აზერბაიჯანში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 1000 -ს გადააჭარბა
აზერბაიჯანში კორონავირუსით დაინფიცირების 1 058 შემთხვევაა დარეგისტრირებული, – იუწყება მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბი.
11 დაინფიცირებული გარდაიცვალა, 200 გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა.
მინისტრთა კაბინეტი ინფიცირებისა და სიკვდილიანობის ამ დონეს, სხვა ქვეყნებთან შედარებით, დაბალს უწოდებს, მაგრამ მიაჩნია, რომ თვითიზოლაციის წესები უფრო მეტად უნდა გამკაცრდეს.
- ყარაბაღი: არჩევნები პანდემიის ფონზე
- „როდესაც გამოვალ, პირველ რიგში ცოლს გადავკოცნი“ – შვიდი ისტორია კარანტინიდან საქართველოში

მოცემულ მომენტში აზერბაიჯანში შემოღებულია მკაცრი საკარანტინო რეჟიმი – დაკეტილია მეტრო, პარკები, სკვერები, თითქმის ყველა კომერციული ობიექტი, ორგანიზაცია და საწარმო. ქუჩაში გასავლისთვის მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ან სამსახურიდან ცნობა, ან ხელისუფლებისგან მიიღოს SMS-ნებართვა, რომელიც დღეში ერთხელ, ორი საათით გაიცემა. 65 წელიწადზე უფროსი ასაკის ადამიანებს სახლიდან გასვლა საერთოდ ეკრძალებათ. ამავდროულად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა აქამდე ოფიციალურად არ არის გამოცხადებული, რაც ყველა ამ აკრძალვას არსებითად უკანონოს ხდის.
მაგრამ, ჩინოვნიკების თქმით, მოქალაქეებს სახლში ჯდომა მაინც არ სურთ, წესებს არღვევენ და, მაღალი ჯარიმებისა ($58-დან) და დაპატიმრების საფრთხის მიუხედავად, სხვადასხვა ხრიკს მიმართავენ.
მაგალითად, 11 აპრილს პოლიციამ 3 ათასზე მეტი წესრიგის დამრღვევი დააკავა. 27 მათგანი ადმინისტრაციული წესით დააპატიმრეს, ერთი კი – სისხლის სამართლის წესითაც.
პოლიციელები არამხოლოდ გამვლელებს ამოწმებენ, არამედ შეუძლიათ ავტობუსში ავიდნენ, და მგზავრებს ნებართვის წარმოდგენა მოსთხოვონ. ამგვარი შემოწმების მოწმე გახდა JAMnews-ის პოლიტიკური მიმომხილველი შაჰინ რზაევი:
„ავტობუსით ძველ სურაჰანში მივდიოდი [ქალაქგარეთა დაბა ბაქოს მახლობლად]. ავტობუსი გააჩერეს, წინა და უკანა კარიდან პოლიციელები და შინაგანი ჯარის ჯარისკაცები ამოვიდნენ: „სალამ ალეიკუმ! – გვითხრეს,- თქვენი ნებართვები გვიჩვენეთ“-ო. ასეთი რამ ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მაქვს ნანახი, 1993 წლის ბოლოს, როდესაც ყარაბაღის ომი მიმდინარეობდა. მაშინ სამარშრუტო ტაქსებში აწყობდნენ ასეთ რეიდებს და ახლაგზრდები ფრონტზე პირდაპირ იქედან მიჰყავდათ, ისე, რომ შინაურებს ვერც ემშვიდობებოდნენ.
ამჯერად ჩამოსვეს ორი ახალგაზრდა მამაკაცი და ერთი გოგონა, რომლებსაც SMS-ნებართვა არ ჰქონდათ. გოგონა ლამაზი თვალების გამო გაუშვეს, ბიჭებს კი მანქანაში უკრეს თავი“.
საკარანტინო რეჟიმის დარღვევისთვის დაპატიმრებულ ადამიანებს შორის უკვე რამდენიმე ოპოზიციონერია.
10 მარტის საღამოს კი იმავე მუხლით დააპატიმრეს ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქ ლენქორანის მკვიდრი, რომელსაც, თავისი კრიტიკული Facebook-პოსტების გამო, ხელისუფლებასთან მანამდეც ჰქონდა პრობლემები.
ახალგაზრდა მამაკაცი, სახელად ნარიმან აბდულაევი, მისი დედის თქმით, პირდაპირ სახლიდან წაიყვანეს.