4 თებერვალს, აფხაზეთის პარლამენტმა თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის დახურული, გაფართოებული სხდომა გამართა, სადაც საუბარი იყო აფხაზი მოქალაქეებისთვის შიდა რუსული პასპორტების გაცემის პროცედურაზე.
2026 წლის დასაწყისიდან შიდა რუსულ პასპორტებს ფხაზეთში რამდენიმე რაიონის საპასპორტო სამსახური გასცემს. დეპუტატებმა ამ პროცედურების კანონიერება ეჭვქვეშ დააყენეს. სიტუაციის გასარკვევად შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრი რობერტ კიუტი და შინაგან საქმეთა სამინისტროს პასპორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასტამურ კოლბაია მიიწვიეს.
შეხვედრის დროს გაირკვა, რომ აფხაზეთში რუსული დოკუმენტების გაცემის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
შეხვედრის შემდეგ, რამდენიმე დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ განხილვის შემდეგ, პარლამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციას გაუწევს, შეწყვიტოს ეს არსებითად უკანონო პროცესი.
თუმცა, პარლამენტის მხრიდან ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.
თუმცა, სულ რაღაც ორი დღის შემდეგ, მოსკოვმა თავად განაცხადა, რომ წყვეტს აფხაზეთში არა მხოლოდ შიდა რუსული პასპორტების, არამედ რუსული მართვის მოწმობების გაცემასაც.
„პროცედურა ორგანიზებული იყო, რათა რუსეთის მოქალაქეობის მქონე აფხაზი მოქალაქეებისთვის ყველაზე კომფორტული პირობები შექმნილიყო“, – განაცხადა რუსეთის ელჩმა აფხაზეთში, მიხაილ შურგალინმა.
მისი თქმით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ყოფნა აფხაზეთში არ ეწინააღმდეგება რესპუბლიკის კანონმდებლობას და შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას.
„თუმცა, 4 თებერვალს თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე დეპუტატმა, მათ შორის კან კვარჩიამ, რომელმაც მოგვიანებით საჯაროდ გააკეთა კომენტარი, ეჭვქვეშ დააყენა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის სამსახურის სპეციალისტების აფხაზეთში ყოფნის კანონიერება და ეს სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევად მიიჩნია.
შედეგად, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ოფიცრების გამოწვევა და რესპუბლიკაში დოკუმენტების გაცემის შეწყვეტა“, – განმარტა ელჩმა.
აფხაზეთში რუსეთის საელჩოს მონაცემებით, რესპუბლიკის დაახლოებით 190 000 მაცხოვრებელს, ანუ მისი მთლიანი მოსახლეობის თითქმის 80%-ს, ამჟამად რუსეთის მოქალაქეობა აქვს. თუმცა, მათ უმეტესობას არ აქვს შიდა რუსული პასპორტები, რაც ზღუდავს მათ წვდომას რუსეთის მთავრობის სერვისებსა და სოციალურ შეღავათებზე.
ახლა აფხაზებისთვის შიდა პასპორტების გაცემის პროცედურა გადაეცემა რუსეთის უახლოეს დიდ ქალაქს, სოჭს.
საზოგადო მოღვაწის, ასლან კობახიას თქმით, მოსკოვი აშკარად მიანიშნებს, რომ განაწყენებულია აფხაზეთის პარლამენტით.