კოალიციური ქრონიკა: არმაგედონიდან დღემდე
2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოში ერთგვარი პოლიტიკური არმაგედონი შედგა _ არჩევნები “ყველა ერთის წინააღმდეგ. საერთოდ, როცა ასეთი პოლარიზაციაა, ეს ყველგან და ყოველთვის იმ ერთის ბრალია და არა ყველასი. თუმცა, ამას ახლა არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარი ისაა, რომ ასეთი პოლარიზაცია უკვალოდ არასდროს ჩაივლის ხოლმე.
ანტისახელისუფლებო პოლუსი ავტომატურად შინაგან სიჭრელეს გულისხმობს. საქართველოშიც ასე მოხდა.
სააკაშვილის ხელისუფლება ,მართალია, ცდილობდა, ოპონენტები მოდერნიზაციით უკმაყოფილო რეტროგრადებად და რუსეთის აგენტების ხროვად წარმოეჩინა, მაგრამ ბედის ირონიით ისე მოხადა, რომ სწორედ ამ დამოკიდებულების გამო იქცა მთელი ქვეყანა “ნაციონალური მოძრაობის ოპონენტად.
ვერ ვიტყვი, რომ რეტროგრადები სააკაშვილს არ ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა ოპონენტთა შორის მხოლოდ ისინი არ იყვნენ _ ვიღაცას ქართველობის დაკარგვის შიში აწუხებდა, ვიღაცას მართვის ავტორიტარული სტილი, ვიღაცას სოციალური პრობლემები; მაგრამ ყველას აერთიანებდა ხელისუფლების შეუწყნარებლობა განსხვავებული აზრისადმი, უპირობო მორჩილებაზე უარის მთქმელთა მიმართ სისასტიკე და დაუნდობლობა.
არმაგედონში გამარჯვების შემდეგ, როდესაც ანტისახელისუფლებო პოლუსი თვითონ გახდა ხელისუფლება, თვისობრივად სხვა სიტუაცია შეიქმნა.
საქმე ისაა, რომ ხელისუფლებას არ შეიძლება აერთიანებდეს საერთო მტერი. ხელისუფლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია რაღაც საერთო ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებზე თანხმობა.
ხელისუფლებაში ყოფნა არ გულისხმობს მხოლოდ ბიუროკრატიულ რუტინას, რომელსაც კარგმა მენეჯერმა შეიძლება მოუაროს. აქ მთავარი და განმსაზღვრელი იდეურ-პოლიტიკური ერთობაა. თუკი ხელისუფლებაში მოდის გუნდი, რომლის ერთი ნაწილი, ვთქვათ, ჰიდროელექტროსადგურების მომხრეა, მეორე ნაწილი _ თბოელექტროსადგურების, ხოლო მესამე ქარის და მზის ენერგიის გამოყენების, საბოლოოდ მოხდება ისე, რომ ან მთელ სადავეებს ხელში ამ სამიდან ერთ-ერთი აიღებს, ან კი მათი ერთობლივი ძალისხმევით, არც ჰიდრო, არც თბო და არც ქარისა და მზის ელსადგურები არ აშენდება.
სხვანაირად რომ ვთქვა, იდეურ-პოლიტიკური ერთგვაროვნება ხელისუფლების ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის არასაკმარისი, მაგრამ აუცილებელი პირობაა. არმაგედონის შემდეგ კი პრინციპულად შეუძლებელია იდეურ-პოლიტიკურად ერთგვაროვანი ხელისუფლების მოსვლა. ამ დროს გარკვეული ეკლექტიზმი გარდუვალია და 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგად მოსული ხელისუფლებაც ვერ ასცდა ამ პოსტარმაგედონულ რეალობას.
კოალიციის არჩევნებამდელი სიჭრელე კიდევ შეიძლება ივანიშვილის გარშემო მთელი ერის კონსოლიდაციის მოთხოვნილებით გავამართლოთ, მაგრამ დღეს, არჩევნების შემდეგ ეს სიჭრელე რომ პრობლემად იქცა, საკამათო არაა.
ხელისუფლებას მეტი ეფექტურობისთვის აშკარად სჭირდებოდა უფრო მყარი იდეურ-პოლიტიკურ ერთგვაროვნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება ის, რაც ზემოთ უკვე ვთქვი _ ან ეკლექტური ერთობიდან იკვეთება ერთი იდეურ-პოლიტიკური და ღირებულებითი დომინანტი, ან ხდება მართვის სტრუქტურების სტაგნაცია, რასაც, თუ დროზე ბოლო არ მოეღო, აუცილებლად მოჰყვება რღვევა და კრიზისი.
არ შევუდგები მსჯელობას თუ რატომ და როგორ, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიტიკური ცხოვრების ეს კანონზომიერება თავის დროზე არ გავითვალისწინეთ. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ დღეს ეკლექტური ერთობის ერთმა შემადგენელმა იძალა მეორეზე.
კიდევ ერთი ბედის ირონია (ამჯერად უკვე კოალიციასთან მიმართებაში) ისაა, რომ კოალიციის შიგნით იმძლავრა სწორედ იმ ძალამ, რომლის იმიჯი თითქმის ასპროცენტიანი სიზუსტით შეესაბამება იმგვარი პოლიტიკური ძალის იმიჯს, როგორადაც ნაცმოძრაობა თავის ოპონენტებს ხატავდა. ეს არის უკიდურესად არაკვალიფიციური კონტიგენტი, რომელიც მთლიანად აწყობილია პოსტსაბჭოურ (ან სულაც საბჭოურ) კლიშე-სტერეოტიპებზე; ადამიანები, რომელთაც ეშინიათ თანამედროვე სამყაროს მრავალფეროვნების, გახსნილობის, უცხო კულტურების. მათ გამოარჩევს არა მარტო არაკვალიფიციურობა, არამედ უიდეობაც _ ისინი მთლიანად დაკავებულები არიან პირადი კეთილდღეობის მოწყობით და ანტიდასავლური იდეოლოგიაც იმიტომა აქვთ გათავისებული, რომ ვერ ხედავენ საკუთარი პერსონების რეალიზაციის პერსპექტივას მოდერნიზებულ, ევროპულ საქართველოში.
