ყარაბაღული მატრიცა -2016
როდესაც მეკითხებიან, დაიწყება თუ არა 2017 წელს დადებითი ცვლილებები ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესში, მაშინვე ჩემი ბიძაშვილი მახსენდება, რომელიც საფეხბურთო პროგნოზების დიდოსტატია. ბაქოური კლუბის თამაშის დაწყების წინ იგი აღნიშნავს ხოლმე, რომ „ნეფტჩი“ ან მოიგებს, ან წააგებს, ან, უკიდურეს შემთხვევაში, ფრედ დაასრულებს შეხვედრას. უნდა ვაღიარო, რომ მისგან განსხვავებით, მე ცუდი პროგნოზისტი ვარ,რამდენიმე თვის წინ ვივარაუდე, რომ აპრილში ფრონტის ხაზზე მომხდარი მწვავე ინციდენტის შემდეგ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესის დაწყება იყო მოსალოდნელი. ნათქვამის დასამტკიცებლად ძალიან სასაცილო არგუმენტი მოვიყვანე – აღვნიშნე, რომ „ლავროვმა ფსონად საკუთარი ავტორიტეტი დადო“. რაც არ უნდა იყოს, ახლა ის მაინც ვიცით, თუ რა ფასი აქვს ლავროვის ავტორიტეტს.
ლავროვის „ყარაბაღთან დაკავშირებული გეგმის“ ჩავარდნის გარდა 2016 წელს კონფლიქტში მონაწილე მხარეების მდგომარეობის განმსაზღვრელი ფაქტორებიც შეიცვალა. თანაც მნიშვნელოვნად. თუმცა, განსაკუტრებულ ყურადღებას მაინც ეს ორი გარემოება იმსახურებს:
1. დაიმსხვრა მითი „მთიანი ყარაბაღის სამხედრო ძალების, როგორც სამხრეთი კავკასიის ყველაზე ძლიერი არმიის შესახებ“ იმ ოთხი დღის მანძილზე, როდესაც სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა, დადასტურდა, რომ თანამედროვე პირობებში ყველაზე უფრო ღრმად ეშელონირებული თავდაცვის ხაზის გარღვევაც კი მარტივია. ინციდენტს დიდი დანაკარგი მოჰყვა, რაც სომხური მხარისათვის სერიოზული მღელვარების საფუძველი გახდა.
2. კონფლიქტის ცხელი წერტილები აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზეც შეიქმნა. 30 დეკემბერს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, თავუშის რაიონში მდებარე დასახლება ჩინარლის მახლობლად, შეტაკება მოხდა. ინციდენტის შემდეგ მხარეები ერთმანეთს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებდნენ. დაპირისპირების .შედეგად სომხურმა მხარემ სამი სამხედრო პირის დაკარგვა აღიარა, აზერბაიჯანის სამხედრო უწყებამ კი ერთი ადამიანის დაკარგვის შესახებ განაცხადა. სომხური მხარე დღემდე უარს ამბობს გარდაცვლილი აზერბაიჯანელი მოსამსახურის გადმოცემაზე. საზღვარზე შეტაკებებს მანამდეც ჰქონია ადგილი, მაგრამ დეკემბერში მომხდარი შემთხვევა მსგავსი ინციდენტი მანამდე არ დაფიქსირებულა.
3. აქ, პირობითად, მესამე პუნქტის დამატებაც შეიძლება – როგორც ჩანს, მოლაპარაკებებით ორივე მხარე დაიღალა. პრეზიდენტების შეხვედრა არ შედგა და არც კონფლიქტის მონაწილე ამ ორი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრიან ერთმანეთს 2016 წლის ბოლოს, ჰამბურგში გამართული ეუთოს სამიტის „მინდორზე“.
ვიდრე იმაზე დავიწყებთ მსჯელობას, თუ რამდენად მოსალოდნელია, რომ 2017 წელს ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე სახის სერიოზული ძვრები მოხდება, მოდით, ერთი შეხედვით, ყველაზე მარტივ საკითხზე დავფიქრდეთ – ვის და რისთვის სჭირდება ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტა და საერთოდ ღირს თუ არა ამ კონფლიქტის დარეგულირება.
