ნავთობკომპანიის დირექტორი კონგრესში საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაბლოკვას ლობირებს - The Hill
MEGOBARI აქტის დაბლოკვა
აშშ-ის კონგრესში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მიმართული ორპარტიული ინიციატივის დაბლოკვას გავლენიანი რესპუბლიკელი დონორი და ტეხასში დაფუძნებული ნავთობკომპანიის ხელმძღვანელი ლობირებს – ამის შესახებ აღნიშნულია სტატიაში, რომელსაც The Hill-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, კომპანია “ფრონტერას” თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი სტივ ნიკანდროსი კონგრესმენებს მოუწოდებს, წინააღმდეგობა გაუწიონ MEGOBARI აქტს, რომელიც პრორუსული და ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო ქართველი ოფიციალური პირების დასანქცირებას ითვალისწინებს.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI Act 6 მაისს მიიღო. აქტი ამერიკის პრეზიდენტს რეჟიმის წევრების, მათი ხელშემწყობებისა და ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ავალდებულებს.
დოკუმენტში წერია, რომ MEGOBARI აქტი აშშ-ის პრეზიდენტს ავალდებულებს, სანქციები დაუწესოს იმ უცხო პირებს, მათ შორის ქართველ ოფიციალურ პირებს, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნიან. სანქციები ვიზების შეზღუდვასა და ქონების გაყინვას მოიცავს და შეეხება.
6 სექტემბერს გამოცემა The Hill-მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ გასული თვის ბოლოს, სენატორმა მარკუეინ მალინმა მოახერხა და სენატის უმრავლესობის ლიდერი, ჯონ თუნი დაარწმუნა, რომ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) პაკეტიდან “MEGOBARI აქტი“ ამოეღო. ასევე, მალინმა კანონპროექტის მიღების დაჩქარებული წესით მიღების მოთხოვნა წლის დასაწყისშიც დაბლოკა.
გამოცემის ცნობით, ნიკანდროსმა ამ თვეში წერილი გაუგზავნა წარმომადგენელთა პალატის სულ მცირე ერთ რესპუბლიკელ წევრს და კანონპროექტის შეჩერება სთხოვა. გამოცემა წყაროს კონფიდენციალურობის გამო კონგრესმენის ვინაობას არ ასახელებს. ნიკანდროსი ამტკიცებს, რომ საქართველოში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული და ახალი, 100 მილიონი დოლარის საინვესტიციო პროგრამის დაწყებას გეგმავს მომდევნო ორი წლის განმავლობაში.
წერილში ის აცხადებს, რომ MEGOBARI აქტი და თბილისზე სანქციების დაწესების სხვა მცდელობები ზიანს მიაყენებს საქართველოში მოქმედ ამერიკულ ბიზნესებს და შეაფერხებს ეკონომიკურ თანამშრომლობას. მისი თქმით, აშშ-ის კომპანიები შეიძლება პოლიტიკური დაპირისპირების “გვერდითი მსხვერპლი“ გახდნენ.
The Hill-ი წერს, რომ კანონპროექტს ფართო მხარდაჭერა აქვს როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში. პალატამ ის მარტში ორპარტიული უპირატესობით დაამტკიცა, თუმცა სენატში ინიციატივის წინსვლა რესპუბლიკელმა სენატორმა მარკვეინ მალინმა დაბლოკა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ნიკანდროსს მალინის საარჩევნო კამპანიისთვის შემოწირულობები აქვს გაკეთებული, თუმცა თავად მალინმა ადრე განაცხადა, რომ მისი წინააღმდეგობა ნიკანდროსთან კავშირში არ იყო.
კანონპროექტის გარშემო დაპირისპირება გასულ წელს კიდევ უფრო გამწვავდა, როცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა სცადა MEGOBARI აქტის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ჩართვა, მაგრამ სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჯონ თუნმა ეს მცდელობა დაბლოკა.
ნიკანდროსმა კონგრესმენებს 19 იანვარს გაგზავნილ წერილში პირდაპირ სთხოვა, წინააღმდეგობა გაეწიათ როგორც MEGOBARI აქტისთვის, ისე მის მოდელზე შექმნილი ნებისმიერი სხვა ინიციატივისთვის.
“თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში ჩემმა კომპანიამ დიდი ინვესტიციები ჩადო საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში“, — წერს ბიზნესმენი წერილში, რომელსაც The Hill ციტირებს.
ენერგოკომპანიის ხელმძღვანელი პასუხისმგებლობას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს აკისრებს და ამტკიცებს, რომ მისმა ადმინისტრაციამ თბილისთან ურთიერთობები იდეოლოგიური დაპირისპირების გამო დააზიანა. ნიკანდროსის შეფასებით, ბაიდენის ადმინისტრაციის “ლიბერალურ-პროგრესულმა“ საგარეო პოლიტიკამ მნიშვნელოვნად შეარყია აშშ-სა და საქართველოს ხანგრძლივი პარტნიორობა.
წერილს თან ერთვის ექვსგვერდიანი “ანალიზი“, სადაც ნიკანდროსი უარყოფს საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებებს, თითქოს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იყო. ის ასევე იცავს “ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ “უცხოური აგენტების“ კანონს და ამტკიცებს, რომ საქართველოს მმართველი პარტია ტრამპის ადმინისტრაციის იდეოლოგიური მოკავშირეა და მხარდაჭერას იმსახურებს.
სტატია ასევე ციტირებს რესპუბლიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს, რომლის თქმითაც, MEGOBARI აქტი აუცილებელია სამხრეთ კავკასიაში ტრამპის გეოპოლიტიკური ინიციატივების გასაძლიერებლად, მათ შორის “ტრამპის მარშრუტისთვის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს აკავშირებს.
უილსონი აღნიშნავს, რომ ამ მარშრუტის წარმატება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, თუ თბილისი საკუთარ კურსს არ შეცვლის.
“სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიული მშვიდობა და ‘ტრამპის მარშრუტის’ წარმატება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ‘ქართული ოცნების’ მთავრობა თავის ანტიამერიკულ ქცევას შეცვლის.“ — აცხადებს კონგრესმენი.