ხედვა ზღვარს მიღმა მხრიდან
შობა დღეს ეკლესია ხალხითაა სავსე. ტაძრის კართან კი,როგორც ყოველთვის, ღატაკებმა მოიყარეს თავი, იმ იმედით , რომ დღესასწაულზე მორწმუნეები უფრო გულუხვად გაიღებენ მოწყალებას და იქნებ, სჭმლის ფულის გარდა, ვალის გასასტუმრებლადაც დარჩეთ ცოტაოდენი.
ხუთი ვაჟიდან ყველაზე უმცროსი
თხელ ქურთუკში სიცივისგან მოკუნტული ბიჭი თავაზიანად, მაგრამ დაჟინებით მიმართავს მომსვლელებს: ‘გთხოვთ, დამეხმარეთ! რითიც შეგიძლიათ, დამეხმარეთ, გთხოვთ!’. ის 23 წლისაა, სერგეი ჰქვია. აქ ყოველდღიურად არ მოდის, მხოლოდ დროდადრო ‘წაიმუშავებს’ ხოლმე პურის, ქირისა და უსინათლო დედისთვის წამლების ფულის საშოვნელად. დედაც იქვეა _ კიბის საფეხურზე დაფენილ მუყაოს ნაჭერზე ზის.
სერგეის დედა, ტატიანა ფომენკო 63 წლისაა, თუმცა უფრო ხანდაზმულად გამოიყურება. თავის ცხოვრებაზე საუბრისას ცრემლებს ვერ იკავებს. მხედველობა სამი წლის წინ, შაქრიანი დიაბეტის გამო დაკარგა. თავის უმცროს ვაჟთან ერთად ცხოვრობს. ‘ადრე ქიურდამურში ვცხოვრობდით, მაგრამ ჩვენი სახლი დაიწვა. სახლთან ერთად ჩვენი საბუთებიც განადგურდა. მარტო ვიყავი. ჩემი ქმარი ლოთობდა და მოკვდა. ხუთივე შვილი ჩემით გავზარდე.
შემდეგ კი აქ გადმოვედი საცხოვრებლად’. მისი ორი შვილი თავ–თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობს. ერთი–ერთი ვაჟი დაიღუპა, მეორე სვამს, ერთ-ერთი ქალიშვილიც ალკოჰოლიკია. სამსახური მხოლოდ სერგეის აქვს, რომელიც უსინათლობისგან უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილი დედის მოვლაზე უარს არ ამბობს. სერგეი წელებზე ფეხს იდგამს იმისთვის, რათა მცირეოდენი ფული მაინც იშოვოს. ‘ნებისმიერი საქმის გაკეთება შემიძლია: როცა საჭიროა, მტვირთავიც ვარ, დამლაგებელიც, მანქანის მრეცხავიც… თუმცა სამუშაო იშვიათად გამომიჩნდება ხოლმე. დედა პენსიას იღებს, მაგრამ ყოველთვიურად ბინის ქირა, 150 მანათი უნდა გადავიხადოთ. ანუ დღეში ხუთი მანათი. დიდი ხანია, არ გადაგვიხდია და მესაკუთრეებს გადაწყვეტილი აქვთ, ქუჩაში გაგვყარონ’. კრიზისის გამო, ცხოვრება გართულდა. სამსახურის პოვნა გაძნელდა და ადამიანები მოწყალებასაც ცოტას გასცემენ. ‘დღეს მხოლოდ 2 მანათი შევაგროვეთ. ჯერ არაფერი გვიჭამია. არადა, სახლამდეც უნდა მივიდეთ და ბინის ფულიც უნდა გადავიხადოთ’, _ ამბობს სერგეი.
‘დიდხანს ვცდილობდი, მემკურნალა. მხედველობის აღსადგენად უამრავ საავადმყოფოს მივაკითხე, მაგრამ მეუბნებიან, რომ აღარაფერი მეშველება’, _ ამბობს ტატიანა ხანუმი, რომელსაც შაქრიანი დიაბეტის ფონზე გლაუკომა განუვითარდა. ‘წამალი გამომიწერეს, რომელიც 20 მანათი ღირს. ვერ ვყიდულობთ იმიტომ, რომ ძვირია. მხოლოდ იმას ვითხოვ, რომ ვინმე საკვები პროდუქტებით მაინც დაგვეხმაროს ხოლმე’.
