“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უცხო ძალებს ქართველი რადიკალი აქტივისტები ლიეტუვაში მიჰყავთ და იქ ამეცადინებენ პოლარიზაციის გაღრმავებაში.
“იქ მათთვის შესაბამისი ტრენინგები ტარდება. ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი,” – ირაკლი კობახიძემ.
კონკრეტულად ვინ იმყოფებოდა ლიეტუვაში პოლარიზაციის შესასწავლად ან ვის მიერ იყო ორგანიზებული აღნიშნული ღონისძიება, კობახიძეს არ დაუკონკრეტებია. მისი მოსაზრებით, საქართველოში პოლარიზაციის გასაღრმავებლად დიპ-სტეიტი განსაკუთრებით აქტიურად იყენებს დიდ ბრიტანეთს.
“ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი. თქვენ ხედავთ, რომ „დიპ-სტეიტი“ განსაკუთრებულად აქტიურად იყენებს დიდ ბრიტანეთს პოლარიზაციის გაღრმავებისთვის ჩვენს ქვეყანაში, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია”. – ამბობს კობახიძე.
მისი აზრით, მას შემდეგ, რაც ე.წ. ფარა და “გრანტების შესახებ“ კანონი იქნა მიღებული, ქვეყანაში პოლარიზაცია შემცირებულია:
“ჩვენ მოვახერხეთ საქართველოში პოლარიზაციის შემცირება, პირველ რიგში, გამჭვირვალობის, ე.წ. ფარას კანონით, ასევე “გრანტების შესახებ“ კანონით. ვხედავთ, რომ პოლარიზაცია რადიკალურად არის შემცირებული იმიტომ, რომ ის ძალები, რომლებიც მანამდე გაუმჭვირვალედ აფინანსებდნენ საქართველოში პოლარიზაციის, სიძულვილის გაღვივებას, დღეს, ასე თავისუფლად ვეღარ მოქმედებენ”.
თუმცა, კობახიძის თქმით, ეს არ მოსწონთ გარე ძალებს: “ხედავთ, რომ მოიფიქრეს რაღაც ალტერნატიული ფორმები და ლიეტუვაში მიჰყავთ რადიკალი აქტივისტები პოლარიზაციის გასაღრმავებლად, მათთვის შესაბამისი ტრენინგები ტარდება. ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი. სამწუხაროა, როდესაც კონკრეტული ევროპული ძალები ასოცირდებიან საქართველოში სიძულვილის გაღვივების მცდელობასთან. ეს არის მართლაც შემაშფოთებელი.”
“ქართული ოცნების“ მთავარ მტერს – “დიპ სტეიტს“ – თავიდან “გლობალური ომის პარტია“ ერქვა, თუმცა, ტრამპის გაპრეზიდენტებასთან ერთად რიტორიკაში თანდათან სწორედ სიტყვა “დიპ სტეიტი” შემოვიდა.
“ქართული ოცნება” ”დიპ სტეიტად” მოიხსენიებს გარე, გლობალურ ძალას, რომლის მთავარი მიზანია საქართველოს ომში ჩათრევა და რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინის სასარგებლოდ მეორე ფრონტის გახსნა. ამ მიზნის მისაღწევად, “ოცნების” განცხადებებით, დიპ-სტეიტი მრავალ ხერხს იყენებს, მათ შორის, პირველ რიგში საზოგადოების პოლარიზაციას და ქვეყნის შიგნით არეულობის შექმნას. ამაში “დიპ სტეიტს” ეხმარება მისი შიდა ქსელი “რადიკალური ოპოზიციის” სახით. “რადიკალურ ოპოზიციად” “ქართული ოცნება” მოიხსენიებს ხელისუფლების ყველა კრიტიკოსს, მათ შორის ჟურნალისტებსაც.