როგორ გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ჯეი დი ვენსის სამხრეთ კავკასიაში ვიზიტს და საქართველოს იგნორირებას
გაზიარება
გაზიარება
კობახიძე ჯეი დი ვენსის ვიზიტზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თბილისი მზად არის აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის და ამ მიმართულებით ამერიკული მხარის „შემხვედრ ნაბიჯებს“ ელოდება.
კობახიძემ ეს განცხადება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის სამხრეთ კავკასიაში ვიზიტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად გააკეთა. ვენსი სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის ფარგლებში ჩავიდა ერევანში და ბაქოში, თუმცა არა თბილისში.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უკვე გამოხატა სრული მზადყოფნა ურთიერთობების „გადატვირთვისთვის“ და პროცესის გაგრძელება ახლა ძირითადად ვაშინგტონზეა დამოკიდებული.
კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს პოზიცია ამ საკითხზე „მკაფიოა“ – ქვეყანა მზად არის სტრატეგიული პარტნიორობა „სუფთა ფურცლიდან“ განაახლოს.
„ჩვენ აშშ-სთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია გამოხატული გვაქვს – მზად ვართ სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის. ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო პოზიცია და შემხვედრ ნაბიჯებს ველოდებით. რამდენ ხანსაც საჭირო იქნება დალოდება, იმდენ ხანს დაველოდებით“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ვაშინგტონს შესთავაზა ყველა საკითხის განხილვა წინაპირობების გარეშე და ერთობლივი „გზამკვლევის“ საფუძველზე, რომელიც ორივე მხარის ინტერესებს გაითვალისწინებს.
„ჩვენი მთავარი ნაბიჯი უკვე გადავდგით – ღიად გამოვხატეთ მზადყოფნა სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის. მზად ვართ ყველა დეტალი ყოველგვარი პირობების გარეშე განვიხილოთ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ამერიკული მხრიდან გაკეთებული განცხადებები მას ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს, თუმცა კონკრეტული დეტალები არ დაუზუსტებია.
„ბოლოდროინდელი გზავნილები, რაც ამერიკული მხრიდან ისმის, ოპტიმისტურად განგვაწყობს. ჩვენი სურვილია, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს და ამ მიმართულებით ამერიკული მხარის ნაბიჯებს დაველოდებით“, – თქვა მან.
პრემიერ-მინისტრს ასევე ჰკითხეს, იზიარებს თუ არა სამთავრობო პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი რუპორის, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ აშშ-ის დღევანდელ ადმინისტრაციასთან დაკავშირებით გამოხატულ პოზიციას. შათირიშვილმა დაწერა ღია წერილი, სადაც ტრამპს “დიფ სთეითის” მიერ მართული უწოდა. შათირიშვილი თავის ღია წერილებში ხშირად გამოხატავს სამთავრობო პოზიციას და მესიჯებს. კობახიძემ განაცხადა, რომ შათირიშვილის შეფასებები მისი პირადი მოსაზრებაა.
„ჩემი პოზიცია არის ის, რასაც მე ვამბობ, ხოლო რასაც ზაზა შათირიშვილი ამბობს, ეს მისი პოზიციაა“, – აღნიშნა მან.