"მარიხუანას" მოწევა კრიმინალი არ არის!"
ეს საკანონმდებლო ცვლილება დიდწილად 30 წლის ბექა წიქარიშვილის დამსახურებაა.
სწორედ მან შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი, რომელიც იმ ნორმის არაკონსტიტუციურად აღიარებას ითხოვდა, რომლის მიხედვითაც, მარიხუანას მოხმარება პატიმრობას ითვალისწინებს.
ექა წიქარიშვილს ინტერნეტმომხმარებლები, დიდი ხანია, იცნობენ. “ბექა კრიმინალი არ არის” – ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ წარწერას წაიკითხავდით საპროტექტო აქციებზე გაშლილ ტრანსფარანტებზე, თბილისის ქუჩებში, წააწყდებოდით სოციალურ ქსელში… ამ ლოზუნგით მიმდინარეობდა კამპანია ინტერნეტსივრცეში, რომლის მთავარი მოთხოვნა, ბექა წიქარიშვილის მხარდაჭერასთან ერთად, მარიხუანას დეკრიმინალიზაცია და არსებული არაჰუმანური კანონმდებლობის შეცვლა იყო.
აქცია თბილისში მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით
ორი წლის წინათ საზოგადოება შეძრა 28 წლის მუსიკოსის ბექა წიქარიშვილის ისტორიამ, რომელიც 2013 წლის ივნისში დააკავეს და მარიხუანას მოხმარებისა და შეძენა-შენახვისთვის 7-დან-11 წლამდე ციხე ემუქრებოდა.
ბექა წიქარიშვილი
ბექა წიქარიშვილმა ციხეში 18 დღე გაატარა; შემდეგ, გირაოს სანაცვლოდ, გათვისუფლდა და წელიწადზე მეტი სასამართლოს განაჩენს ელოდა. “სახელმწიფო, დღეს არსებული კანონმდებლობით, უდანაშაულო ადამიანს კრიმინალს არქმევს. ბოლო ერთი წელია, მიწევს მტკიცება, რომ კრიმინალი და საზოგადოებისათვის საშიში არ ვარ,” – აცხადებდა ის.
წიქარიშვილის მხარდასაჭერად, აქციების პარალელურად, კამპანია მიმდინარეობდა სოციალურ ქსელებშიც. ვრცელდებოდა ფოტოები და სპეციალური ვიდეორგოლები, სადაც წიქარიშვილის მხარდამჭერები სამართალდამცავებს მოუწოდებდნენ, რომ მასზე დევნა შეეწყვიტათ.
ახლა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე მოიგო, წიქარიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა.
საქმეზე – “ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” – საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება 24 ოქტომბერს გამოიტანა.
სასამართლოს დასკვნაში აღნიშნულია, რომ მართალია, სასამართლო აცნობიერებს იმ ზიანს, რაც მარიხუანამ ადამიანს შეიძლება მოუტანოს, თუმცა 70 გრამამდე მარიხუანას პირადი მოხმარებისთვის შეძენა-შენახვისთვის პატიმრობის სანქციის გამოყენება არაკონსტიტუციურია.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ბექა წიქარიშვილმა ფესბუკზე მიმართვა გამოაქვეყნა და ყველა მხარდამჭერს მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის.
ბექა წიქარიშვილი მადლობას უხდის მხარდამჭერებს და ამბობს, რომ საქართველოში სამოქალაქო აქტივიზმმა გაიმარჯვა
საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ მისი გადაწყვეტილება არ ნიშნავს მარიხუანას დეკრიმინალიზაციას და არც იმ შემთხვევებს მოიცავს, როცა “აშკარა და დასაბუთებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი (მისი რაოდენობისგან დამოუკიდებლად), ან შენახული (შეძენილი) მარიხუანას რაოდენობა იმდენად დიდია, რომ იგი გასაღების მიზნის არსებობაზე მაღალი ალბათობით მიუთითებს, ან გასაღების რეალურ საფრთხეს თავისთავად ქმნის.”
__________________________________________________________________________
საქართველოში საზოგადოების ნაწილი, დიდი ხანია, ითხოვს მარიხუანას დეკრიმინალიზაციას.
