ლინგვისტები და პროგრამისტები ნეიროქსელებს აფხაზურად ლაპარაკს ასწავლიან
გაზიარება
გაზიარება
აფხაზური ენა
2024 წლიდან აფხაზური ენა ჯერ Google Translate-ში გაჩნდა, ახლა კი ის ხმოვანი პლატფორმის – Common Voice-ის საშუალებით იხვეწება. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მომავალში აფხაზურად შესაძლებელი გახდეს საუბარი როგორც ხმოვან ასისტენტებთან, ასევე ნეიროქსელებთან.
ლევან ლაგულაას თქმით, რომელიც აფხაზური ენის ციფრულ გადატანაზე მუშაობს, Google Translate-ში თარგმნის ხარისხი ჯერ კიდევ დასახვეწია, თუმცა პროექტის პირველი ეტაპი უკვე წარმატებით დასრულდა.
12 მაისს ფონდმა წარადგინა აფხაზური ენის ციფრული ხმოვანი პროექტი, რომლის მიზანია აფხაზური ენა ჩაერთოს ხმოვან ტექნოლოგიებში, აპლიკაციებსა და თარგმანებში.
“გარდა ამისა, აფხაზური ენა წარმოდგენილია Mozilla Common Voice-ის პლატფორმაზე. დაახლოებით 400-მა ადამიანმა უკვე ჩაწერა საკუთარი ხმა, რის შედეგადაც პლატფორმაზე მილიონამდე წინადადება გაჩნდა აფხაზურად.
პლატფორმის მომხმარებლებს შეუძლიათ წაიკითხონ ეკრანზე გამოტანილი წინადადებები, რაც ენის განვითარებას უწყობს ხელს და აფხაზურს ფუნქციურად აქცევს.
ეს მასალები გამოიყენება სხვა პლატფორმებზე, ნეიროქსელებში, მანქანურ სწავლებასა და ხელოვნურ ინტელექტში.
ჩვენ გვჯერა, რომ აფხაზურ ენას დიდი მომავალი აქვს და ტექნოლოგიური პროექტების წყალობით მისი პოტენციალი კიდევ უფრო მეტად გამოვლინდება“, – ამბობს ლაგულაა.
მისივე თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ის, რომ პროექტი ღია კოდით არის ხელმისაწვდომი, რაც საშუალებას აძლევს პროგრამისტებსა და დეველოპერებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან გამოიყენონ ეს რესურსები.
აფხაზური ენის ციფრულ პლატფორმებზე გადატანას არამხოლოდ ზემოხსენებული ფონდი (ბაკურ შინქუბას სახელობის ფონდი), არამედ ცალკეული ენთუზიასტებიც ეწევიან.
მაგალითად, სტუდენტმა მირონ ბარათელიამ Telegram-ში შექმნა ჩატ-ბოტი, რომლის თარგმნის ხარისხი ლაგულაას შეფასებით, ჯობნის Google Translate-ს აფხაზურ-რუსულ კომბინაციაში.
„ასეთი პროექტები აფხაზურ ენას საშუალებას მისცემს სრულფასოვნად იყოს წარმოდგენილი ციფრულ სივრცეში – მაგალითად, სოციალურ ქსელებში ან პლატფორმებზე, როგორიცაა ChatGPT და სხვა“, – ამბობს ლაგულაა.
მისივე შეფასებით, ეს ხელს შეუწყობს მასწავლებლებს, რეპეტიტორებს და რიგით მომხმარებლებს, რომ მიიღონ მარტივი და ფართო წვდომა ენაზე, მომავალში კი ბიძგს მისცემს წიგნების, ანიმაციებისა და ფილმების გახმოვანებას და მეთოდური მასალების შექმნას.
„ყველა, ვინც აფხაზურით ინტერესდება – იქნება ეს აფხაზეთში მცხოვრები თუ უცხოელი – შეძლებს მარტივად შეისწავლოს და გამოიყენოს ენა.“ – ამბობს ლაგულაა.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო