ამერიკელი დემოკრატი სენატორი და MEGOBARI აქტის ერთ-ერთი თანაავტორი, ჯინ შაჰინი “ქართული ოცნების” გეგმის, კომუნიკაციების კომისიის ტვ პირველის, ფორმულასა და მთავარი არხის სამიზნეში ამოსაღებად გამოყენების ფონზე განცხადებას ავრცელებს.
შაჰინის თქმით, რეალური ინფორმაციის წინააღმდეგ “ქართული ოცნების” კამპანია დემოკრატიაზე თავდასხმაა და მათ შორის, ამის გამო სენატმა ორპარტიული MEGOBARI აქტი უნდა მიიღოს.
“არალეგიტიმური პარლამენტი”, “ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე”, “ოლიგარქის დეპუტატი”, “რეჟიმის საქალაქო სასამართლო” და ა.შ. – ამ ტერმინების გამო კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში “ფორმულას” და “ტვ პირველს” ოცნების წარმომადგენელი მაუწყებლობის შესახებ კანონის ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევას ედავება.
ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, ქართულმა ოცნებამ “ტვ პირველის” და “ფორმულას” წინააღმდეგ მარეგულირებელ კომისიაში საჩივარი შეიტანა.
რას ამბობს ჯინ შაჰინი
“დამოუკიდებელი მედია ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია. როდესაც ქართული ოცნების მთავრობამ ცვლილებები შეიტანა მაუწყებლობის შესახებ კანონში, ამან სერიოზული შეშფოთებები გააჩინა, რომ ეს კანონი იარაღად იქნება გამოყენებული დამოუკიდებელი ქართული ხმების წინააღმდეგ.
ახლა, როდესაც ქართულ ოცნებას დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ საჩივრები შეაქვს საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიაში – ორგანოში, რომლის დამოუკიდებლობა თავად კითხვის ქვეშაა – ნათელია, რომ ეს მედია საშუალებები განსჯილი არ იქნებიან მათი ჟურნალისტური სტანდარტებით, არამედ სამიზნეში იქნებიან ამოღებული პოლიტიკური მიზეზებით.
ნამდვილი ინფორმაციის წინააღმდეგ “ქართული ოცნების” კამპანია დემოკრატიაზე თავდასხმაა. სწორედ ამიტომ მოვუწოდე სენატს მიიღოს ჩვენი ორპარტიული MEGOBARI აქტი, რადგან ქართველი ხალხის მხარდაჭერა “ქართული ოცნების” ანგარიშვალდებულად დაყენებას ნიშნავს პრესის თავისუფლებასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმებისთვის”. – წერს შაჰინი.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI Act 6 მაისს მიიღო. აქტი ამერიკის პრეზიდენტს რეჟიმის წევრების, მათი ხელშემწყობებისა და ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ავალდებულებს.
დოკუმენტში წერია, რომ MEGOBARI აქტი აშშ-ის პრეზიდენტს ავალდებულებს, სანქციები დაუწესოს იმ უცხო პირებს, მათ შორის ქართველ ოფიციალურ პირებს, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნიან. სანქციები ვიზების შეზღუდვასა და ქონების გაყინვას მოიცავს და შეეხება.