ასეთ ხალხს არ შეუძლია რაიმე პროგრამული და პოზიტიური განაცხადით პოზიციონირებდეს პოლიტიკაში. მათი პოლიტიკური პლატფორმა შეიძლება იყოს მხოლოდ მტრის წინააღმდეგ ბრძოლა _იქნება ეს არაქართველები, ჰომოსექსუალები, მასონები, იეღოველები ან იგივე ნაცმოძრაობა. მტრის ხატზე ორიენტირებული პოლიტიკისთვის მთავარია ხატი იყოს და ვინაა ამ ხატზე გამოსახული, პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს _არსებითად ყველა მტერი ერთია.
საზოგადოების ეს სეგმენტი, რომელიც წინასაარჩევნო ეკლექტურ ერთობაში სულაც არ წარმოადგენდა წამყვან ძალას, არჩევნების შემდეგ სერიოზულად შემოვიდა ძალაუფლების ველში და თანდათანობით გაფართოვდა, გაძლიერდა, მომრავლდა მართვის ვერტიკალის ყველა სეგმენტში და ლამის კრიტიკულ ზღვარამდე მიაღწია.
რატომ მოხდა ასე და რა იყო ამის მიზეზი, ეს ცალკე თემაა. აქ მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მოვლენათა ამგვარ განვითარებაზე თავისი (და საკმაოდ მნიშვნელოვანი) წილი პასუხისმგებლობა კოალიციაში მყოფ პროდასავლურ-პოლიტიკურ შემადგენლობას ეკისრება, განურჩევლად იმისა, თუ რომელ პარტიას ეკუთვნიან ისინი ან საერთოდ არიან თუ არა პარტიის წევრები.
მეორე მხრივ, ხელისუფლების წიაღში მყოფ ამ სეგმენტს არც იმის უნარი აღმოაჩნდა, რომ მთლიანად აეღო ხელში ძალაუფლება. ეს ბუნებრივიცაა, რადგან მათ არც გამოკვეთილი ლიდერი ჰყავთ და არც რომელიმე კონკრეტულ პარტიაზე არიან მიბმული. ისინი ძირითადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ ერთგულებაზე აპელირებენ და მისი მოწყალე დამოკიდებულების იმედი აქვთ. თუმცა, ივანიშვილის სტილი არ არის ერთი კონკრეტული იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური ჯგუფის ლიდერობა და ის მით უმეტეს არ გახდება უიდეო, ფულზე ორიენტირებული ანტიდასავლელების ბელადი (მიუხედავად იმისა, რომ “ნაციონალური მოძრაობა მას პოლიტიკაში შემოსვლის პირველი დღიდანვე სწორედ ამ ბრალდებას უყენებს). ძლიერი ლიდერის გარეშე კი, ამ კონტიგენტს, რაოდენ მრავალრიცხოვანიც უნდა იყოს, არ ძალუძს ხელში აიღოს ძალაუფლება და მართოს ქვეყანა. საამისო კვალიფიკაციამდე მათ ძალიან ბევრი უკლიათ.
ამ სიტუაციაში კოალიცია ერთგვარ გზასაყარზე დგას. ან მკაფიოდ გამოკვეთილი დემოკრატიული მოდერნიზაციის ხედვა და ამ საფუძველზე პროდასავლური ძალების კონსოლიდაცია, ან კომპრომისები შინაურ ანტიდასავლელებთან, რომლებიც ზოგიერთ პოლიტიკოსს თუ ანალიტიკოსს სრულიად უსაფუძვლოდ ჰგონია ერის სულისკვეთების გამომხატველი.
ამ მხრივ, ახალი პრემიერის პირველი ნაბიჯები აშკარად არ შეესაბამება ანტიდასავლელთა იმედებს. თუმცა, არც რაციონალური ძალების მდგომარეობაა სახარბიელო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არჩევნებამდე საკმაოდ ცოტა დროა დარჩენილი, ხოლო ხელისუფლების ყველაზე ორგანიზებული და რეიტინგული ოპონენტი ჯერ კიდევ ნაცმოძრაობაა, რომელსაც ოდნვადაც არ განუცდია სახეცვლილება და, ხელისუფლებაში მობრუნების შემთხვევაში, უცილობლად დაგვაბრუნებს არმაგედონის წინარე ეპოქაში, თანაც რევანშისტული სულისკვეთებით.
იმისა გათვალისწინებით, რომ ნაცმოძრაობის მობრუნების შიში ჯერ არსებობს სრულიად საქართველოში, ხოლო სახელისუფლო სტრუქტურებში განფენილი ანტიდასავლური სეგმენტიც საკმაოდ გადღაბნილ-დეზორგანიზებულია, ნაკლებად სავარაუდოა ვითარების რადიკალურად შეცვლა. თუმცა, ძირითადი ტენდენციების გამოკვეთა, თუ საით მიდის ხელისუფლება და ქვეყანა, აუცილებლად მოხდება ჯერ კიდევ არჩევნებამდე.
და ეს არჩევნები არავითარ შემთხვევაში აღარ იქნება პოლიტიკური არმაგედონი. იმედია, არა მარტო ეს არჩევნები.
* სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ავტორის ხედვას და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.