26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს უპრეცედენტოდ ბევრი ადამიანი აკვირდებოდა, ისინი, ვინც ამ დრომდე ასეთ პროცესებში არ მონაწილეობდნენ: მწერლები, მხატვრები, რეჟისორები, ექიმები, სამოქალაქო აქტივისტები, ახალგაზრდები. საარჩევნო უბნებზე მათ ეჩხუბებოდნენ, ხელს უშლიდნენ, აძევებდნენ, როგორც კი დარღვევებს შეამჩნევდნენ.
ამ ვიდეოებში ადამიანები, რომლებიც ამ არჩევნებს აკვირდებოდნენ სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციური სადამკვირვებლო მისიიდან – „ჩემი ხმა”, ჰყვებიან პირად ისტორიებს, რა ნახეს უბნებზე, რა ხდებოდა მათ თავს.
26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ქვეყნის ბედისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ არჩევნების შემდეგ ქვეყანა სრულიად განსხვავებულ რეალობაში აღმოჩნდა. ცესკოს მონაცემებით, მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” ხმების 54 პროცენტი მიიღო. ეს 12 პროცენტით მეტია ეგზიტპოლის შედეგებზე.
ამ მონაცემების არ სჯერათ არც ადგილობრივ და არც საერთაშორისო დამკვირვებლებს. მათ მიერ აღმოჩენილებმა ათასობით დარღვევამ და გაყალბების სისტემურმა სქემამ არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. არჩევნებიდან უკვე სამი კვირა გავიდა და ამ დრომდე მისი შედეგები საერთაშორისო თანამეგობრობას არ უღიარებია. ერთადერთი ევროპელი ლიდერი, რომელმაც საპარლამენტო არჩევნები აღიარა, ვიქტორ ორბანია.
“წარმოიდგინეთ, რომ მოხვდე ბანდიტებში და შენ არ იცოდე, რომ ხარ კრიმინალურ პროცესში. პირდაპირ ვიტყვი, კრიმინალებში. იმიტომ, რომ ეს არის დანაშაული და შენ უნდა გეგონოს, რომ არჩევნებში იღებ მონაწილეობას. თურმე არა! უბრალოდ, მათ არ სჭირდებოდათ დანაშაულში მოწმე”, – ჰყვება მწერალი ლაშა ბუღაძე, რომელიც მობილურ ჯგუფში იყო და არჩევნებს რამდენიმე უბანზე დააკვირდა. ყველაზე მეტი დრო კი თბილისში, 34-ე უბანზე დაყო.
“ყველაზე რთული იყო მეორე დღით გაღვიძება, იმიტომ, რომ აღმოვჩნდი სპექტაკლში, დადგმაში, რომელიც დეტალურად იყო გაწერილი. ეგეთი განცდა მქონდა, რომ ალბათ ეგ არის ჯოჯოხეთი, სადაც ყველაფერი მოწესრიგებულია. შემთხვევით რომ აღმოჩნდები და აქეთ-იქით იყურები, ვინ საიდან რას გატყუებს“, – ამბობს კიდევ ერთი დამკვირვებელი ნიკოლოზ ლუტიძე. ის არჩევნებს თბილისში, “პლეხანოვზე”, მე-12 უბანზე დააკვირდა.