„მათ უნდა იცოდნენ, რომ მტერი გვყავს“ - ბავშვები და ყარაბაღის კონფლიქტი
ბავშვები სომხეთსა და აზერბაიჯანში და ყარაბაღის კონფლიქტი
აზერბაიჯანისა და სომხეთის საზოგადოებები, რომლებიც ყარაბაღის კონფლიქტით არიან გაყოფილი, ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაშორდნენ 2020 წლის საბრძოლო მოქმედებების შემდეგ.
ორივე ქვეყანაში ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ „ბავშვებმა უნდა იცოდნენ თავიანთი ისტორია და თავიანთი მტრები“, რათა არ გაიმეორონ წინა თაობების შეცდომები.
ამავე დროს, აზერბაიჯანსა და სომხეთში ბევრი ადამიანი დარწმუნებულია იმაში, რომ სწორედ მეზობელ ქვეყანაში და არა მათთან ასწავლიან ბავშვებს მეზობელი ხალხის ზიზღს.
რას ასწავლიან ბავშვებს ოჯახებში, რას უყვებიან მათ ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ? ამის შესახებ ჩვენ ახალგაზრდა მშობლებს დავუსვით კითხვები სომხეთსა და აზერბაიჯანში.
ტამერლანი, ბაქო, ერთი შვილი, 4 წლის
„სავარაუდოდ, მე მისთვის არაფრის ახსნა არ მომიწევს. სკოლაში ყველაფერს მოუყვებიან.
და თუკი მას კითხვები დარჩება – მაშინ იმ ყველაფერს ავუხსნი, რაც გაუგებარი იქნება. თანაც, არ შემიძლია ვთქვა, რომ მთლიანად ვენდობი სკოლას – შესაძლებელი რომ იყოს, თავადაც დავჯდებოდი გაკვეთილზე. კიდევ ჩნდება კითხვა – როგორ გაიგებს ბავშვი ამ ყველაფერს?
მოახერხებს გაცნობიერებას? ვფიქრობ, რომ ყველაფერი საფუძვლებით დაიწყება – რომ ომი – ცუდია, მაგრამ ეს გარდაუვალი იყო.
მაგრამ როდესაც ის გაიზრდება, დეტალებზე გადავალ – მიზეზებსა და იმაზე, თუ რა შედეგები მოიტანა ამ კონფლიქტმა.
პირველი და მეორე ომი რადიკალურად განსხვავდებოდა „განწყობებით“. პირველი ომი იყო რეაქცია აგრესიასა და საშინელებებზე, რომელსაც სომხები ატრიალებდნენ. ამ ყველაფერს ავუხსნი შვილს. არ დავიწყებ ამის შერბილებას და თქმას, რომ „ეს დიდი ხნის წინ იყო“ და „ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ“.
პირველი ომის ახსნა ძალიან მარტივია – ადამიანებმა, რომლებსაც არასწორად მიაწოდეს ინფორმაცია ან უბრალოდ აგრესიულ ნაციონალიზმში ზრდიდნენ, დაინახეს რა, რომ დიდი იმპერია (საბჭოთა კავშირი) დაინგრა და უპირატესობა ჰქონდათ იატაკქვეშა ორგანიზაციების სახით, გადაწყვიტეს ხელში ჩაეგდოთ მიწები, რომელიც, მათი აზრით, ისტორიულად მათ ეკუთვნოდათ.
მეორე ომი კი – ეს არის რევანში, რომელიც ადამიანებმა დაიმსახურეს 30-წლიანი დამცირებით. ჩემს შვილს ვეტყვი, რომ როდესაც ჩვენები ქვეყნიდან გადიოდნენ, ისეთ ფრაზებს ისმენდნენ, როგორიც არის – „თქვენ სომხების დამარცხებაც ვერ მოახერხეთ“. მთელი ეს ენერგია ომში უნდა ამოფრქვეულიყო – აი, ასე ავუხსნი ბავშვს.
აუცილებლად მოვუყვები, როგორ ბომბავდნენ სომხები მშვიდობიან ქალაქებს, როგორ კარგავდნენ ოჯახები მარჩენლებს. საერთოდ, მოვუყვები სომხური ნაციზმის შესახებ, 21-ე საუკუნისთვის ამ არაადეკვატურ სომხური ნაციონალიზმის იდეაზე.