მესმის, რომ პოლიტიკაში მათემატიკური მოდელირების მეთოდების გამოყენება შეუძლებელია, მაგრამ მე ტექნიკური განათლება მაქვს მიღებული და ამიტომ, პრობლემის მთელი სირთულისა და ამოცანის გადაწყვეტის გზების გასაანალიზებლად, ერთგვარი „მატრიცის“ შექმნა მსურს. ჩემი „მატრიცა“ ორგანზომილებიანი იქნება – სტრიქონები კონფლიქტის „მადრიდის პრინციპების“ (უნდა აღინიშნოს, რომ ეს პრინციპები ამჟამად ცხარე დისკუსიების საგანს წარმოადგენს) საფუძველზე დარეგულირების მსურველ (ან კონფლიქტის გადაწყვეტის ასეთი გზის მოწინააღმდეგე) დაინტერესებულ მხარეებს აღნიშნავს, სვეტები კი შესაძლო დივიდენდებს, ან დანაკარგებსშეესაბამება – დადებით და უარყოფით ფაქტორებს თითოეული დაინტერესებული მხარისათვის.
აი, ჩემი აზრით, ესაა ყველაზე მოკლე სია იმ მხარეებისა, რომელთათვისაც ყარაბაღის კონფლიქტი და მისი დარეგულირება მეტნაკლებად მნიშვნელოვანია:
აზერბაიჯანის ხელისუფლება; სომხეთის ხელისუფლება და მთიანი ყარაბაღის წარმომადგენელთა ჯგუფი, რომელიც ოფიციალურ ერევანზეა დამოკიდებული; აზერბაიჯანის საზოგადოება; სომხეთის საზოგადოება; რუსეთი; აშშ; ევროკავშირი; თურქეთი; ირანი.
მოდით, თითოეული მხარის დაინტერესებულობის დონე შევაფასოთ. რა თქმა უნდა, თანმიმდევრობა პირობითია და მნიშვნელოვნობის დონეზე არ არის დამოკიდებული. და შეგახსენებთ, რომ საუბარია განახლებულ მადრიდის პრინციპებზე – ანუ უკიდურეს ვარიანტებს (ყარაბაღელი სომხების დეპორტაციას, ან მთიანი ყარაბაღის აღიარებას) არ განვიხილავთ.
აზერბაიჯანის ხელისუფლება
პოზიტიური პერსპექტივები:
- ისტორიაში განმანთავისუფლებლისა და გამარჯვებულის სახელით შესვლისა და ნობელის პრემიის მიღების შანსი (მშვიდობის დარგში);
- მთიანი ყარაბაღის მოსაზღვრე ტერიტორიების რესურსებზე წვდომა. (საუბარია როგორც ბუნებრივ, ისე ეკონომიკურ და ადმინისტრაციულ რესურსებზე – რამდენ ახალ თანამდებობასა და შესაძლებლობას მოიტანს დაბრუნებული ტერიტორიები!);
- ნახიჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის დებლოკირება, რკინიგზის ხაზის გახსნა და, სავარაუდოდ, ზანგეზურზე გამავალი საავტომობილო გზის გახსნა.
ნეგატიური პერსპექტივები:
- მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის (ამჯერად ბრჭყალების გარეშე) დროებითი სტატუსი და საბოლოო მდგომარეობის განმსაზღვრელი რეფერენდუმი, რომელიც დამოკლეს მახვილივით იქნება დაკიდებული და, პრაქტიკულად, მთიანი ყარაბაღის გამოყოფის ტოლფასი აღმოჩნდება;
- ყარაბაღის დროებით სტატუსთან დაკავშირებული „თავის ტკივილი“. და ყარაბაღელი სომხებისათვის მათი ყველა უფლების დაცვის გარანტიის მიცემის აუცილებლობა;
- საკუთარ ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ძალების დაშვება (სამშვიდობო ჯარების სახით).
დაინტერესებულობა: საშუალოზე დაბალი
სომხეთის ხელისუფლება და მთიანი ყარაბაღის წარმომადგენელთა ჯგუფი, რომელიც ოფიციალურ ერევანზეა დამოკიდებული
პოზიტიური პერსპექტივები:
- მთიანი ყარაბაღის დროებითი სტატუსი და სამომავლოდ დაგეგმილი რეფერენდუმი; დეფაქტო „მიაცუმი“ [„გაერთიანება“ (სომხ.) რედ. შენ.], ანუ ის, რის გამოც დაიწყო ეს ყველაფერი;
- მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის დამაკავშირებელი დერეფნის შექმნა;
- ნახიჭევანზე გამავალი რკინიგზის გახსნა, რუსეთთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზით სარგებლობის შესაძლებლობა;
- სატრანზიტო პროექტებში მონაწილეობისა და ასეთი ტიპის გარიგებებში საქართველოს ჩანაცვლების შესაძლებლობა;
- თურქეთის სახმელეთო საზღვრის გახსნა და ეკონომიკური კავშირების დამყარება;
- ცარიელი ოკუპირებული ტერიტორიებისა და ამ რაიონების საზღვრებზე განლაგებული არმიის შენახვისათვის საჭირო ხარჯების ლიკვიდაცია;
- იგივე მშვიდობისმყოფელის ტიტული და შესაძლო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.
