება: მომხმარებლებისთვის დენის ფასი 5 თეთრით მოიმატებს, ხოლო კომერციული სექტორისთვის ზრდა საშუალოდ 4-6 თეთრის ფარგლებში განისაზღვრა. ჯამში, ქვეყანაში ტარიფი 33%-ით გაიზარდა.
გაზრდილი ტარიფით მოხმარებული ელექტროენერგიის ათვლა 1-ლი აპრილიდან დაიწყება. ცვლილება შეეხება როგორც თბილისს, ისე ქვეყნის რეგიონებს. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) განცხადებით, ტარიფის ზრდის მთავარი მიზეზები ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულება და შესასყიდი ფასის მატებაა.
სემეკის განმარტებით, ფასის ზრდაზე გავლენა იქონია არა მხოლოდ იმპორტდამოკიდებულებამ, არამედ ელექტროენერგიის შესყიდვის გაძვირებამაც. ამასთან, კომისია მიუთითებს, რომ ტარიფზე მოქმედებს ინვესტიციების მოცულობაც, რომელიც ახალ სატარიფო პერიოდში არის გათვალისწინებული.
მარეგულირებლის ინფორმაციით, აღნიშნული ინვესტიციები მიზნად ისახავს ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ეტაპობრივ მოწესრიგებას და ავარიული გათიშვების შემცირებას. კომისიის შეფასებით, შედეგად მომხმარებლებს გაუმჯობესებული ელექტრომომარაგება ექნებათ და შემცირდება ხშირი წყვეტები.