პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს საპროცესოს გაუფორმებაზე უარი უთხრა
გაზიარება
გაზიარება
ჯუანშერ ბურჭულაძე
საქართველოს პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს, მის ცოლისძმას ვასილ მხეიძეს და ყოფილ მოადგილეს გიორგი ხაინდრავას საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარი უთხრა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ სამივე მათგანის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვა.
საპროცესო შეთანხმება გაფორმდება მხოლოდ ერთ ბრალდებულთან, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსთან ვლადიმერ ღუდუშაურთან. პროკურორ ანი ლეკიაშვილის განცხადებით, ღუდუშაური გამოძიებასთან თანამშრომლობას საქმის დასაწყისიდანვე აწარმოებდა, ხოლო ბურჭულაძემ შეთანხმების თხოვნით პროკურატურას მხოლოდ 26 მარტს, დასკვნითი სიტყვების ეტაპზე მიმართა.
ბრალდების მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძესა და მასთან დაკავშირებულ პირებს სახელმწიფო ბიუჯეტის 1 333 728 ლარის გაფლანგვა ედებათ ბრალად. საქმე ეხება გორის სამხედრო ჰოსპიტლისთვის კომპიუტერული ტომოგრაფის აპარატის შეძენას, რომელიც, გამოძიების თანახმად, ხელოვნურად გაზრდილ ფასად იყო შეძენილი.
პროკურატურის მტკიცებით, ბურჭულაძეს ასევე ედება ბრალი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში. გამოძიების მიხედვით, ამ თანხებით ბურჭულაძემ ესპანეთში, მალაგას პროვინციაში 544 000 ევროდ საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი შეიძინა.
უწყების ინფორმაციით, მას უკვე ჩამორთმეული აქვს დაახლოებით 2.5 მილიონი ლარის ღირებულების ქონება.
საქმეში ასევე ფიგურირებს ცალკე ეპიზოდი, რომელიც ვასილ მხეიძეს უკავშირდება და გორში მოწყობილ სიგარეტის არალეგალურ ქარხანას ეხება. გამოძიების მონაცემებით, ამ ობიექტიდან ამოღებულია 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უაქციზო პროდუქცია.
ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც თავდაცვის მინისტრის თანამდებობას 2021–2024 წლებში იკავებდა, წარდგენილ ბრალდებებს არ აღიარებს. მას 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.