მაგრამ სომხებისგან მტრის შექმნას არ დავიწყებ. უბრალოდ ვეტყვი, რომ ისინი დამოკიდებულები არიან ისეთ დამღუპველ იდეაზე, რომელმაც ისინი ჩიხში შეიყვანა და მის მძევლებად იქცნენ.
და როდესაც მათთან დემოკრატია განვითარდება, მოსახლეობის ნაწილი გამოფხიზლდება“.
ერმინე, ერევანი, ორი შვილი, 9 და 6 წლის
„როდესაც ჩემი დის ოჯახი არცახში (ყარაბაღში) გადავიდა საცხოვრებლად, მისი შვილები იქ, საბავშვო ბაღში, სამხედრო თემატიკაზე მომზადებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. ფაქტობრივად ყველა მონაწილე სამხედრო ფორმაში იყო. ამან მთელი რიგი შეკითხვები გააჩინა და გადავწყვიტეთ ამის შესახებ ჩვენს ბიჭებს დავლაპარაკებოდით.
ვუთხარით მათ, რომ იყო გენოციდი, რომ თურქები (ის თურქებსა და აზერბაიჯანელებს ერთ ერად მიიჩნევს – რედაქტორი) ჩვენი ძალიან ახლობლები არიან, მაგრამ არ ვუყვარვართ.
ჩემმა ბიჭებმა მკითხეს: უნდა მოვკლათ, თუკი ქუჩაში თურქს ან აზერბაიჯანელს შევხვდებით? რა თქმა უნდა, ჩვენ ვუთხარით – „არა“, მაგრამ ყურადღებით უნდა იყოთ.
ჩვენი მიზანი მტრობის დათესვა არ ყოფილა, უბრალოდ გვინდოდა, რომ ჩვენს ბიჭებს სცოდნოდათ, როგორ გეოპოლიტიკურ გარემოცვაში ვცხოვრობთ.
ომის დაწყების დღეს ოჯახთან ერთად სასეირნოდ ვაპირებდი გასვლას. ბავშვებს ძალიან შეეშინდათ. ავუხსენით, რომ ომი დაიწყო, რომ მამაკაცები მზად და მოლოდინის რეჟიმში უნდა იყვნენ. ბავშვები სხვადასხვა კითხვას სვამდნენ, ამბობდნენ: თქვენ გვეუბნებოდით, რომ ისინი არ უნდა მოგვეკლა, ახლა მათ რატომ უნდათ ჩვენი მოკვლა?
ვცდილობდით, თავი აგვერიდებინა პასუხის გაცემისგან, მაგრამ როდესაც ჩემი ქმარი არმიაში გაიწვიეს, ემოციური მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდა. მაგრამ ვაჟიშვილები დამეხმარნენ, ისინი მუდმივად მახსენებდნენ საკუთარ სიტყვებს, რომ ცრემლები პრობლემების გადაწყვეტაში არ გვეხმარება.
თუკი ომამდე ეჭვი მეპარებოდა, სწორად ვიქცეოდით თუ არა, როდესაც მათ ჩვენი მტრების შესახებ ვუყვებოდით, ომის შემდეგ ჩემი ეჭვები გაქარწყლდა. დავრწმუნდი, რომ ჩვენი მარცხის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სამხედრო-პატრიოტული აღზრდის ხარვეზები იყო.
დაე, ეს იყოს კიდევ უფრო დიდი სიყვარული სამშობლოს მიმართ, იმის გაცნობიერებით, რომ სახიფათო ადგილას ცხოვრობ. მჯერა, ჩემმა შვილებმა უნდა იცოდნენ, რაზეა წამსვლელი ეს ნაცია, ყოველ შემთხვევაში, მათი პირადი უსაფრთხოებისთვის, რათა ყურადღებით იყვნენ სხვა ქვეყნებში. მათ არ უნდა იფიქრონ, რომ არაფერი, მეზობლის ბიჭი წავა საომრად, ჩვენ კი სახლში ვიქნებით. მე ვემხრობი იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში სამხედრო აღზრდა კიდევ უფრო გაღრმავდეს“.
პატრიოტული აღზრდის საკითხზე კომენტარს აკეთებს ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი:
„როდესაც კონფლიქტი გადაუჭრელია, მხარეები არ მისულან ორივე მხარისთვის მისაღებ შეთანხმებამდე, როდესაც ესა თუ ის მხარე (ან ორივე მხარე) არ ურიგდება მის შედეგებს – კონფლიქტის თაობიდან თაობაზე გადაცემის რისკი ჩნდება.
