აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ (2017-2025), ლორა კუპერმა Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ ქართველ ხალხს და მათ სუვერენიტეტს კვლავ მხარს უჭერს. მისი თქმით, აშშ-მა ქართველ ხალხს არ უნდა აგრძნობინოს, რომ მათ ზურგი აქცია.
ლორა კუპერი: “ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სუვერენიტეტს მხარი დავუჭიროთ. ეს მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის, რომლებიც ახლა ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან. მათ უნდა იცოდნენ, რომ აშშ კვლავ მხარს უჭერს მათ სუვერენიტეტს.
ასევე, ეს მნიშვნელოვანი გზავნილია რუსეთისთვისაც. არ შეიძლება რუსეთმა იფიქროს, რომ სხვა ქვეყნების ტერიტორიების მიტაცება, მათი დამოუკიდებლად ან რუსეთის ნაწილად გამოცხადება შერჩება. თუ საქართველოს სუვერენიტეტთან დაკავშირებით დათმობაზე წავალთ, ეს გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ აღიქვამს რუსეთი ჩვენს პოზიციას სხვა ქვეყნებთან დაკავშირებითაც, უკრაინის ან მოლდოვის შემთხვევაში. ეს იზოლირებული შემთხვევა არ არის. ამიტომ, მნიშვნელოვანია სუვერენიტეტის მხარდაჭერა გავაგრძელოთ.
ვფიქრობ, სამხედრო წვრთნების ჩატარება აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო. ჩვენ საქართველოსთან დაკავშირებით მართლაც მძიმე მდგომარეობაში ვართ, იმ რეფორმებისგან უკუსვლით, რომლებიც მიზნად ისახავდა საქართველოს გაძლიერებას, დასავლეთთან კავშირების განმტკიცებას და ევროკავშირისკენ გზის მშენებლობას.
ამჟამინდელმა მთავრობამ ამ ყველაფერს ზურგი აქცია. პირიქით, ბევრ საკითხში, [საქართველოს მთავრობა] რუსეთს დაუახლოვდა. ჩემთვის წარმოუდგენელია საქართველოსთან მუშაობის ჩემი პირველივე დღეებიდან, რომ დღეს საქართველოში რუსეთთან ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა იქნებოდა.
კარგად ვიცით, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს თავდაცვით ძალებს ქართველი ხალხისთვის. ისინი ქართველი ერის გული და სული არიან. ამიტომ, მათთან თანამშრომლობის გაგრძელება, მათი წვრთნა, რათა შეძლონ საქართველოს ინტერესების ლეგიტიმურად დაცვა, ვფიქრობ სწორედ ეს არის ის, რაც უნდა გავაგრძელოთ, თუნდაც იმ დროს, როცა მთავრობას მოვუწოდებთ, რომ ისევ დასავლეთისკენ მიბრუნდეს და რეფორმების გატარება გააგრძელოს.“