ხელი არ მოკიდოთ ჩაიდანს
ჩვენს ოფისში ელინა რაღაც გაუგებარ პოზიციაზე დანიშნეს. ვერ გავარკვიეთ, ოფისმენეჯერი იყო, თუ უბრალოდ მეთვალყურე. ხელფასს არ იღებდა. უბრალოდ კეთილი ნებით ეხმარებოდა დირექტორს იმ საწარმოს “ფეხზე დაყენებაში”, რომელიც, როგორც თავად ამბობდა, ჩვენ დავაქციეთ. მოდით, ამ ფირმას პირობითად X ვუწოდოთ.
1
და მან მაშინვე დაიწყო ორგანიზაციის “ფეხზე დაყენება”. ჩვენი ჟურნალების კარადა გამოაღო და თავისი ბრჭყალებიანი, მსუქანი თათებით იმ ყველაფრის თითო-თითოდ გადმოყრა დაიწყო, რაც ამ სათავსოში იდო. ჩვენი ჩაის ნაცვლად, სახლიდან რაღაც ეგზოტიკური, გამომშრალი ყვავილებით გამდიდრებული ნარევი მოიტანა. ყველაზე დიდი საშინელება კი ისაა, რომ ჩაიდანი გარეცხა. უფრო სწორად, მედიდური იერით მაღაზიიდან მინადუღის საწინააღმდეგო საშუალება ამოიტანა და ჩაიდანი არაბუნებრივ ბზინვარებამდე გახეხა.
პირველი წესი: ხელი არ ახლოთ ჩაიდანს. თქვენს ახალ სამუშაო ადგილზე უკვე ჩამოყალიბებულია ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ტრადიციები. თუ სადმე მტვერია და ფინჯნებზე შავი ნადები შეინიშნება, ეს იმის ნიშანია, რომ აქ მყოფი თითოეული ადამიანი თავს ისე გრძნობს, როგორ საკუთარ სახლში და მათ არ სჭირდებათ ინსპექტორი, რომელიც ასეთი იაფფასიანი გზით მიუთითებს, “როგორ უნდა იყოს ყველაფერი”. აცადეთ ერთი კვირა – რომ ადამიანებმა მიგიღონ. ამის შემდეგ ითხოვეთ რაიმეს შეცვლის ნებართვა და მხოლოდ ამის მერე დაიწყეთ ყველაფრის რეცხვა, ავეჯის გადალაგება და ზედმეტი ნივთების გადაყრა.
2
ელინას კიდევ ერთი სამწუხარო შეცდომა ის იყო, რომ იგი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ჩვენგან რაიმეს სწავლის შესაძლებლობას. შეგიძლიათ ამ პროგრამით მუშაობა? რა თქმა უნდა, შემიძლია! სხვა პასუხი მისგან არც მსმენია. შედეგად, როდესაც ჩემი წასვლის შემდეგ მენეჯერის ადგილი მან დაიკავა, ის სრულიად უმწეო აღმოჩნდა.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ძალიან კარგი პროფესიონალი ხართ, გაითვალისწინეთ, რომ ყველა საწარმოს თავისი სპეციფიკა აქვს. კაფეს თავისი მუდმივი კლიენტები ჰყავს, რომლებსაც თქვენ ჯერ არ იცნობთ, საამქროში კი ჩარხებია, რომელთაგან თითოეული თავისებურად მუშაობს. ადამიანები, რომლებსაც ეშინიათ იმის აღიარება, რომ რაღაცას ვერ ხვდებიან, სულელურად გამოიყურებიან.
მეორე წესი: მიიღეთ ინფორმაცია ახალ თანამშრომლებისგან; ნუ მოირგებთ რევიზორის ნიღაბს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელმძღვანელის პოზიციას იკავებთ, სთხოვეთ თანამშრომლებს, სამსახურთან დაკავშირებულ დეტალებზე გესაუბრონ; სთხოვეთ, აგიხსნან, რა როგორაა მოწყობილი.
3
ორგანიზაცია X-ის ახალი დირექტორი ტიპური “გამგებელი” იყო. ანუ მას ძალიან უყვარდა გულითადი საუბრები თანამშრომლებთან. დირექტორი ხელქვეითებს მათსავე პრობლემებზე ესაუბრებოდა. იგი დაბალი რგოლის თანამშრომლების ქორწილებში დადიოდა და ამით ხელქვეითების აღფრთოვანებას იწვევდა. მოკლედ, კეთილი მამის როლს თამაშობდა ისე, როგორც შეეძლო. თუმცა, ეს ხელს არ უშლიდა, რომ დიდი დავალიანება ჰქონოდა ოფისის გათავისუფლებული თანამშრომლების მიმართ.
