საქართველოში ლარიზაციის პროგრამა დაიწყო
ე.წ. ლარიზაციის საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, სესხების “გალარების” 2- თვიან პროგრამაში ჩართვა, სურვილის შემთხვევაში, იმ ფიზიკურ პირებს შეეძლებათ, ვისაც უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი 2015 წლის 1 იანვრამდე აშშ დოლარში ჰქონდა აღებული.
აღნიშნულ მომხმარებელს 40 ათასი აშშ დოლარის ფარგლებში სესხის “გალარება” შეღავათიანი კურსით შეუძლიათ. საუბარია იმაზე, რომ მიმდინარე კურსს 20 თეთრი გამოაკლდება და ამ სხვაობას მთავრობა აანაზღაურებს.
სუბსიდია არ შეეხება მათ, ვისი სესხების ძირითადი თანხების ჯამური დავალიანება 2016 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით, 100 ათას აშშ დოლარს აღემატება. ასევე, სუბსიდია არ შეეხება იმ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი 2015 წელს 100 ათას ლარს აღემატებოდა.
მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 5 დღის განმავლობაში დაელოდონ ბანკის შეტყობინებას სესხის გალარებასთან დაკავშრებით, ან თავად მიმართონ და გალარების პროგრამაში ჩართვა მოითხოვონ.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გალარების პროგრამა დაახლოებით 27 ათას მოქალაქეს შეეხება.
სესხების გალარების გარდა, ე.წ. “ლარიზაციის” საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, რამდენიმე ცვლილება განხორციელდა:
- ონლაინ-სესხის საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზედა ზღვარი 100 % არ უნდა აღემატებოდეს;
- ქონების რეალიზაციის ან მომსახურების გაწევისას, ასევე ქონების რეალიზაციის, მომსახურების გაწევის შეთავაზების ან რეკლამირებისას ფასი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში უნდა განისაზღვროს;
- სესხის შემთხვევაში, ყველა საკომისიოს, საპროცენტო სარგებლის, სესხის გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, ასევე სესხის გაცემის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევისათვის მსესხებლისათვის დაკისრებული ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გაცემული სესხის ძირი თანხის ორმაგ ოდენობას;
- 100 ათას ლარამდე, შემდგომი ეტაპიდან კი 200 ათას ლარამდე უცხოურ ვალუტაში ნომინირებული სესხების გაცემა აიკრძალება.
აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ლარის კურსის გაუფასურებაა, რომელმაც ბოლო პერიოდში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ეროვნული ბანკის მონაცემებით 1$- 2,70 ლარი ღირს.