კორუფციული სკანდალები და კრიმინალი: როგორ გაიხსენებენ ალან გაგლოევის "პრეზიდენტობას" ცხინვალში
ალან გაგლოევის მმართველობის პერიოდი
ე.წ. სამხრეთ ოსეთში ალან გაგლოევის “პრეზიდენტობა”, როგორც ჩანს, სკანდალებისა და მზარდი კრიმინალის ფონზე დასრულებისკენ მიემართება, და რაც უფრო ახლოვდება მისი ვადის ბოლო, მით უფრო მძაფრდება კრიტიკა მის მიმართ.
ბოლო კვირებში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ბრალდება ადგილობრივი ბიზნესმენის, ურუზმაგ პარასტაევისგან წამოვიდა. ყოფილი ინვესტორი და საკონსერვო ქარხნის დირექტორი ამტკიცებს, რომ ე.წ. პრეზიდენტი მისი საწარმოს “კორპორატიულ დარბევაში“ იყო ჩართული. საკითხი საჯაროდ წამოჭრა ოპოზიციური პარტია “ერთიანი ოსეთის“ ლიდერმა აცამაზ ბიბილოვმა, რომელმაც თქვა, რომ საქმე არა მხოლოდ კერძო დავას, არამედ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ეხება.
თავად გაგლოევი ბრალდებებს უარყოფს. მისი თქმით, ქარხანა პარასტაევმა ნებაყოფლობით გადასცა ახალ მფლობელებს და არც თანამშრომლებისთვის ხელფასის დავალიანება არსებობს. ხელისუფლების პოზიცია კიდევ უფრო გამკაცრდა, როდესაც ე.წ. პრეზიდენტის პრესმდივანმა, ნატალია ბოსიკოვამ, ოპოზიციას ცილისწამებაში დასდო ბრალი და სასამართლოში ჩივილითაც დაემუქრა. მისი განცხადებით, ქარხნის აქტივების გადაცემის პროცესი სრულად კანონიერად განხორციელდა.
ამავე დროს, ხელისუფლებამ საკუთარი არგუმენტების გასამყარებლად გამოაქვეყნა ე.წ. პრეზიდენტსა და ბიზნესმენს შორის საუბრის აუდიოჩანაწერი ჩანაწერი, რომელიც, როგორც გაირკვა, პარასტაევის ნებართვის გარეშე იყო გაკეთებული. თავად ბიზნესმენი ადასტურებს შეხვედრის ფაქტს, თუმცა ამბობს, რომ გამოქვეყნებული მასალა არასრულია და გამოტოვებულია ის ნაწილები, რომლებიც, მისი მტკიცებით, გაგლოევის გარემოცვის მხრიდან ზეწოლას ადასტურებს.
ეს ეპიზოდი მხოლოდ ერთია იმ ბრალდებათა სერიიდან, რომელიც ბოლო წლებში ცხინვალში დაგროვდა. ადგილობრივი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის საქმე, რომელიც სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლებამ საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულა, კვლავ საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია. საკითხი ჟენევის მოლაპარაკებებზეც განიხილება, სადაც რეგიონის წარმომადგენლებს განმარტებების გაკეთება უწევთ.
ე.წ. პრეზიდენტის იმიჯზე გავლენას ახდენს მისი ოჯახის წევრებთან დაკავშირებული ისტორიებიც. განსაკუთრებით ხშირად იხსენიებენ მის ძმას, ალექსანდრეს, რომლის გარემოცვის წარმომადგენლები არაერთხელ აღმოჩნდნენ სამართალდამცავთა ინტერესის ქვეშ.
ამ ფონზე, ძალადობისა და კრიმინალის შესახებ ცნობები თითქმის ყოველდღიურობად იქცა. ადგილობრივი მედიასა და საზოგადოებაში საუბრობენ სროლებზე, მკვლელობებზე, გატაცებებსა და რეკეტზე, ასევე პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლის შემთხვევებზე.
თუმცა დაპირისპირება მხოლოდ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არ არის. გახმაურებულად რჩება შემთხვევა, როდესაც საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელს პრეზიდენტის გარემოცვასთან დაკავშირებული პირი დაესხა თავს. მიუხედავად იმისა, რომ საქმე სასამართლომდე მივიდა, სხვა ინციდენტები, მათ შორის ბიზნესმენ ალან მარგიევის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, კრიტიკოსების თქმით, სათანადო გამოძიების გარეშე რჩება. თავად მარგიევი იძულებულია რუსეთში დაიმალოს, მისი ოჯახი კი, როგორც ირწმუნებიან, მუქარისა და ზეწოლის ქვეშ ცხოვრობს.
ალან გაგლოევის ე.წ. საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე დაახლოებით ერთი წელი რჩება. თუმცა უკვე ახლა იკვეთება კითხვა, შეძლებს თუ არა ხელისუფლება ამ პერიოდში საზოგადოებრივი უკმაყოფილების შეკავებას, და რა ფორმას მიიღებს ეს უკმაყოფილება, თუ იგი მართლაც კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს.