რუსეთი დაფარავს აფხაზეთში, კოდორის ხეობაში მიმავალი გზის შეკეთებას, რათა ის ტურისტებისთვის მიმზიდველი გახდეს.
ეს მოხდება აფხაზურ დასახლებებში ქუჩებისა და გზების ქსელის შეკეთებისა და აღდგენის სოციალურ-ეკონომიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, რისთვისაც რუსეთის ფედერაცია ფედერალური ბიუჯეტიდან 1 მილიარდ რუბლს [დაახლოებით 12 მილიონ 600 ათასი დოლარი] გამოყოფს.
კოდორის ხეობა მდებარეობს მთებში, მდინარე კოდორის ზემო წელზე, აფხაზეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.
საბჭოთა პერიოდში კოდორის ხეობა ადმინისტრაციულად აფხაზეთის ასსრ-ის შემადგენლობაში შედიოდა.
1992-93 წლების საქართველო-აფხაზეთის ომის დროს ის აფხაზურ და ქართულ ძალებს შორის დაპირისპირების ადგილად იქცა და საბოლოოდ საქართველოს კონტროლის ქვეშ მოექცა.
1994 წელს ქართული და აფხაზური მხარეების მიერ ხელმოწერილი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების“ პირობების თანახმად, კოდორის ხეობაში სამშვიდობო ძალების და საერთაშორისო გაეროს დამკვირვებლების რეგულარული პატრულირება იყო საჭირო. თუმცა, ამ ტერიტორიის მიუწვდომლობის გამო, პატრულირება არაეფექტური აღმოჩნდა. ხეობაში დროდადრო ინციდენტები ხდებოდა.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სოხუმმა კოდორის ხეობაზე კონტროლი აღადგინა.
ახლა აფხაზეთის ხელისუფლება ცდილობს რესპუბლიკის აღმოსავლეთი ნაწილი, რომელიც სოციალურ-ეკონომიკური განვითარებით მნიშვნელოვნად ჩამორჩება დასავლეთ ნაწილს, ინვესტიციებისთვის უფრო მიმზიდველი გახადოს. კოდორის ხეობაში საგზაო ინფრასტრუქტურის შეკეთება კი ამ გეგმის განუყოფელი ნაწილია. ხეობაში მთის ტურიზმის კლასტერის შექმნა იგეგმება.
ხეობაში გზის შეკეთების გადაწყვეტილება კრემლის კურატორის – რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის სერგეი კირიენკოს – აფხაზეთში ვიზიტის დროს მიიღეს.
პროგრამის თანახმად, რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი მიმდინარე 2025 წელს დაიწყება, რომელიც 2026 წლის დეკემბრისთვის უნდა დასრულდეს. პირველი ეტაპის ღირებულება 205,5 მილიონი რუბლი [დაახლოებით 2 მილიონ 600 ათასი] იქნება.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო