კომენტარი: მედიის წინააღმდეგ ახალი კამპანია არის მზადყოფნაში მოსვლა ყველაზე უარესი სცენარისთვის
ლაშა ტუღუშის კომენტარი
“ლიბერალური აკადემიის“ ხელმძღვანელმა და ჟურნალისტმა ლაშა ტუღუშმა ონლაინ მედიის მისამართით, “ქართული ოცნების“ განცხადებები შეაფასა და განაცხადა, რომ პირდაპირი მნიშვნელობით, ეს არის აუტოდაფე, ეგზეკუცია და ცუდია, როდესაც პოლიტიკოსები მედიასაშუალებების წინააღმდეგ ამ წარმოებულ ბნელ კამპანიაში ერთვებიან.
რაც შეეხება უშუალოდ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ რიგი მედიაორგანიზაცია არის “მიკროფონიანი NGO“, ტუღუშის თქმით, ტერმინოლოგია, რომელსაც ხელისუფლება ონლაინ მედიასაშუალებების მისამართით იყენებს, “37-იანი წლების კლასიკური ტერმინოლოგიაა, რომელიც თანამედროვე პოლიტიკაში ხელოვნურად გადმოიტანეს“.
“ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ღიად ესხმის თავს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ემუქრება დამოუკიდებელ ონლაინ მედიას საქართველოში. ამ თავდასხმებს წინ უძღოდა პროსამთავრობო, პროპაგანდისტული არხის “იმედის“ მიერ მომზადებული, ტყუილზე აგებული პროპაგანდისტული სიუჟეტი, თითქოს ონლაინ მედია ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ამაში დიდ ფულს იღებს.

ლაშა ტუღუში: “სტანდარტებიდან ის ე.წ. მედია გადის, რომელიც ონლაინ მედიასაშუალებებს აბრალებს, თითქოს ისინი სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებენ და ა.შ. არიან გაყიდულები და საკუთარი ქვეყნის ინტერესების ღალატში მხილებულები. ის მხარე არის გასული სტანდარტებიდან და არა ის მედიასაშუალებები, რომლებიც თავის საქმეს აკეთებენ. რა თქმა უნდა, კრიტიკა შეიძლება მიემართოს ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის მიმართ, როგორიც არის ადამიანი თუ მედიასაშუალება, მაგრამ ჩვენ ხომ კრიტიკაზე არ ვსაუბრობთ?
ონლაინ მედიაორგანიზაციების მიმართ ეს არის, პირდაპირი მნიშვნელობით, აუტოდაფე, ეგზეკუცია, რომელსაც ახორციელებს ის ძალა, რომელიც საკუთარ თავს რაღაცას ეძახის. რა არის ეს? დაბრალება ამ ღალატის და ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების გატარება? წარმოუდგენელია.
[რაც შეეხება შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ კონკრეტული მედიასაშუალებები ბრიუსელის დავალებას ასრულებენ] ეს განცხადება ძალიან არასერიოზულია, იმიტომ, რომ ბრიუსელი არ არის ნეგატიური სიტყვა. ბრიუსელი ევროკავშირის დედაქალაქია, იქ განთავსებულია ნატო-ს შტაბბინა. ჩვენ, ქართველებს, გვაქვს მიზანი, რომ გავხდეთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი. ეს არის ჩვენი ისტორიული ამოცანა.ახლა “ღადავი“ და ცინიზმი ბრიუსელთან დაკავშირებით, თითქოს, ის ნეგატიური რაღაცაა, არასერიოზულია. ძალიან ცუდია, როდესაც პაპუაშვილი და ასევე, სხვა ადამიანები, პოლიტიკოსები მედიასაშუალებების წინააღმდეგ წარმოებულ ბნელ კამპანიაში ერთვებიან. ეს არ არის კრიტიკა, ეს არის ბნელი პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში სიტყვის თავისუფლების, მედიის, როგორც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის დანგრევას.
ეს ფრაზეოლოგია – “ქსელი“, “აგენტურა“, “800 ადამიანია ჩართული“, “სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები“, “მტრები“, ნუ წარმოუდგენელია. ეს არის წინა საუკუნის 37-იანი წლების კლასიკური ტერმინოლოგია, რომელიც საქართველოში გადმოიტანეს საუკუნის შემდგომ. საშინელი სიზმარი რომ გეგონება, თანამედროვე პოლიტიკაში პირდაპირ, ხელოვნურად გადმოიტანეს. ეს ტერმინოლოგია ჩვენ წიგნებში გვაქვს წაკითხული. ეს ჩვენი ხალხისთვის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ბნელი ნაწილია, რომელშიც ქართველები ტრაგიკული მსხვერპლი აღმოჩნდნენ. სიტყვიერად რომ იმეორებ, შეიძლება ამას ხვალ მოქმედებები მოაყოლო.
ეს კამპანია, რომელიც მედიის მიმართ ახლა მიმდინარეობს, გულისხმობს მათ მზადყოფნას ყველაზე უარესი სცენარის განხორციელებისთვის. ეს გამოიხატება მათ განცხადებებში, იმ სიუჟეტებში თუ გადაცემებში, მათ მიდგომებში, რომელსაც ისინი დიდი ხანია ავლენენ. დღეს ამან გარკვეულწილად პიკს მიაღწია, ყველა კარტი გაიხსნა, თუმცა დღეს არ არის ის ვითარება, როდესაც ანალოგიური ნაბიჯების გადადგმას ვხედავთ. დღეს არის მზადყოფნა, რომ თუ დასჭირდათ, ამ ნაბიჯებს გადადგამენ.”