კერძოდ, ასეთ შემთხვევაში მშობლების თაობა, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, გადაუჭრელი კონფლიქტის ტვირთს მომავალ თაობას, თავის შვილებს გადასცემს.
ფსიქოლოგიაში ასეთ შემთხვევაში გამოიყენება სიტყვა „დეპოზიტირება“ – ანუ მშობელი „დეპოზიტს აკეთებს“ – ის მომდევნო თაობას თავისი გადაუჭრელი პრობლემებისა და კონფლიქტთან დაკავშირებული ძლიერი ნეგატიური ემოციების „რეზერვუარად“ აქცევს.
ტრავმების თაობიდან თაობაზე გადაცემის ერთ-ერთი გზა – ეს არის ნარატივები კონფლიქტსა და გადატანილ ტრავმულ გამოცდილებაზე.
ეს ნარატივები გადაეცემა სახელმძღვანელოებით, მემორიალებით, მუზეუმებით, მედიით, მშობლების მონათხრობით, მასწავლებლებისა და ა.შ. ამრიგად, ახალგაზრდა თაობა „რეზერვუარი“ ხდება და თავისი მშობლების თაობის ემოციების დეპოზიტირებას განიცდის (შიში, დამცირება, რისხვა).
ასევე, ისინი იღებენ მშობლის აშკარა ან შეფარულ ბრძანებას – იბრძოლონ, „გამოასწორონ წარსული“.
კონფლიქტის ციკლი არ მთავრდება. ის ახალი თაობისთვის „ღია ჭრილობა“ და ტვირთი ხდება, რაც მათ პოლიტიკური მანიპულაციებისადმი მოწყვლადად აქცევს“.
აშოტი, ერევანი, ძიუდოს მწვრთნელი, 6 წლის ქალიშვილი და 2 წლის ვაჟიშვილი ჰყავს
„არ ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანელი შეიძლება ჩვენი მეგობარი იყოს. და ჩემს შვილებს ასეთი გაგებით არ გავზრდი, ვინაიდან თურქი (მხედველობაში ჰყავს აზერბაიჯანელები – რედ.) არასოდეს იტყვის უარს სომხების განადგურების იდეაზე.
სიტყვა „მშვიდობას“ მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, მათთან ერთად შეუძლებელია მშვიდად ცხოვრება. თუკი გვინდა ვიცხოვროთ მშვიდობით და სიმშვიდით, მზად უნდა ვიყოთ ომისთვის.
თუკი მზად ხართ გარკვეული გამოწვევისთვის, როდესაც ის ხდება, თქვენ მას ნაკლებად მტკივნეულად იღებთ და ნაკლებ სტრესს განიცდით.
ჩვენ ბოლო ომისთვის მზად არ ვიყავით. და ამიტომ მინდა, რომ ჩვენი შვილები მზად იყვნენ და იცოდნენ, რა და რატომ ხდება, როდესაც მათი რიგი დადგება.
არ ვგულისხმობ იმას, რომ ახალი ომისთვის უნდა მოვამზადოთ, მაგრამ ყოველთვის უნდა ველოდოთ შესაძლო ომს და მზად ვიყოთ მისთვის. და როდესაც ჩემი შვილი არმიაში წავა, მან უნდა იცოდეს, სად მიდის.
ჩემს ცოლთან ერთად ჯერ არ დავლაპარაკებივარ ბავშვებს მტერზე, ომზე, იმიტომ რომ ისინი ჯერ ისევ პატარები არიან.
მაგრამ როდესაც ცოტათი წამოიზრდებიან, აუცილებლად მოვუყვებით, რა მოხდა, რათა პატრიოტებად გაიზარდონ და სიმართლის დაცვა შეძლონ, როგორც სომხეთში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ“.
აიანი, ბაქო, ორი ქალიშვილი, 10 და 4 წლის
„როდესაც ჩემი უფროსი ქალიშვილი პირველ კლასში წავიდა, მას მასწავლებელი მოუყვა, რა არის ყარაბაღის კონფლიქტი და ქალიშვილმა სკოლის შემდეგ მკითხა, „დედა, იცი, რომ ყარაბაღის ომი გვქონდა?“.
