მაგარი ფოტოგრაფი
სანან ალესკეროვი ყველაზე მაგარი აზერბაიჯანელი ფოტოგრაფია. ასე თვლის ბაქოში მისი ბევრი კოლეგა და გულშემტკივარი. მისი სამუშაო გამოცდილება რამდენიმე ათწლეულს ითვლის; მიღებული აქვს ჯილდოები, ჩატარებული აქვს ფოტოგამოფენები და, ამას გარდა, მან ბევრი მოსწავლეც აღზარდა.
თავად ალესკეროვი ამ ტიტულს არ ეთანხმდება.
JAMnews-ის ინტერვიუ სანან ალესკეროვთან
უფრო მეტი ფოტოს ნახვა მის ვებგვერდზე შეგიძლიათ
არ ვარ ყველაზე მაგარი
“წოდება „ყველაზე მაგარი“ ძალიან აბსტრაქტულია იმისთვის, რომ ვინმეს მიაკუთვნო. მე უბრალოდ ერთ-ერთი ვარ ადამიანთა იმ მცირერიცხოვანი ჯგუფიდან, ვისთვისაც მხატვრული ფოტოგრაფია ერთადერთი ხელობა, პროფესია და ცხოვრების წესია. იმდენად დიდხანს და იმდენად ჯიუტად ვარ დაკავებული ფოტოგრაფიით (ამ სფეროს არ „ვღალატობ“), რომ, როგორც ჩანს, ჩემი ერთგულებით ერთგვარ აღიარებას მივაღწიე“.
ქორწილები ფოტოინდუსტრიაში
“ბოლო შვიდი წელია, რაც აზერბაიჯანში ფოტოხელოვნება მოდაში აღარაა. რამდენიმე წლის წინ არსებული მდგომარეობისგან განსხვავებით, ამჟამად ადამიანები აღარ ცდილობენ, ფოტოხელოვნებით დაკავდნენ. ინტერესი ამ სფეროს მიმართ თანდათანობით მცირდება. ჩემი აზრით, ამის მიზეზი ეკონომიკური კრიზისია. ადამიანები ფულის შოვნაზე ფიქრს უფრო მეტ დროს უთმობენ, ვიდრე ხელოვნებას. ფოტოკამერით კი პურის ფულს ვერ იშოვი. ამიტომ ამ საქმეს მხოლოდ ერთეულები მისდევენ.
” ფოტოხელოვნება აზერბაიჯანში არაა შემოსავლიანი საქმე. თუკი, რა თქმა უნდა, საუბარია ხელოვნებაზე, და არა კომერციულ ფოტოგრაფიაზე. და ეს ბაზარიც მეტწილად საქორწინო გადაღებებით შემოიფარგლება. აზერბაიჯანში ქორწილი მთელი ინდუსტრიაა, რომელშიც სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები არიან ჩართულნი – დიზაინერებით დაწყებული, და ოპერატორებით დასრულებული. ჩვენს ქვეყანაში ხელოვნება და ფული ორი პარალელური წრფეა, რომლებიც თითქმის არასდროს იკვეთება. ამიტომ შემოსავლის ერთადერთი რეალური წყარო ჩემთვის სწავლებაა”.
საკუთარი არაფერი დაამატო
“ჩემი მოსწავლეების უმრავლესობას უბრალოდ ფოტოების გადაღება უყვარს და სურს, რომ კარგი ფოტოების გადაღება ისწავლონ. მე კი, ჩემი მხრივ, ვცდილობ განვუმარტო მათ, თუ რა არის ფოტოგრაფიის არსი. მაგალითად, მე მათ ვასწავლი, რომ ფოტოგრაფიამ არ უნდა შეალამაზოს რეალობა და არ უნდა შეცვალოს ის. მხოლოდ ის უნდა გადაიღო, რასაც ხედავ და როგორც ხედავ. უნდა დატკბე იმით, რასაც იღებ; უნდა ყვებოდა მასზე ისე, რომ საკუთარი არაფერი დაამატო”.
” ფოტორეპორტაჟებს (ამ ტერმინის „ვიწრო“ გაგებით) არ ვაკეთებ. მე არ ვიღებ საპროტესტო აქციებს, აფეთქებებსა და ვულკანების ამოფრქვევებს. მაგრამ ფოტოებზე აღვბეჭდე, თუ როგორ პროგრესირებდა მამაჩემის დაავადება დღიდან დღემდე. ესეც ხომ რეპორტაჟია. მეგობრების შეკრებისას გადაღებულ ფოტოებსაც კი რეპორტაჟებად მივიჩნევ.
“ძალიან არ მიყვარს ფოტოებზე საუბარი. პირველ რიგში იმიტომ რომ, როგორც წესი, არაფერია მოსაყოლი – მათ უკან რაიმე სახის დრამატული მოვლენა არ იმალება. ამას გარდა, ფოტოგრაფია ვიზუალური ხელოვნების დარგია, რომელიც თავად უნდა საუბრობდეს საკუთარ თავზე და თავად უნდა იძლეოდეს მასალას განსჯისათვის”.
ჩვენთან შეუძლებელია ფოტოგრაფის განათლების მიღება
“ჩვენს ქვეყანაში შეუძლებელია მეტნაკლებად პროფესიული ფოტოგრაფიული განათლების მიღება. და ყოველთვის ასე იყო. აზერბაიჯანში ფოტოგრაფიას ყოველთვის გულგრილად უყურებდნენ და ხელოვნების ამ დარგს სათანადო ყურადღებას არ აქცევდნენ”.
“მე თვითნასწავლი ფოტოგრაფი ვარ. თავის დროზე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე იმიტომ ჩავაბარე, რომ ფოტოგრაფიის „ანაბანა“ მაინც მესწავლა, მაგრამ ჩემმა ცდამ ამაოდ ჩაიარა – საგანს ფაქტობრივად, არ გვასწავლიდნენ და სემესტრის ბოლოს მასწავლებელმა უბრალოდ მოაგროვა ჩვენი ჩათვლის წიგნაკები და ნიშნები „დაგვიხატა“.
1950-იანი წლები არსად გამქრალა
“მცირე ხნის წინ საკუთარ არქივს ვალაგებდი და მივხვდი, რომ თითქმის მთელი ცხოვრების მანძილზე ერთსა და იმავეს, მეოცე საუკუნის 50-იან და 60-იან წლებს ვიღებ – იმ პერიოდს როდესაც დავიბადე და ვიზრდებოდი. შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ რასაც არ უნდა ვიღებდე, მაყურებელ უჩნდება შეგრძნება, რომ ფოტოზე აღწერილი მოვლენები დაახლოებით 1963 წელს ხდება. ამაზე მეტყველებს ატმოსფერო, ექსტერიერი, პოზები და თითოეული პერსონაჟის სახეზე დაფიქსირებული გამომეტყველება. ამის მიზეზი, ალბათ, ჩემი დამოკიდებულებაა გარემოს მიმართ, ან, შესაძლოა მას შემდეგ მართლა არაფერი შეცვლილა აზერბაიჯანში და ფოტოგრაფია ამას აღბეჭდავს”.
გამოქვეყნდა 31.10.2016