სერგეის თქმით, ადრე აქ სხვა მღვდელი წირავდა. კეთილი იყო, ეკლესიის ეზოში ყოველთვის შლიდა სუფრას ღარიბებისთვის. ‘ეს მღვდელი კი საერთოდ არ გვეხმარება’.
მრევლის ერთ-ერთი წევრი ყველა კართან მდგომს ცხელ ღვეზელებს ურიგებს. გათოშილი ადამიანები ხარბად ეტანებიან საჭმელს.
დღე-ღამეში 12 საათი, ყოველდღე, მთელი ცხოვრება
„…შენ რა გიჭირს, ახალგაზრდა ხარ, მხედველობის უნარი გაქვს და ხმამაღლა ლაპარაკი შეგიძლია, _ ეუბნება ტატიანა გამხდარ გოგონას, რომელსაც მისი ასაკისთვის შეუფერებლად სერიოზული გამომეტყველება აქვს. მაღალი გოგონაა და ფერმკრთალ ცხვირს ჭორფლი უმშვენებს. ყველა შემსვლელ–გამომსვლელს წკრიალა ხმით მიმართავს: „გთხოვთ,ათი კაპიკი მაინც მომეცით! დიდი მადლობა! უფალი შეგეწიოთ!“. შორიახლოს, გზის იქითა მხარეს დედამისი დგას, რომელსაც კომუნალური მეურნეობის მუშაკის მკვეთრი ფორთოხლისფერი უნიფორმა აცვია. დღეს მსახურებას არ ესწრება, მაგრამ აქ დგომას ამჯობინებს. დროდადრო ქალიშვილი მოგროვილ მონეტებს ფართო ჯიბეში უყრის.
გოგონას დედას ირინა ჰქვია. იგი 44 წლისაა და ყოველდღე ქუჩებს ალაგებს. თორმეტსაათიანი სამუშაო დღე აქვს. დილის შვიდი საათიდან საღამოს შვიდ საათამდე მუშაობს. ეკლესიაში დღესასწაულზე დასწრების უფლების მისაღებად უფროსთან მისვლა და უბრალოდ თხოვნა არ ჭრის, აუცილებელია, მას რაიმე “ საჩუქარიც“ მიუტანოს. „ თუკი სადმე ვარ წასასვლელი და სამსახურიდან გათავისუფლება მჭირდება, უფროსს ქრთამად ან სიგარეტი უნდა ვუყიდო, ან მობილური ტელეფონის ანგარიშზე ფული ჩავურიცხო…“
ირინას სამსახური ქალაქის კომუნალურ მეურნეობას ექვემდებარება და ამიტომ მას დიდი ტერიტორიის დასუფთავება უწევს; ძირითადად ხალხმრავალ ქუჩებს გვის, და არა წყნარ ეზოებს. ხელფასის სახით 250 მანათს იღებს, მაგრამ არ ყოფნის, იმიტომ რომ ქალიშვილისათვის სახელმძღვანელოებისა და სკოლის ფორმის ყიდვა უწევს.
მისი ქალიშვილი, ალიონა 10 წლისაა და, ასაკის მიუხედავად, მეორე კლასში სწავლობს. „გოგონას საჭირო საბუთები არ ჰქონდა და ამიტომ დროულად ვერ წავიდა სკოლაში. მე ხომ ის ქუჩაში გავაჩინე.“ ირინა არც ქალთა საკონსულტაციო ცენტრის აღრიცხვაზე იყო აყვანილი და ვერც დეკრეტულ შვებულებაში გავიდა (პურის ფული უნდა ეშოვნა და იმიტომ). ალიონა ექვს წლამდე ირინას მოხუც დედასთან რჩებოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ბებია გარდაიცვალა, ირინა იძულებული გახდა, პატარა ალიონა თან ეტარებინა სამსახურში. გოგონა დედას გზებზე დაჰყვება და ზამთრის სიცივესაც და ზაფხულის ხვატსაც მასთან ერთად უძლებს.
ირინას მოულოდნელად გაუმართლა. მის სამეზობლოში აღმოჩნდა გოგონა, რომელმაც ალიონას საბუთების მოწესრიგება შეძლო. „თავიდან ჩემს შვილს არ იღებდნენ სკოლაში, _ ადგილები არ გვაქვსო, განვითარების დონეს არ შეესაბამებაო… და საერთოდ, ათასნაირ მიზეზს იგონებდნენ, მაგრამ შემდეგ ალიონა დირექტორის კაბინეტში შევიდა და იმ ქალს რაღაც უთხრა. დღემდე არ ვიცი, რა უთხრა. დირექტორი კაბინეტიდან გამოვიდა და თქვა: „მოდი სკოლაში და ის კლასი აირჩიე, რომელიც გაგიხარდება“.