მოვუყევი მას იმ დეტალების გარეშე, თუ როგორ კლავდნენ და დასცინოდნენ მსხვერპლს. მაგრამ მეორე დღეს მასწავლებელი დეტალურად მოუყვა და ფოტოც კი აჩვენა. ჩემს შვილს შეეშინდა, ხანდახან ღამით ეღვიძებოდა და ამბობდა: „დედა, სომხები ჩვენს სახლში ხომ არ შემოვლენ? ხომ არ მოგვკლავენ? ბომბებს ხომ არ გვესვრიან?“.
მიმაჩნია, რომ მართალია მისთვის ადრე იყო ამის ცოდნა, ომის შესახებ სკოლაში მაინც უნდა მოუყვნენ. მაგრამ ბავშვისთვის ცხედრების ჩვენება – ზედმეტია. და თუკი ვუყვებით, არა პირველ კლასში, არამედ მესამე-მეოთხეში. საერთო ჯგუფში მშობლები უკმაყოფილოები იყვნენ, მაგრამ მასწავლებელმა თქვა, რომ ეს ყველაფერი პროგრამით იყო გათვალისწინებული. ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს საკუთარი ისტორია.
ქალიშვილი ხშირად ამბობს, რომ სხვადასხვა ეროვნების ადამიანებმა უნდა იმეგობრონ. მაგრამ, ამასთან ერთად, ერთხელ განაცხადა: „ნაკლებად სავარაუდოა, რომ სომხებთან ვიმეგობრო. ახლა მათ ვერ ვიტან“.
მას ყოველთვის ვეუბნები – ნუ გეშინია. ჩვენ უკვე აღარაფერი მოგვივა. ძლიერი სახელმწიფო გვაქვს და თანაც თურქეთი გვეხმარება.
მეორე ომის შესახებ მან ტელევიზორიდან შეიტყო და განვუმარტე, რომ ჩვენი მიწების დასაბრუნებლად წავედით. გამარჯვებას ის ბედნიერი შეძახილებით შეეგება“.
ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი კომენტარს აკეთებს სომხეთსა და აზერბაიჯანში მშობლების მეთოდების მსგავსებაზე:
„როდესაც ადამიანები „მტერს“ აკრიტიკებენ ბავშვების „პატრიოტული აღზრდის“ გამო, მაგრამ თვითონ იმავეს აკეთებენ – ეს ფსიქოლოგიური თავდაცვის ბუნებრივი მექანიზმია, რომელსაც „პროექცია“ ეწოდება.
ესკალაციის ყოველ ეტაპზე მხარეები განდევნიან იმას, რაც არ მოსწონთ საკუთარ მხარეს და ამ მიუღებლის, „ცუდი მეს“ პროექციას – საპირისპირო მხარეს ახდენენ.
ფსიქოლოგიაში პროექციის მექანიზმი განიმარტება შემდეგი მეტაფორის მიხედვით – „სუბიექტი იმყოფება ოთახში, სადაც ფანჯრის ნაცვლად სარკეა; ის ფიქრობს, რომ ფანჯარაში იყურება (საპირისპირო მხარეს), მაგრამ სინამდვილეში სარკეში იყურება და საკუთარ თავს ხედავს“.
მხარეთა მოქმედებების ალგორითმები სულ უფრო და უფრო მეტად ემსგავსება ერთმანეთს, ისევე როგორც ერთმანეთის აღქმის შინაარსი.
სწორედ აქედან მოდის მხარეებს შორის მსგავსებაც, როგორც მოქმედებებში, ისე „მტრის“ აღქმაში“.
სამირა, ბაქო, 6 წლის ქალიშვილი
„მეორე ომის დროს, მართალია ჩემს ქალიშვილს ბოლომდე არ ესმოდა, რა ხდებოდა, მაგრამ მაინც იჩენდა თავს მთელი ეს ომის ატმოსფერო. მის კითხვებს პატიოსნად ვუპასუხე, რომ ქვეყანაში ახლა ომია.
ავუხსენი, რა არის ეს, ზოგადად, დეტალების გარეშე. მთავარია, მან გაიგო, რომ ეს რაღაც ძალიან ცუდია.
მე თვითონ პაციფისტი ვარ, ამიტომ მთელი ჩემი მონათხრობი და პასუხები მის კითხვებზე შესაბამისობაშია. სკოლაში, რა თქმა უნდა, ასევე მოუყვებიან – ოფიციალურ ვერსიას.
