მფარველი კატები
ბაქოს ცენტრში მდებარე “შანსონი” ნამდვილი ტავერნაა – ხის მაგიდებით, ერთგული მუდმივი მიმსვლელებით, საღამოს ჩხუბებით და მაგიდებს შორის გადაძახილებით. აქ ერთგვარი ელიტა იკრიბება, თუმცა, ეს საზოგადოება არაფრით ჰგავს მდიდრულ კლუბებში შეკრებილ ბომონდს. აქ ინტელექტუალური და თან, უბრალო საზოგადოება იკრიბება – ჟურნალისტები, სამინისტროების თანამშრომლები, მოჭადრაკეები, ლიტერატორები, მელომანები, ფილოსოფოსები და უბრალოდ მეათე თაობის “ნამდვილი ბაქოელები”.
ისე მოხდა, რომ “შანსონს” ყოველთვის ჰყავდა თავისი კატა-თილისმა. დიდი ხნის განმავლობაში აქ თილისმობას სწევდა ლეგენდარული შავი კატა, ანფისა, რომელიც წარმოუდგენელი ნაყოფიერებით გამოირჩეოდა.
ანფისა “მუშაობის პროცესში”. საარქივო ფოტო.
ეს კი მისი პატიოსანი შრომის შედეგია
დღეს “შანსონის” კატა ძალიან ბებერი და ძალიან თეთრია… უბრალოდ კატაა, სახელი არ აქვს.
დაწესებულების ხშირი სტუმრები ამბობენ, რომ ამ კატას მძიმე ცხოვრება ჰქონდა. თავიდან ცხოვრობდა უცხოელებთან, რომლებიც ბაქოში მუშაობდნენ. ფუფუნებაში ამყოფებდნენ და არაფერს აკლებდნენ. თუმცა, პატრონებს კონტრაქტის ვადა ამოეწურათ, წავიდნენ და კატა დატოვეს. და ისიც “შანსონში” მოვიდა. როგორც ჩანს, ალღოთი მიხვდა, რომ სამუშაო ადგილი დახვდებოდა. მისი სახელი არ იციან; ასეთი დარბაისელი ბერიკაცისთვის კი სხვა სახელის დარქმევა უპატივცემულობა იქნებოდა.
კატა ყოველთვის თავს იკავებს ზედმეტ მოძრაობებისგან. ან კართან, შემაღლებულ ადგილას ზის, ან სადმე სკამზე, ერთი შეხედვით მოუხერხებელ მდგომარეობაში სძინავს.
მომსახურე პერსონალის თქმით, “კატა ყველას არ ესალმება”, ყველანაირ საჭმელს არ ჭამს და ცხოვრების მიწურულს ერთგვარი ფილოსოფიური სევდით ხვდება. მის სახეზე ზიზღი და შეშფოთებაა აღბეჭდილი. კატა თვალებს ხუჭავს.
P.S. გაირკვა, რომ ზოგიერთი კლიენტი ამ კატას “კოქსს” ეძახის. როგორც ჩანს, მისი წარსულის შესახებ ყველაფერი არ ვიცით.
MariVanna – ბაქოს საზკვების ბოლო სენსაციაა. რუსული რესტორნების ქსელის ამ ფილიალმა ადგილობრივ ბაზარზე “ატმოსფეროიანი” დაწესებულებების ცარიელი ნიშა დაიკავა. ბაქოს ელიტა (სწორედ იმ ბომონდს ვგულისხმობთ, რომელიც “ხელოვანი” ადამიანებისგან და მათთან აფილირებული სხვა პირებისგან შედგება) ამ დაწესებულებით აღფრთოვანებულია. აქაური მყუდროება (ოფიციანტების ბანტებით დაწყებული, და ტუალეტის ჭერქვეშ დაკიდებული მაქმანებიანი ფარდით დასრულებული) კარგად გააზრებული დეტალების დამსახურებაა, რომლებიც “სხვენში ნაპოვნს” არ ჰგავს, და არტდირექტორის ჰონორარი ღვეზელებისა და ტოლმის ფასებზეც აისახება. თუმცა, ასეთ სასიამოვნო გარემოში ვახშმობისთვის ჯიბეზე ხელის გაკვრა ნამდვილად ღირს.
თანაც, ვის არ უნდა ვალერონის გაცნობა? ის ხომ “ოჯახური” რესტორნის შემოქმედებითი კონცეფციის ნაწილია, რომელიც აქ, დაახლოებით შვიდი თვის წინ, რესტორნის გახსნისთანავე გაჩნდა.
მაშინ ჯერ კიდევ პატარა კნუტი იყო. რესტორნის “ფეისბუკის” გვერდზე ვალერონის ფოტოს ვერ იპოვით, თუმცა, მას გამუდმებით ახსენებენ. ამას უბრალო ახსნა აქვს – ვალერონს “ფეისბუკში” საკუთარი “პროფაილი” აქვს.
როდესაც ვიკითხეთ, მიგვიღებდა თუ არა ვალერონი, გვიპასუხეს,- პროცედურებზეაო. თავაზიანმა ოფიციანტმა მობოდიშებით დაამატა, რომ “ის უბრალოდ მენეჯერმა წაიყვანა.”
თუმცა, ფოტოსესიისთვის რამდენიმე წუთით მაინც გამოაბრძანეს. ფოტოების გადაღების უფლება მოგვცა, მაგრამ აშკარად უკმაყოფილო იყო, რომ მნიშვნელოვან საქმეებს მოსწყვიტეს.
დაბოლოს, ბუნებრივად ჩნდება დასკვნა: კატებს, სოციალური სტატუსის მიუხედავად, ყველა ადამიანი ეზიზღებათ.