"ქართული ოცნების" ხელისუფლება BBC-ს წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს
ხელისუფლება BBC-ს უჩივის
“ქართული ოცნების” განცხადებით, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება BBC-ს წინააღმდეგ სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში დაიწყოს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლება გამოიყენებს ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას, რომ “სიცრუის გამავრცელებელმა ეგრეთ წოდებულმა მედიამ” პასუხი აგოს “ბინძური, ცრუ” ბრალდებების გავრცელების გამო.
პარტიის თქმით, BBC უსაფუძვლოდ ამტკიცებს, რომ პოლიციამ აქციების დროს ქიმიური ნივთიერება გამოიყენა, ხოლო სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია “დაინტერესებული და კრიმინალი პირების ნაამბობს“ ეყრდნობა. მათივე მტკიცებით, BBC-მ მათ სრულ პასუხებს სტატიაში ადგილი არ დაუთმო და “დიფ სტეიტის პროპაგანდის“ გავრცელებაში მონაწილეობს.
რას ამბობს “ქართული ოცნება”
“გარდა ამისა, სტატიაში ძირითადად საუბრობენ დაინტერესებული პირები, გიგაური, ბრალდებული ხასაია, ბრალდებული შაიშმელაშვილი, მსჯავრდებული ბაჩიაშვილი და სხვა მსგავსი პირები. “ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურს სტატიის გამოქვეყნებამდე აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა “გამომძიებელ ჟურნალისტთან“. აბსოლუტურად ყველა შეკითხვაზე, რომელიც BBC-მ მოგვაწოდა, მოვამზადეთ სრულყოფილი პასუხები და პუნქტობრივად, დეტალურად დავაკმაყოფილეთ ბრიტანული მედიის ინტერესი.
გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო პერიოდში აღნიშნული მედია არაერთ სკანდალში გაეხვა, არაერთხელ დაუდასტურდა სიცრუის გავრცელება და ამის გამო მაუწყებელზე ტოპ მენეჯმენტიც კი შეიცვალა, ჩვენი პასუხის დასაწყისში დავაყენეთ მხოლოდ ორი პირობა – სრულად გაეშუქებინა ჩვენი პოზიცია, შევთავაზეთ ჩვენ მიერ გაგზავნილი თითოეული სიტყვის მტკიცებულების მიწოდება, პარალელურად კი მოვითხოვეთ, რომ მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის დაცვით, ყველა მსჯელობა, რაც სტატიაში იქნებოდა წარმოდგენილი, დაფუძნებული ყოფილიყო მხოლოდ მტკიცებულებებზე. სანაცვლოდ მივიღეთ სიცრუის კორიანტელი, მძიმე ბრალდებები ხელისუფლების მიმართ, რომელიც როგორც აღვნიშნეთ, დაინტერესებული პირების მონათხრობზეა აგებული და ცხადია, არანაირი კავშირი რეალობასთან არ აქვს.
საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ რამდენიმე კვირის წინ BBC სკანდალში გაეხვა, როდესაც ეგრეთ წოდებულმა მედიამ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უხეშად დამონტაჟებული ინტერვიუ გაავრცელა, სადაც შეცვლილი იყო საუბრის კონტექსტი და შინაარსი. ამ მანიპულაციის გამო მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა და ახალი ამბების აღმასრულებელმა დირექტორმა თანამდებობები დატოვეს, თუმცა ეს უფრო ჰგავდა აშშ-ის პრეზიდენტისთვის კოჭის გაგორებას, ვიდრე შეცდომაზე პასუხისმგებლობის აღებას.
BBC-ს რომ ბინძური დაკვეთების შესრულებასა და სიცრუის გავრცელებაზე არანაირი მორალური თუ პროფესიული დაბრკოლება არ აქვს – ეს დღეს გამოქვეყნებული სტატიიდანაც კარგად ჩანს, ხოლო მათი მენეჯმენტის ცვლილება გვაგონებს ბრიტანეთში ბოლო წლებში რამდენიმე პრემიერ-მინისტრის ცვლილებას, რასაც ამ ქვეყანაში არათუ ძირეული, ფასადური ცვლილებაც კი არ მოჰყოლია და შედეგად “დიპ სტეიტის“ მართული ერთი მთავრობა მეორემ ჩაანაცვლა.
იმის გამო, რომ ერთ დროს ავტორიტეტულმა მედიამ, რომელიც დღეს არაფორმალური მმართველობის პროპაგანდის იარაღად არის ქცეული, საჯაროდ გაავრცელა ცრუ ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და ამ ბრალდებების დასამტკიცებლად თუნდაც ერთი მტკიცებულებაც კი არ მოიყვანა სტატიაში, იმის გამო, რომ ტყუილებზე აგებული ეგრეთ წოდებული
ჟურნალისტური გამოძიება“ ძირითადად კრიმინალების მონათხრობზეა აგებული და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან, იმის გამო, რომ BBC-მ ყველა კითხვაზე მიიღო ამომწურავი პასუხები და სტატიაში დასაბუთებული პასუხების 1%-იც კი არ გამოაქვეყნა, იმის გამო, რომ ეს ბინძური პროპაგანდისტული მასალა არის მცდელობა, ჩირქი მოსცხონ საქართველოს მთავრობას, ქართულ პოლიციას და რაც მთავარია – საქართველოს სახელმწიფოებრიობას – მივიღეთ გადაწყვეტილება, ცრუ მედიის წინააღმდეგ დავიწყოთ სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში. გამოვიყენებთ ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას, რომ სიცრუის გამავრცელებელმა ეგრეთ წოდებულმა მედიამ პასუხი აგოს ბინძური, ცრუ ბრალდებების გავრცელების გამო.” – წერია “ქართული ოცნების” განცხადებაში.
BBC-მ გამოაქვეყნა ვრცელი სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებების თანახმად, გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისამთავრობო მომიტინგეების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
BBC-ის სამსახური ამბობს, რომ გამოძიების პროცესში მათ ინფორმატორები ჰყავდათ საქართველოს საპოლიციო სპეცრაზმის რიგებიდანაც. ჟურნალისტები ასევე ესაუბრნენ ქიმიური იარაღის ექსპერტებს, ექიმებს, დაზარალებულებს.
ამ წყაროებიდან შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ პროევროპული აქციების დარბევისას გამოყენებული იყო ნივთიერება, რომელსაც ფრანგული სამხედრო უწყება “კამიტეს” უწოდებს.
გამოცემა წერს, რომ “კამიტე” პირველად პირველი მსოფლიო ომის დროს საფრანგეთმა გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. მისი შემდგომი გამოყენების შესახებ არსებობს მწირი ინფორმაცია, მაგრამ ითვლება, რომ ის მიმოქცევიდან 1930-იან წლებში ამოიღეს, იმის გამო, რომ მას ჰქონდა ხანგრძლივი ეფექტი. მის შემცვლელად კი CS გაზი, ანუ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენება.