13 მარტს საქართველო კორონავირუსის ვაქცინის პირველ პარტიას მიიღებს. ეს AstraZeneca იქნება
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა შაბათიდან, 13 მარტიდან შემოვა.
საქართველოში ბოლო დრომდე ცნობილი არ იყო ვაქცინის მიღების ზუსტი თარიღი. ბოლო მონაცემებით, ხელისუფლება ვაქცინას 22 მარტის შემდეგ ელოდა.
ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ვაქცინის დაჩქარებული წესით შემოტანა UNICEF-ის დახმარებით მოხდა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დაჩქარდა მოლაპარაკებები ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინის მოწოდებაზე, რომლის მიღებასაც საქართველო თებერვლის ბოლოს გეგმავდა.
ვაქცინით, რომელიც საქართველოში 13 მარტს ჩამოვა, პირველ რიგში იმ ექიმების აცრა მოხდება, რომლებიც კოვიდ-კლინიკებში მუშაობენ. პირველ ეტაპზე დაგეგმილია 42 ათასი ადამიანის აცრა, ხოლო შემდეგ, 6-12 კვირის განმავლობაში, საქართველო ვაქცინის დამატებითი დოზის მიღებას გეგმავს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ვარაუდობს, რომ მოქალაქეებს, რომლებიც რისკ-ჯგუფებში არ შედიან, მიმდინარე წლის მესამე-მეოთხე კვარტალში აცრიან.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად, საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებს ყველა პარტნიორ ქვეყანასთან, მათ შორის ისრაელთან – Moderna და Pfizer ვაქცინების მისაღებად.
“მოლაპარაკებები მიმდინარეობს გერმანიასთანაც, მაგრამ ვაქცინის მიღება ამ ქვეყნიდან მხოლოდ წლის მესამე კვარტალში იქნება შესაძლებელი”, – განაცხადა ტიკარაძემ.
მისივე თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს Johnson & Johnson- თანაც. საქართველო ასევე არ გამორიცხავს ჩინური ვაქცინის იმპორტს.
AstraZeneca
AstraZeneca შეიქმნა ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ანგლო-შვედური ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca მიერ. პრეპარატის ეფექტურობა დაახლოებით 63% -ს შეადგენს. ამ ვაქცინის უპირატესობაა ისიც, რომ მისი შენახვისთვის ჩვეულებრივი მაცივრების გამოყენებაც შეიძლება.
კლინიკურმა კვლევებმა დიდ ბრიტანეთში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 23 ათასმა ადამიანმა, აჩვენა, რომ AstraZeneca უსაფრთხო და ეფექტურია 18 წელს გადაცილებულ ადამიანებში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაამტკიცა პრეპარატის ორი ვარიანტი – ერთი მათგანი სამხრეთ კორეაში SKBio– სთან ერთად მზადდება, მეორე – ინდოეთში.
სწორედ ინდური წარმოების ვაქცინა შეიძინა უკრაინამ.
___________________________________
● კოვაქს პლატფორმა განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ თებერვალში ვაქცინა
● ფეისბუკ-ჯგუფები, როგორც ჯანდაცვის სისტემის ალტერნატივა? VIDEO
● გამოკითხვა: ენდობიან თუ არა ბაქოელები კორონავირუსის ვაქცინას? ვიდეო