არ ვიცი, რომელი ვერსია იქნება ჩემი ქალიშვილისთვის დამაჯერებელი, მაგრამ, ალბათ, განსხვავებული მოსაზრებების საფუძველზე გააკეთებს დასკვნებს და მოვლენების საკუთარ ვერსიას ჩამოაყალიბებს.
კატეგორიული არ ვარ არც ერთ საკითხზე და შესაძლოა, ჩვენ, პაციფისტები ვცდებოდეთ. ჩემთვის მთავარია, რომ ჩემს ქალიშვილს საკუთარი აზროვნება ჩამოყალიბდეს, მე მას არ დავუწყებ „ჩიჩინს“ – ომი – ცუდია, მეგობრულად უნდა ვიცხოვროთ. მაგრამ ეს ხომ ყოველთვის არ ემთხვევა რეალობას.
ახლა ჩემს ქალიშვილს ცუდად ესმის, ვინ არიან სომხები. მას რთულად წარმოუდგენია ისიც კი, რომ თვითონ აზერბაიჯანელია – ის ძალიან პატარაა.
და როდესაც მკითხავს, როგორ წარმოიქმნა კონფლიქტი, ასე ვუპასუხებ – იყო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი, ის იშლებოდა, უფრო სწორად, უნდა განადგურებულიყო.
და ის გაანადგურეს ერებს შორის კონფლიქტებით, რომელთაგან ერთ-ერთი იყო ყარაბაღში.
ანუ მე ფაქტების კონსტატირებას მოვახდენ – ყარაბაღელ სომხებს თავიდან სურდათ, რომ სომხეთის ნაწილი გამხდარიყვნენ, შემდეგ დამოუკიდებლობა მოინდომეს. და ეს არ მოეწონა აზერბაიჯანის ხელისუფლებასა და ხალხს.
ქალიშვილმა ცოტა ხნის წინ თიხის დოქი გააკეთა და მოხატა. მაგრამ ფერები ისე შეარჩია, რომ სომხეთის დროშის ფერებს დაემთხვა.
როდესაც ამის შესახებ ვკითხე, მიპასუხა: „მოდი, მასზე აზერბაიჯანის დროშის ფერის წერტილები დავახატოთ – და მაშინ არავის ეწყინება“.
სომხები აღვწერე, როგორც ჩვენი მეზობლები, არაფერი ნეგატიური. ადამიანები, როგორც ადამიანები. და თუკი მომავალში მათთან ურთიერთობას მოინდომებს, წინააღმდეგი არ ვიქნები“.
შუშანა, ერევანი, სოციოლოგი, 4 წლის ქალიშვილი
„მე არ ვაღიარებ, როდესაც ბავშვის აღზრდისას ქმნიან მტრის ხატს, ავითარებენ მასში უარყოფით ემოციებს. ჩემი მიდგომაა – ბავშვის დღე პოზიტიური გახადო. ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
ომის დროს არ ველაპარაკებოდი და ვცდილობდი, რომ ჩემს განწყობას და დაძაბულობას მასზე გავლენა არ მოეხდინა. როგორც მშობელმა, უნდა უჩვენო, რომ შეიძლება მოიწყინო, დაიღალო ან გაბრაზდე. მაგრამ ის, როგორი გავლენაც ჩემზე ომმა მოახდინა, ძალიან ზედმეტი იქნებოდა ბავშვისთვის – სრულად ვერ გაიგებდა, რა ხდება, შეიძლება გაურკვევლობისა და შიშის გრძნობა გასჩენოდა პასუხგაუცემელი კითხვებისა და გაუგებარი მოვლენების გამო.
ამის ნაცვლად, მასთან მეტი ლაპარაკი დავიწყე სომხეთზე, არცახზე, ხაზს ვუსვამდი იმას, რასაც, შესაძლოა, ადრე არ ვეხებოდი. დავიწყე სომხური ანდაზებისა და გამონათქვამების, ჩვენი ტრადიციების შესწავლა და დავიწყე ჩემს შვილში სიყვარულის დანერგვა ყოველივე სუფთა, ლამაზისა და სიმბოლურისადმი. იმიტომ რომ, ყველა არსებითი პრობლემა – ეს არის პრობლემა, რომელიც შექმნეს ბოროტმა ადამიანებმა, რასაც გლობალური ბოროტებისკენ მივყავართ.
ბავშვს არ უნდა დავუმალოთ, რომ დიახ, მტერი გვყავს და მტერს კონკრეტული სახელი აქვს. მაგრამ არ არის საჭირო მთლიანად ერისადმი ზიზღის გაჩენა.
