ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, კახოვკის ჰესის აფეთქებისას ობიექტზე ქართული წარმოშობის სამხედრო, არსენ ფიცხელაური, მეტსახელად “გრუზინიც” იყო. გამოძიება “რადიო თავისუფლების” უკრაინული სამსახურის პროექტ Схеми-სა და სააგენტო Слідство.Інфо-ს ჟურნალისტებმა ჩაატარეს.
ჟურნალისტების მიერ დადგენილი სამხედროები რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ჯარების 205-ე ცალკეული მოტორიზებული ბრიგადა“კაზაკის” წევრები არიან: ბრიგადის მეთაური – რომან ტიტოვი, საინჟინრო და გამნაღმველთა ბატალიონის სერჟანტი – რუსლან მაგომედოვი, მაიორი – დენის მისჩენკო და არსენ ფიცხელაური. ჟურნალისტებმა ამ ბრიგადის წევრების ვინაობის დადგენა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული მასალების მეშვეობით შეძლეს.
ფიცხელაურთან დაკავშირებით გამოძიება წერს, რომ, ფოტოების ანალიზის საფუძველზე, ის აქტიურად მონაწილეობდა ხერსონის რეგიონის ოკუპაციაში. რამდენიმე ფოტოში სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ფიცხელაური კახოვკის ჰესთან დგას. ჟურნალისტებს ერთ-ერთმა ანონიმურმა წყარომ, რომელიც თავადაც ოკუპანტია, დაუდასტურა, რომ ფიცხელაური და 205-ე ბრიგადის ჯარისკაცები კვლავ ნოვა-კახოვკაში რჩებიან. მან ასევე აღნიშნა, რომ კაშხლის განადგურეbის შედეგ ფიცხელაური რუსეთში დაჯილდოებისთვის მიიხმეს.
The New York Times-ის ვერსიით, კახოვკის ჰესის ნგრევა კაშლხის ქვეშ მდებარე გვირაბში მოწყობილმა აფეთქებამ გამოიწვია. ხოლო უკრაინული გამოძიების მიხედვით, მათ მოიპოვეს მასალები, რომლებიც ცხადჰყობს, რომ კახოვკის ჰესის აფეთქების ღამეს რუსებს გარკვეული გეგმა ჰქონდათ.
6 ივნისის ღამეს განადგურდა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი, რომელიც ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვაია კახოვკაში, საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში მდებარეობდა.
დაიტბორა 80-მდე დასახლებული პუნქტი, რომელთა ნაწილი რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ნაწილი კი უკრაინის კონტროლის ქვეშ. უკრაინულ სახელმწიფო ენერგოკომპანია „უკრჰიდროენერგოში“ აცხადებენ, რომ ჰიდროელექტროსადგური მთლიანად განადგურდა და მისი აღდგენა შეუძლებელია.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკის შემთხვევას რუსეთის მიერ “მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბის” აფეთქება უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ბოლო წლებში ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფაა.
„კატასტროფა პლანეტარული მასშტაბით“ – ასე აფასებენ ექსპერტები უკრაინაში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის ნგრევას. უკრაინის დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რაიონებში დაახლოებით ათასი ჰექტარი მიწა აღმოჩნდა წყლის ქვეშ.