კოტე მახარაძე - როგორც ლეგენდა
წელს ლეგენდარულ ქართველ სპორტულ კომენტატორს კოტე მახარაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით სანკტ-პეტერბურგში მის შესახებ გამოიცა თავიდან შევსებული და გადამუშავებული წიგნი „რეპორტაჟი მიკროფონის გარეშე“. წიგნს დაემატა ნაწილი „კოტე მახარაძე მეგობრების და კოლეგების მოგონებებში“.
რუსმა მწერალმა ვიქტორ შენდეროვიჩმა JAMnews-ს კოტე მახარაძესთან დაკავშირებული მოგონებები გაუზიარა:
“კოტე მახარაძე, რომელსაც მომავალში გენიალურობა ეწერა, მაშინ თბილისის რუსთაველის თეატრის დასის წევრი იყო, და სხვადასხვა ადგილას კონფერანსიედ მუშაობითაც ჰქონდა დამატებითი შემოსავალი. მისი ყველაზე საყვარელი სპექტაკლი იყო მოკლე დადგმა, რომელიც საბჭოთა პარტიზანებს ეძღვნებოდა.
დაახლოებით რვის ნახევარზე კოტე მახარაძეს, რომელიც ფაშისტს თამაშობდა, თავის ფაშისტურ ზურგში ტყვია ხვდებოდა, ყვირილით ეცემოდა სცენის მიღმა, სასწრაფოდ გარბოდა, ფაშისტის ფორმას იხდიდა, ადამიანურ სამოსს იცვამდა და “ლუკმაპურის საშოვნელ სამსახურში” მიდიოდა.
ერთხელაც “პარტიზანებმა” პირი შეკრეს – და მახარაძეს თავის კუთვნილი ტყვია ზურში და კულისებში კი არა, გულში და დეკორაციებს შორის ყოფნისას მოხვდა. რაღას იზამდა – დაეცა. თან ხანგრძლივი სცენაა. არადა, ოც წუთში კონცერტია. და აი, პარტიზანები ხედავენ, რომ ფაშისტი მოკლული არ არის, უბრალოდ დაჭრილია. კვნესის და კულისებისკენ მიცოცავს! პარტიზანებმა მას თავში რამდენიმე საკონტროლო გასროლა მიაყენეს, მაგრამ არ გაჭრა. სიცოცხლისუნარიანი ფაშისტი ავტომატების ჯერით ერთიანად დაცხრილეს, მაგრამ ის კულისებისკენ ცოცვას ჯიუტად არ წყვეტდა – “ესესელს” სრულიად განსაცვიფრებელი სიცოცხლის ჟინი აღმოაჩნდა!
და მაშინ მოხუცი პარტიზანი – ლეგენდის მიხედვით, ეს დიდი სერგო ზაქარიაძე იყო – მცოცავ ფაშისტს ლამის კულისების შესასვლელთან წამოეწია და გზა გადაუღობა. ახალგაზრდა ფაშისტმა მახარაძემ თავი კორიფეს ჩექმებში ჩარგო და დადუმდა, გული ცუდს უგრძნობდა. ზაქარიაძე ჯარისკაცის სხეულის გვერდით ჩამოჯდა, ხელი თმაში ჩაავლო, თავი აუწია, სახეში ჩახედა და დიდმნიშვნელოვნად თქვა: “მკვდარია”. და მახარაძე სცენის დასრულებამდე ასე იწვა”.
- წიგნი “რეპორტაჟი მიკროფონის გარეშე” გამოცემულია საგამომცემლო ცენტრ “ჰუმანიტარული აკადემიის” მიერ. “კოტე მახარაძე მეგობრებისა და კოლეგების მოგონებებში” – წიგნის ამ ნაწილის ავტორები არიან – ვალერი ასათიანი, ოლეგ ბასილაშვილი, კირილ ნაბუტოვი, ალექსანდრ ნილინი, ნადეჟდა ოზეროვა (კოტე მახარაძის ქალიშვილი), გენადი ორლოვი, არკადი რატნერი, ალექსეი სამოილოვი, ერნესტ სერებრენიკოვი, ნიკიტა სიმონიანი, ჯამლეტ ხუხაშვილი, თენგიზ პაჩკორია, მამუკა კვარაცხელია, ვიქტორ შენდეროვიჩი.
გამოქვეყნებულია:09.12.2016