ამჟამად ალიონა სკოლისა მოსწავლეა და, კლასელებთან არსებული ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, თავს ნაკლოვნად არ მიიჩნევს. მეგობრებიც გაიჩინა და კარგადაც სწავლობს. შეკითხვაზე, განიცდის თუ არა უხერხულობას იმით, რომ აქ , ეკლესიის წინ დგას, ბავშვური უშუალობით მპასუხობს: „არა, მივეჩვიე!“
სირთულეების მიუხედავად, ირინა არ ჩივის. „მხოლოდ ის მინდა, რომ ადამიანები უფრო კეთილები იყვნენ და ერთმანეთს ეხმარებოდნენ’.
კრიზისი სიღარიბის ზღვარს მიღმა
ბაქოს მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ალექსანდრ ანტროპოვის თქმით, ყველზე მეტად უსახლკაროებსა და ღატაკებს გაუჭირდათ და კრიზისის შედეგები პირველ რიგში სწორედ მათ იგრძნეს. „ადრე 20 კაპიკს აძლევდნენ, ახლა კი ან 10 კაპიკს იმეტებენ, ან საერთოდ არაფერს აძლევენ. ამიტომ, ქუჩაში უფრო დიდხანს უწევთ დგომა. ასეთი ადამიანი ცდილობს, ნებისმიერ ფასად გაიტანოს თავი, ამიტომ უსახლკაროები მთელი დღის მანძილზე ქუჩაში დგანან და ცდილობენ, სადმე საჭმელი იშოვონ, საღამოს კი ღამის გასათენებელ დაწესებულებებს სტუმრობენ, სადაც ერთი ღამით დარჩენა 1 მანათი ღირს. რასაკვირველია, ასეთ დაწესებულებებში საცხოვრებელი პირობები საერთოდ არაა (ლეიბები პირდაპირ იატაკზეა დაფენილი), მაგრამ ღია ცის ქვეშ ძილს მაინც ჯობს“. ანტროპოვის თქმით, ასეთი ადამიანები სხვადასხვანაირად ირჩენენ თავს. ზოგჯერ სარეცხის თოკისა და მასზე გაფენილი თეთრეულის მოპარვასაც კადრულობენ, მოპარულ ნივთებს კი, როგორც წესი, მეორადი ნივთებისა და სუვენირების ბაზრობაზე ჩალის ფასად ყიდიან; ზოგჯერ კი ნაგავსაყრელებზე ბოთლებსა და გამოსადეგ ნივთებს აგროვებენ, ვინმეს მანქანების რეცხვაში, ან სიმძიმეების გადატანაში ეხმარებიან ხოლმე.
როცა ცივა, უსახლკარო ბავშვები და მოზარდები დროს ინტერნეტკაფეებში ატარებენ. ან კომპიუტერებთან სხედან, ან უბრალოდ სძინავთ. ბავშვები ზოგჯერ საჭმელსაც შოულობენ, თუკი იციან, სად ეძებონ. ეს ბავშვები განსაზღვრულ დროს სუპერმარკეტების წინ დგებიან და როდესაც სავაჭრო ობიექტიდან თანამშრომლებს ვადაგასული პროდუქტები გამოაქვთ და მანქანაში ტვირთავენ, ბავშვები მათ ეხმარებიან და, სანაცვლოდ, ვადაგასული პროდუქციიდან სასმელის ორიოდე ქილას ან საჭმლის შეკვრას იღებენ.
უცნაური წყვილი
ძალიან უცნაური წყვილია _ ჯოხს დაყრდნობილი, წელში მოხრილი წვეროსანი მოხუცი კაცი და უფორმო პალტოში გამოწყობილი, მსუქანი, სათვალიანი ქალი. დროდადრო ქალი ბერიკაცს უახლოვდება და მოხუცი კაცი მისი განიერი პალტოს ჯიბეში მოუხერხებელი მოძრაობით რამდენიმე წუთში მოგროვებულ ხურდებს უყრის. ქალი მოხუცს ზოგჯერ ხელს ჰკრავს და მკაცრი ტონით რაღაცას ეუბნება, ზოგჯერ კი ტანსაცმელს უსწორებს ხოლმე.