ნეგატიური პერსპექტივები:
- „ეროვნული ინტერესების მოღალატის” გარდაუვალი იარლიყი და რეიტინგის შემცირება (ზუსტად ისე, როგორც 1997 წელს).
- მთიანი ყარაბაღის გარშემო დაკავებული სტრატეგიული პოზიციის დაკარგვა; ცვალებადი პოლიტიკური რეალობის გამო, შესაძლოა, გარანტიები სანდო არ აღმოჩნდეს – ისე, როგორც მოკავშირეთა გარანტიები მეორე მსოფლიო ომის წინ.
- დემოგრაფიული ფაქტორი (იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების შემდეგ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა ცალსახად შეიცვლება).
დაინტერესებულობა: საშუალოზე მაღალი
აზერბაიჯანის საზოგადოება
პოზიტიური პერსპექტივები:
- ლტოლვილებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებს მშობლიურ მიწაზე დაბრუნების უფლება მიეცემათ. ისინი შესაბამის გარანტიებსა და საკომპენსაციო თანხებს მიიღებენ;
- გათავისუფლებული ტერიტორიების რეაბილიტაციის მიზნით შემუშავებულ პროექტებში ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება;
- გაიზრდება პატრიოტული განწყობა და მოეწყობა ჯგუფური ექსკურსიები ყარაბაღში (სელფი შუშის ციხის ფონზე და ა.შ.);
- უფრო გამარტივდება ნახიჭევანში ჩასვლა;
- ნაწილობრივ განტვირთება აფშერონის ნახევარკუნძული, რომელიც მეტისმეტად მჭიდროდაა დასახლებული.
ნეგატიური პერსპექტივები:
- გარდაუვალი დარღვევები ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების განსახლების პროცესში;
- უკვე დამყარებული კავშირებისა და ნაშოვნი სამსახურებისა დაკარგვა, ცხოვრების წესის ცვლილება და ამ ყველაფრით გამოწვეული სტრესი.
- ფსიქოლოგიური ხასიათის პრობლემები გუშინდელ მეზობლებთან, რომლებიც უკვე მტრებად აღიქმებიან.
დაინტერესებულობა: მაინც საშუალოზე მაღალი.
სომხეთის საზოგადოება
პოზიტიური პერსპექტივები:
- ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირებისათვის მშობლიურ რეგიონებში დაბრუნების უფლება – შესაბამისი გარანტიებითა და კომპენსაციებით (განსაკუთრებით ეს შეეხება ბაქოელ სომხებს, რომლებსაც კავკასიის ყველაზე დიდ ქალაქში ცხოვრების უფლება ექნებათ, მაშინ, როდესაც სომხეთის აზერბაიჯანული მოსახლეობის უმრავლესობა სოფლებში ცხოვრობდა);
- საზღვრების გახსნისა და აზერბაიჯანთან და თურქეთთან ენერგეტიკული და სატრანსპორტო კომუნიკაციის აღგენის თანმდევი ეკონომიკური სარგებელი;
- ენერგეტიკულ და სატრანზიტო პროექტებში სომხეთის მონაწილეობის შედეგად მიღებული ეკონომიკური ზრდის თანმდევი კეთილდღეობა.
ნეგატიური პერსპექტივები:
- სომხური საზოგადოების უარყოფითი პერსპექტივები ემთხევა იმ ნეგატიურ ფაქტორებს, რომლებიც ზემოთ, აზერბაიჯანული საზოგადოებაზე საუბრისას იქნა აღნიშნული.
დაინტერესებულობა: საშუალოზე მაღალი
ზედმეტი იქნება ორივე მხარის „პოზიტიური პერსპექტივების“ ჩამონათვალში იმის აღნიშვნა, რომ შეთანხების ხელმოწერის შემდეგ აღარ დაიხოცებიან ადამიანები და ფრონტისპირა სოფლებში მცხოვრები ხალხი დაბომბვისა და დაცხრილვის შიშის გარეშე იმუშავებს. ეს ყველაფერი თავისთავად ცხადია.
