კოვაქს პლატფორმა განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ თებერვალში ვაქცინა
კოვაქს პლატფორმის განმარტებით, თებერვალში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათი კრიტერიუმები დააკმაყოფილეს, საქართველო კი ამ ქვეყნების ჩამონათვალში ვერ მოხვდა, ამის შესახებ ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
კოვაქსი ვარაუდობს, რომ ვაქცინების ძირითადი ნაწილი საქართველოში 2021 წლის მარტში გაიგზავნება.
“თებერვლის ბოლოს ნაადრევი გზავნილები იმ ქვეყნებში განხორციელდა, რომლებმაც ჩვენს მიერ ერთიან განცხადებაში კრიტერიუმები უკვე დააკმაყოფილეს. დამატებითი ინფორმაცია პირველი გზავნილების შესახებ ყველა მონაწილეს მომდევნო დღეებში ეცნობება, ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდება ონლაინ”, – აცხადებენ პლატფორმის წარმომადგენლები.
რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომელსაც ყველა ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს, კოვაქსის განმარტებით, არის შემდეგი: “ყველა მონაწილე ქვეყნის ეროვნულმა რეგულატორმა ავტორიზება უნდა მისცეს შემოსატან ვაქცინას; ასევე, ყველა მონაწილემ ვაქცინის მწარმოებლებთან უნდა გააფორმოს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი, რათა კოვაქსის პლატფორმიდან დოზების მიღება შეძლოს”.
გასული წლის ივლისში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობდა, რომ საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველ იმ ქვეყნებს შორის, რომელიც ვაქცინას მიიღებდა. თუმცა, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის არც ერთი დოზა არ შემოსულა.
ფაიზერის ვაქცინის პირველი პარტია [დაახლოებით 30 000 დოზა] საქართველოში თებერვალში უნდა შემოსულიყო, რომელიც სამედიცინო პერსონალის აცრას მოხმარდებოდა.
საქართველოში ფაიზერის გარდა, კოვაქს პლატფორმიდან ასტრაზენეკას 184 000 დოზა ვაქცინასაც ელოდნენ, თუმცა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანაში პირველად ვაქცინის ის დოზები შემოვა, რომელიც პირდაპირ მწარმოებლისგან იყიდეს.
“დანამდვილებით ვიტყვი, რომ პირველად მივიღებთ ასტრაზენეკას, არა კოვაქსიდან, არამედ, პირდაპირი მოლაპარაკების გზით, ეს უფრო რეალური ჩანს, ვიდრე კოვაქსის პლატფორმისგან”, – აცხადებდა იმნაძე.
რას ამბობენ ჯანდაცვის სამინისტროში
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ვაქცინის გადადების მიზეზი ფაიზერის დამატებითი მოთხოვნებია და ვაქცინის შემოტანის გადადება არ უკავშირდება ქვეყნის ტექნიკურ მზაობას.
ჯანდაცვის სამინისტრო კოვაქს პლატფორმას განმარტებას სთხოვს:
“ჩვენ ნახევარი საათის წინ მივმართეთ კოვაქსს და ვითხოვეთ განმარტება იმ განცხადების, რომელიც გაჟღერდა, რადგან იმ წერილებში, რომელიც ჩვენ გვაქვს მიღებული კოვაქსისგან, მიზეზი გადავადების არის ცალსახად მითითებული – ფაიზერის მიერ დამატებითი მოთხოვნის დაყენება, რაც სრულიად არ უკავშირდება ქვეყნის მზაობას”
მისი თქმით, საქართველო კოვაქსის პლატფორმას შექმნისთანავე, გასული წლის სექტემბერში შეუერთდა, ოქტომბერში კი გადაიხადა 5 300 000 დოლარი იმისთვის, რომ გარანტირებული მოწოდება ჰქონდა მოსახლეობის 20%-ის ვაქცინაციისთვის.
გაბუნიას განმარტებით, საქართველო მარტის ბოლოდან, სავარაუდოდ, რეალურად დაიწყებს ვაქცინაციას.
“აპრილში უფრო გაიშლება ვაქცინაცია, რადგან დამატებითი დოზების მოლოდინი გვაქვს”, – განაცხადა გაბუნიამ.
ვაქცინაცია მსოფლიოს 103 ქვეყანაში მიმდინარეობს
● გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით ვაქცინაცია ამ დროისთვის მიმდინარეობს მსოფლიოს 103 ქვეყანაში და გაკეთებულია უკვე 240 მილიონი დოზა.
● ყოველდღიურად მსოფლიოში 6.7 მილიონი აცრა კეთდება. ამ ტემპის გათვალისწინებით, მსოფლიოში პანდემიის დამარცხება 4.6 წელი დასჭირდება, თუმცა მოსალოდნელია, რომ ვაქცინაციის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდება.
● აცრების აბსოლუტური მაჩვენებლით აშშ ლიდერობს – ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ერთი აცრა უკვე გაკეთებული აქვს 75 მილიონ ადამიანს.
● აცრილი მოსახლეობის წილის მაჩვენებლით კი მსოფლიოს უპირობო ლიდერი ისრაელია – აქ მოსახლეობის 51%-მა [4.8 მილიონი] უკვე მიიღო ვაქცინის მინიმუმ ერთი აცრა. სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 35%-ზე მეტი.
__________________________________________
● გამოკითხვა: ენდობიან თუ არა ბაქოელები კორონავირუსის ვაქცინას?
● კლინიკების ასოციაცია: საქართველო პანდემიის მესამე ტალღას ვეღარ გაუძლებს
● რა არის ცნობილი კორონავირუსის ვაქცინებზე, დაამარცხებენ თუ არა ისინი პანდემიას და როდის?