სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჩაატაროს გამოძიება სანქცირებულ მოსამართლეებზე
მეთიუ მილერი მოსამართლეებზე
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, სანქცირებული მოსამართლეების წინააღმდეგ გამოძიება ჩაატარონ. ამის შესახებ მან “ამერიკის ხმასთან” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
“მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები ამ პირების მიმართ გამოძიების ჩატარებით, კორუმპირებული აქტორების ანგარიშვალდებულების ხელშესაწყობად და იმუშაოს სასამართლო სექტორის ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად”, – ამბობს მილერი.
გამოცემასთან საუბრისას მილერმა ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემის ეფექტიანი რეფორმა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წარდგენილ 9 რეკომენდაციას შორის არის, რომელიც შესრულებას კვლავ საჭიროებს.
მეთიუ მილერის განმარტებით, აშშ-ს მხრიდან მიღებული ზომები “ხელს უწყობს ანგარიშვალდებულების დაკისრებას მავნე აქტორებზე“, რომლებიც კანონის უზენაესობას ძირს უთხრიან და საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში ქართული საზოგადოების რწმენას ლახავენ.
“ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს ევროკავშირის რეკომენდაცია, რომ მთავრობამ უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა და განახორციელოს ვენეციის კომისიის მიერ ამ უწყებებთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციები. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მთავრობის მოწოდებას, უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების დაცვა, რადგან ისინი კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან”. – თქვა მილერმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე 7031-ე მუხლის (C) ქვეპუნქტით დაექვემდებარნენ სავიზო შეზღუდვებს, “მნიშვნელოვან კორუფციაში მათი მონაწილეობის” გამო.
“ამ პუნქტის შესაბამისად სამომავლოდ დამატებით შეზღუდვებს წინასწარ არ განვიხილავთ, მაგრამ გლობალური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ყველა საშუალებით გავაგრძელებთ.
დეპარტამენტი გააგრძელებს ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებას, მათ შორის, სავიზო შეზღუდვებისაც, კორუმპირებულ აქტორებზე ანგარიშვალდებულების დაკისრების ხელშესაწყობად, გლობალური მასშტაბით” – დასძინა მილერმა.
8 აპრილს “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტიის საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს, აშშ-ს საელჩოს მოსამართლეებისთვის დაწესებული სანქციების მოხსნის მოთხოვნით მიმართოს.
“საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გვინდა, მივმართოთ ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის ამერიკის შეერთებული შტატების ადგილობრივ წარმომადგენლობას, საელჩოს, ქალბატონ ელჩს და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მისი ელჩობის პერიოდში ეს საკითხი ობიექტურად გადაწყდება, რომ დაიწყოს საუბარი და სანქციები, რომელიც შტატების მხრიდან დაუწესდათ ქართველ მოსამართლეებს, მოეხსნათ”. – თქვა მდინარაძემ.
● არასამთავრობოების განცხადებით, ხელისუფლება კლანის წევრების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე უარით ევროინტეგრაციას აფერხებს
● სახდეპი რუსულ კანონზე: საქართველოს ევროპული გზიდან გადაიყვანს, შეზღუდავს დამოუკიდებელ მედიას
2023 წლის 5 აპრილს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა “მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო” მოსამართლეებს მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, სანქციები დაუწესა და შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ მათ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესმა წევრებმა, ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.
ეს ის მოსამართლეები არიან, რომლებსაც ხელისუფლების ოპონენტები „ქართული ოცნების“ მითითებების აღმსრულებელი სასამართლო კლანის შემქმნელებს უწოდებენ.
“ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-მა სანქციების მექანიზმი გამოიყენა და შემთხვევითი არ არის, რომ პირველი სანქციები სასამართლო სისტემას შეეხო.” – ამბობენ ექსპერტები.