მესამე წესი: პატივი ეცით კოლეგების პირად სივრცეს. არ ღირს ზღურბლის გადმობიჯებისთანავე ფილოსოფიური საუბრების დაწყება, საკუთარი ბიოგრაფიის მოყოლა, ბავშვების სურათების ჩვენება და პირადული კითხვების დასმა. სამსახურში მეგობრობა ძალიან კარგია, მაგრამ არ არის საჭირო ტყავიდან ამოძვრეთ იმისთვის, რომ უმოკლეს დროში გაუშინაურდეთ კოლეგებს.
თანამშრომლობა ისედაც ურთიერთობის საკმაოდ ინტიმური ფორმაა და სამსახურში მალევე ვლინდება ისეთი თვისებები, როგორებიცაა მოთმინება, კომპრომისის გამონახვის ნიჭი და სხვა ადამიანების დახმარებისა და დაზღვევის უნარი. პროფესიონალურ კოლექტივში სწრაფად აზროვნება, დედლაინების გათვალისწინება და სამუშაო პროცესისათვის დაბრკოლების არშექმნა თანამშრომლებისათვის ღვეზელების დარიგებაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.
4
ერთხელ ელინამ მთხოვა, მოცხარი გამერეცხა. “კარგი, – გავიფიქრე მე, – ბოლოსდაბოლოს ყველა შევჭამთ.” თუმცა, სინამდვილეში სრულიად გაუგებარი იყო: ა) საერთოდ რატომ უნდა გვეჭამა მოცხარი შუა სამუშაო დღეს; ბ) რატომ შეუძლია გაყიდვების მენეჯერს მოცხარის გარეცხვა, და რატომ არ შეუძლია ამის გაკეთება უფროსის ინფორმატორს?
ჩემი ქმედებები კი იმ ადამიანის ტიპური შეცდომა იყო, რომელსაც საზღვრების დადგენა არ შეუძლია. ახალ სამუშაო ადგილზე უნდა მიხვდეთ, როგორი ადამიანები არიან თქვენი ახალი თანამშრომლები და როგორაა ორგანიზაცია მოწყობილი; მაგრამ, თავის მხრივ, ორგანიზაციაც უნდა მიხვდეს, როგორი ადამიანი ხართ და როგორ უნდა მოგექცეთ კოლექტივი.
აქედან გამომდინარე, გაითვალისწინეთ მეოთხე წესი: დაადგინეთ საზღვრები თუკი სამუშაოზე კონცენტრირება გიჭირთ მაშინ, როდესაც ვინმე თქვენ გვერდით მუსიკას უსმენს, სთხოვეთ თანამშრომლებს, რომ ყურსასმენები გაიკეთონ. თუკი ზეგანაკვეთურ სამუშაოს ასრულებთ, გაწეული დამატებითი სამუშაოსათვის ანაზღაურება მოითხოვეთ. დიახ, ამჟამად კრიზისია და ყველას სჭირდება სამსახური, მაგრამ ჩვენთან მაინც ყოველთვის კვალიფიციური კადრების დეფიციტია. ამიტომ, სამსახურის გამო ყველაფრის მოთმენა და ყველაფერზე დათანხმება არ ღირს. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი სამსახურის დაკარგვის გეშინიათ, თქვენი ამ შიშის სხვებისთვის ჩვენება არ ღირს.
5
და, რაც მთავარია, დაიმახსოვრეთ ყველაზე მნიშვნელოვანი წესი – თუ ვერ შეძელით ადაპტირება, წადით.
ბოროტ და სულელ ადამიანებს ვერასდროს და ვერაფრით შეაყვარებთ თავს. უბრალო თანაცხოვრებასაც კი ვერ შეძლებთ. თუკი ისეთ კომპანიაში მოხვდით, სადაც უფროსი კადრებს ირჩევს პირინციპით, “საჭიროების შემთხვევაში, ყუთების თრევაზე უარს არ იტყვის”, გაიქეცით. დღე-ღამეში 9 საათს შრომაში ვატარებთ. წარმოიდგინეთ, როგორი იქნება თქვენი ცხოვრება, თუ ამ დროს თქვენთვის უსიამოვნო ადამიანების გარემოცვაში გაატარებთ. უფლება მიეცით თქვენს უდეალურ სამუშაოსა და კოლეგების გუნდს, გიპოვოთ. ისინი უკვე გზაში არიან, და ყოველი შეუფერებელი კომპანიიდან წამოსვლა სულ უფრო ამცირებს მანძილს თქვენსა და მათ შორის.
გამოქვეყნდა: 16.09.2016