პერმანენტულად იმართება აქციები, სადაც მთავარი მოთხოვნაა “ადამიანის უფლებების შემლახავი ნარკოპოლიტიკის შეცვლა.”
- დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით, მარიხუანას მცირე დოზით შეძენა ან მოხმარება 500-ლარიანი ჯარიმით ისჯება. აღნიშნული ქმედებების განმეორების შემთხვევაში, დამრღვევს პატიმრობა ემუქრებოდა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობა აღარ იქნება გამოყენებული.
დეკრიმინალიზაციის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს საკუთარი არგუმენტები აქვთ.
მომხრეების არგუმენტები
1. მარიხუანას მცირე რაოდენობით შეძენა, შენახვა და რეალიზაცია, დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით, ბევრ ადამიანს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აკისრებს. შესაბამისად, კანონმდებლობის ცვლილება პოლიციის დემოკრატიზაციას შეუწყობს ხელს;
2. სადამსჯელო ზომები, რომლებსაც ხელისუფლება მარიხუანას მომხმარებლების მიმართ იყენებს, არ არის ეფექტიანი. მათი დევნის შედეგად ნარკოდამოკიდებულების რაოდენობა არ მცირდება;
3. კუსტარულად დამზადებული სახიფათო ნარკოტიკების რაოდენობა საქართველოში ძალიან დიდია. ასეთი ნივთიერებების მოხმარებას მარიხუანას მოწევა ჯობს.
4. მარიხუანას მოწევა (რეგულარული მოხმარებაც კი!) არ წარმოადგენს საზოგადოებისათვის სახიფათო ქმედებას, ამიტომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არაადეკვატურად მკაცრი პასუხია ფაქტობრივად უწყინარ დარღვევაზე;
5. იმის ნაცვლად, რომ მარიხუანას პაპიროსის გამო დააპატიმროს ადამიანი, სახელმწიფომ ნარკოტიკებთან ბრძოლა პრევენციის დონეზე უნდა გადაიტანოს. ხელისუფლებამ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა უნდა დაიწყოს, უნდა უზრუნველყოს სპორტული ცენტრების აბონემენტების დაბალი ფასი და ა.შ.
მოწინააღმდეგეების არგუმენტები
1. როგორც წესი, მარიხუანას მოხმარება ნარკომანის პირველ ნაბიჯს წარმოადგენს, რომელსაც უფრო სერიოზული ნარკოტიკების მოხმარება მოჰყვება ხოლმე;
2. ლიბერალიზაცია აუცილებლად გაზრდის მომოხმარებელთა რიცხვს, რომელიც ისედაც დიდია (ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ, ექსპერტების აზრით, მათი რაოდენობა დღეს 100 ათას ადამიანს აჭარბებს);
3. შესაძლოა, არსებული მდგომარეობა მართლაც არასახარბიელოა, მაგრამ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უდავოდ მძლავრ შემაკავებელ ფაქტორს წარმოადგენს ბევრი ადამიანისთვის. არსებული რეგულაციების არარსებობის შემთხვევაში, მარიხუანას მოხმარება ჩვეულებრივი ყოფითი ცხოვრების ნაწილი გახდება;
4. რეგულარული მოხმარება ძალიან ვნებს ჯანმრთელობას. პრობლემები, რომლებსაც ის ახალგაზრდა ორგანიზმში იწვევს, ნამდვილად არ არის პატიმრობაზე უფრო ნაკლებად დამღუპველი;
5. დეკრიმინალიზაცია ჰაიჰარად არ უნდა მოხდეს. იმისთვის, რომ ლიბერალიზაციაზე დავიწყოთ ფიქრი, აუცილებელია, მოვამზადოთ ნიადაგი. საჭიროა ნარკოდამოკიდებულების პრევენციის სისტემის გამართვა და მკურნალობის ეფექტური პროგრამების შემუშავება.
წყაროები: “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” ; საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ); “ნარკოტიკების მოხმარება საქართველოში /ნარკოპოლიტიკის საკანონმდებლო ანალიზი”.