ცოტა ხნის წინ ინტერნეტქსელში გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ თითქოს ეს ქალი ბერიკაცს ექსპლუატაციას უწევს, სცემს და ფულს მთლიანად ართმევს. იმავე წყაროს ცნობით, ეს ქალი კიდევ რამდენიმე ასეთ ადამიანს ‘მეურვეობს’.
ზამთრის ცივ დღეს ქუჩაში დიდხანს ვერ გაჩერდები; მით უმეტეს, როდესაც აღარც ასაკი გიწყობს ხელს და არც ღონე. წყვილი ერთხანს მეტროსადგურ ‘აჰმედლის’ (ბაქოს გარეუბანი) ხალხმრავალ გამოსასვლელთან იდგა, შემდეგ კი გადასასვლელისკენ გადაინაცვლა. თუმცა, ბოლოს გადაიფიქრეს და ძველ ადგილს დაუბრუნდნენ.
გამოსასვლელთან შეკრებილი მოვაჭრეები ამბობენ: ‘ორივეს საკმაოდ ხშირად ვხედავთ ხოლმე. როგორც ჩანს, ეს ბერიკაცი ძალიან შეეჩვია ამ ქალს, ის კი მასზე მბრძანებლობს. თუმცა, ჯობს, ამ საქმეში არ ჩავერიოთ…’.
ქალი, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, ზოია ჰქვია, კამერაზე მშვიდად რეაგირებს და თავის ამბავს დიდი მონდომებით, დაწვრილებით გვიყვება:
‘ეს ლიონიაა, ჩემი კანონიერი მეუღლე. 75 წლისაა და მეორე ჯგუფის ინვალიდია. ხედავთ, რა სქელი ფეხი აქვს?! გადახვეული აქვს, იმიტომ, რომ ტროფიკული წყლული სჭირს. ამას გარდა, ორმხრივი თიაქარიც აქვს. სწორად დგომა არ შეუძლია. პენსიას იღებს, მაგრამ მხოლოდ პენსიით ვერ იცხოვრებ’.
ბინის ქირის, საკვებისა და წამლებისთვის საჭირო ფულის მოსაგროვებლად ქუჩაში დგომა უწევთ. ‘ადრე ბინა გვქონდა, რომელიც ლიონიასთვის ოპერაციის გასაკეთებლად გავყიდეთ, _ ამბობს ქალი _ ფული წამლებისთვისაც გვჭირდება. დიაბეტი აქვს, ფეხებისთვის კი ყოველდღე სოლკოსერილის ტუბი,, რივანოლი და ბამბაა საჭირო. ჰოდა ჩვენც ვდგავართ ქუჩაში, ვიდრე ამ ყველაფრის შესაძენად საჭირო ფულს არ ავაგროვებთ’.
ზოია ამბობს, რომ დიდხანს არ დგანან _ დღეში ნახევარი საათით თუ ჩამოდგებიან ხოლმე. პოლიციასთან უსიამოვნება ჯერ არ მოსვლიათ და ცდილობენ, სამართალდამცავებს ახლოს არ გაეკარონ. „თუკი გავიგებთ, რომ სადმე რეიდს აწყობენ, სახლიდან არ გავდივართ ხოლმე“. სწორედ ამიტომ არ დგანან ერთ ადგილას და ქალაქის სხვადასხვა უბანში (მეტწილად გარეუბნებში) დახეტიალობენ.
ზოიას თქმით, მასა და ლიონიას ინვალიდობის შესაბამისი პენსიის გაფორმების საშუალებაც არ გააჩნიათ. ფულს მოსთხოვენ და,როგორც თავად ამბობს, არც სხვადასხვა ინსტანციაში სირბილის, ჩივილის, ჩხუბისა და საქმის გაჩარხვის თავი არ აქვს. „სულ რაღაც ნახევარი საათია, რაც ვდგავართ. სახლში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ლიონიამ მითხრა,_ ნახე, რა ცოტა მოვაგროვეთ, ასე ცოტა ფულით სახლში როგორ წავიდეთო. ამიტომაც დავბრუნდით უკან“. თვითონ ზოია 60 წლისაა. ‘იმედი მქონდა, რომ პენსიას დამინიშნავდნენ, მაგრამ მითხრეს, რომ საპენსიო ასაკი გაზარდეს. ადრე ქვედა ზღვარი 57 წელი იყო, ახლა კი 60 გახდა’.