რუსეთი
პოზიტიური პერსპექტივები:
- რეგიონში საკუთარი ჯარების შეყვანისა და დატოვების შესაძლებლობა – სამშვიდობო ჯარების სახით – ისე, როგორც ეს საქართველოს კონფლიქტური ზონების შემთხვევაში მოხდა;
- რეგიონული ლიდერის როლის მორგება და აზერბაიჯანის ჩათრევა ევრაზიულ პროექტებში;
- სარკინიგზო მიმოსვლის განახლება სომხეთთან (ოფიციალური მოსკოვის მოკავშირესა და პარტნიორთან კოლექტიური უსაფრთოების შეთანხმების ორგანიზაციასა და საბაჟო კავშირში), მტრულად განწყობილი საქართველოს გვერდის ავლით;
- კონტროლის გაძლიერება ახლო აღმოსავლეთზე.
ნეგატიური პერსპექტივები:
- კონფლიქტის მონაწილე სახელმწიფოების ხელისუფლებაზე ზეწოლისათვის საჭირო ბერკეტების შემცირება.
დაინტერესებულობა: საშუალო
შეერთებული შტატები და ევროკავშირი
პოზიტიური პერსპექტივები:
- საერთო დაძაბულობის დონის კლება. ალტერნატიული ენერგეტიკულ პროექტებთან დაკავშირებული რისკების შემცირება;
- კონფლიქტების მოგვარების პრეცედენტის შექმნა პოსტსაბჭოთა სივრცეში და ამ მოდელის გამოყენების შესაძლებლობა რეგიონში არსებული სხვა კონფლიქტების მოგვარებისას (რა თქმა უნდა, მათი აქტიური მონაწილეობით);
- რეგიონში რუსეთის გავლენის შესუსტება იმის გამო, რომ ოფიციალურ მოსკოვს აქტიური კონფლიქტით მანიპულირების საშუალება აღარ ექნება.
ნეგატიური პერსპექტივები:
- ტერიტორიების რეაბილიტაციისა და სამშვიდობო ძალების მატერიალური უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხების ძირითადი ნაწილის გადახდის ვალდებულება, სავარაუდოდ, დასავლეთს დაეკისრება;
- გაიზრდება აზერბაიჯანის დაკარგვის ალბათობა. ეს ქვეყანა, რომელიც დასავლეთმა გააწბილა, სულ უფრო ხშირად იყურება ჩრდილოეთისკენ.
დაინტერესებულობა: საშუალოზე დაბალი.
თურქეთი
პოზიტიური პერსპექტივები:
- სომხეთთან საზღვრის გახსნა თურქეტის ინტერესებში შედის. სხვა თუ არაფერი, თურქეთ-სომხეთის საზღვართან ახლოს მდებარე თურქულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის (ეთნიკური სომხებისათვის) ახალი ბაზარი გაიხსნება და ახალი შესაძლებლობები გაჩნდება.
- აზერბაიჯანთან დაკავშირება ბევრად უფრო მოკლე და იაფი სახმელეთო გზებით (სადარაქისა და ზანგეზურის გავლით) იქნება შესაძლებელი.
ნეგატიური პერსპექტივები:
- აშკარად ნეგატიური პერსპექტივები არ არსებობს.
დაინტერესებულობა: საშუალოზე მაღალი
1992 წელს ირანმა პირველად და უკანასკნელად სცადა მშვიდობისმყოფელობა, რის შემდეგაც ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესს გაემიჯნა. მაგრამ ამ ქვეყნისათვის აშკარად არასახარბიელო ფაქტორი იქნება ის, რომ მდინარე არაქზე გამავალი საზღვრის ოკუპირებულ ნაწილი აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადავა. ამჟამად ეს ტერიტორია არ კონტროლდება მოსაზღვრე სახელმწიფოების საბაჟო სამსახურების მიერ და ჩრდილოვანი ბიზნესისათვის ერთგვარ „კლონდაიკს“ წარმოადგენს.
***
დასკვნის სახით აღნიშნავ, რომ ჩემ მიერ აღწერილი სქემა ძალიანაა გამარტივებული და აქ წარმოდგენილი ყველა გათვლა სუბიექტური ხასიათისაა. რა თქმა უნდა, მკითხველებს შეუძლიათ, იფიქრონ, რომ „მატრიცის“ ესა თუ ის ელემენტი არარეალურია და საკუთარი ვარიანტები წარმოადგინონ. სიამოვნებით ვუპასუხებ ყველა შენიშვნას და მზად ვარ კომენტარების ველში დისკუსიის გამართვისათვის.