ის, თუ როგორ ხდება აზერბაიჯანელ ბავშვებში აგრესიისა და სიძულვილის გაზრდა, როგორ აქცევენ მას ეროვნული იდენტობის ნაწილად, ჩემთვის მიუღებელია.
ამას ვამბობ იმიტომ, რომ ასეთი გამოცდილება მქონდა. ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში მათთან (აზერბაიჯანელებთან) ერთად ვაკეთებდით სავარჯიშოებს, რომელიც პიროვნებასთან არის დაკავშირებული. მათ ფაზლის ცალკეული ელემენტების სახით ჰქონდათ ყარაბაღი, სომეხი-მტრის სახე. ამავე დროს, ბევრ ჩვენგანს ჰქონდა ისეთი ცნებები, როგორიც არის ეკლესია, ოჯახი, მეგობრები.
ომის დროს ხანდახან ვიჭერდი საკუთარ თავს იმ აზრში, რომ მინდა ჩემი შვილი რადიკალი ნაციონალისტი გახდეს.
მაგრამ ცოტათი დამშვიდების შემდეგ მივხვდი, რომ საქმე ჩემი შვილის მომავალთან, მის ბედთან მაქვს.
არ ვიცი, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ძალიან რთული დილემაა, რომლის საბოლოო გადაწყვეტა ჯერჯერობით არ გამაჩნია“.
როგორ შევაჩეროთ ტრავმების თაობიდან თაობაზე გადაცემის პროცესი? პასუხობს ჯანა ჯავახიშვილი:
„არ უნდა ველოდოთ, რომ ამ პროცესს პოლიტიკოსები შეაჩერებენ. პოლიტიკოსებს შეუძლიათ, ხელი შეუწყონ ტრავმების კონსტრუირებას, მაგრამ ყველაზე ხშირად ისინი მას უბრალოდ იყენებენ.
მაგალითად, სლობოდან მილოშევიჩმა თავის წინასაარჩევნო კამპანიაში „დაარეკლამა“ ტრავმა, რომელიც მე-14 საუკუნეში კოსოვოს ბრძოლაში მარცხთან იყო დაკავშირებული და მოაწყო კოლექტიური დასაფლავება ლაზარისა – სერბების ვოევოდის, რომელიც 6 საუკუნის წინ მოკლეს.
მილოშევიჩი აირჩიეს, მაგრამ მის მანიპულაციებს ისტორიული ტრავმებით, მოჰყვა ომი და უამრავი უბედურება.
ვფიქრობ, თითოეულ ჩვენგანს, საზოგადოების წევრს, რომელიც ღია ან გაყინულ კონფლიქტში იმყოფება, უნდა და შეუძლია, წვლილი შეიტანოს მშვიდობის ჩამოყალიბებაში, ბავშვების ჩვენი გადაუჭრელი პრობლემების ტვირთისგან გათავისუფლება.
მშვიდობა არასტაბილურია, თუკი ერთი მხარე აგებს, მეორე კი იგებს – ასეთ გადაწყვეტას კონფლიქტოლოგიაში ეწოდება „მოგება-წაგება“ და ამას შეიძლება კონფლიქტის გაგრძელება მოჰყვეს.
ამიტომ უნდა ვეძებოთ ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილებები, რომელიც ადამიანებს კონფლიქტის ორივე მხრიდან საშუალებას მისცემს, დაცულები იყვნენ, იცხოვრონ ღირსეულად და კეთილდღეობით, ამაყად ატარონ საკუთარი იდენტობა, მაგრამ არა სხვის ხარჯზე და საზიანოდ.
ეს ისტორია არის მედიაპროექტ „ტრაექტორიების“ნაწილი. ის მოგვითხრობს ადამიანების შესახებ, რომელთა ცხოვრებასაც სამხრეთ კავკასიაში მომხდარი კონფლიქტები შეეხო. პროექტი მუშაობს ავტორებსა და რედაქტორებთან მთელი კავკასიიდან და მხარს არ უჭერს არცერთ მხარეს არცერთ კონფლიქტში. ამ გვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციებზე პასუხისმგებლები არიან ავტორები. ტოპონიმები უმრავლეს შემთხვევაში მოხსენიებულია ისე, როგორც ეს მიღებულია ავტორის საზოგადოებაში. პროექტს ევროპის კავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ ორგანიზაციები GoGroup Media და International Alert.