‘არაფერს ვითხოვ, უბრალოდ დაგვანებეთ თავი, _ ამბობს ზოია, _ გავიგე, რომ ჩემზე ხმები დადის, თითქოს ქმარს ვცემ, ვიყენებ და ცუდად ვეპყრობი, მაგრამ ეს ასე არ არის. რაიმენაირად ჩვენც უნდა გავიტანოთ თავი, დახმარება კი არ ჩანს. რამდენიმე წლის წინათ რაზინის პროსპექტზე (ბაკიხანოვის დასახლება ბაქოში) ერთ გოგონას ველაპარაკე. რით დაგეხმაროთო,_ მკითხა. წამლები გვჭირდება-მეთქი, _ ვუპასუხე. მოვალ და ხელს გაგიმართავო,_ დამპირდა და მას შემდეგ მოდის’.
ჩვენ არაფერი ვიცით მათ შესახებ
უსახლკარო და სოციალურად დაუცველი ჯგუფების სტატისტიკური აღრიცხვა აზერბაიჯანში საერთოდ არ ხდება; მეტიც, არ არსებობს სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც უსახლკარო და ღატაკი ადამიანების პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებს. 2012 წლის მკაცრი ზამთრის გადასატანად შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დროებითი ‘მოძრავი’ თავშესაფრები მოაწყო, სადაც უსახლკაროებს საკვებითა და ელემენტარული სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფდნენ, თუმცა, თოვლთან ერთად ეს ინიციატივაც დადნა და გაქრა.
ელდარ ალიზადე, რომელიც ხელმძღვანელობს ორგანიზაციას ‘დახმარება უსახლკარო და ღატაკი ბაქოელების უფლებების დაცვის საქმეში’, აღნიშნავს, რომ უსახლკაროები არამხოლოდ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების ადეკვატურად დაკმაყოფოლების საშუალებას, სტაბილური ძილისა და კვების შესაძლებლობებს, არამედ ნებისმიერი სახის იურიდიული დახმარებასაც მოკლებულნი არიან.
იმავე 2012 წლის სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანაში (რა თქმა უნდა, უხეში გამოთვლებით) 50 ათასამდე უსახლკარო აღირიცხებოდა. თუმცა, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობებით, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქეების პრობლემებს სწავლობენ, ასეთი ადამიანების რიცხვი გაცილებით მეტია.
იგივე სახელმწიფო სტრუქტურები, კერძოდ კი _ შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, არ ფლობენ ინფორმაციას უსახლკაროებისთვის მუდმივი თავშესაფრების შექმნის გეგმასთან დაკავშირებით. მსგავსი დაწესებულების დაარსება არც კანონითაა გათვალისწინებული. წლის იმ პერიოდში, როდესაც ცივა, პერიოდულად ქუჩაში გაყინული ადამიანების გვამებს პოულობენ. აღსანიშნავია, რომ უსახლკაროების მხრიდან სასწრაფო დახმარების ცენტრში დარეკვის შემთხვევები არც აღირიცხება. როგორც ჩანს, ამ კატეგორიის ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ‘სასწრაფოში’ დარეკვას აზრი არ აქვს.
ფსიქოთერაპევტი დაიანათ რზაევი აღნიშნავს: ‘მიუხედავად იმისა, რომ უსახლკაროთა თავშესაფრები ბევრ ქვეყანაში აქვთ, აზერბაიჯანში მსგავსი პრაქტიკა არ არსებობს. ამის მიზეზი ჩვენს საბჭოთა წარსულშიც უნდა ვეძებოთ. იმ პერიოდში კომუნიზმისაკენ მიმავალ ქვეყანაში უსახლკარო ადამიანების არსებობას ოფიციალურად არ აღიარებდნენ, ცალკეულ ‘გამონაკლისებს’ კი ასოციალურ, ამორალურ სუბიექტებად მიიჩნევდნენ. სწორედ ასეთი მემკვიდრეობა გვერგო დღეს, როდესაც უსახლკარო და უპოვარ ადამიანებს კანონი დახმარების გარანტიას არ აძლევს, რადგან მათი არსებობს დამადასტურებელი ოფიციალური მონაცემები არ არსებობს’.