Jay Z-ის ახალი კლიპი ოჯახურ ძალადობაზეა. იქ ამერიკის კონსტიტუციას ქალები თავიდან წერენ
გაზიარება
გაზიარება
REUTERS/Lucas Jackson
ამერიკელმა რეპერმა Jay Z-იმ გადაიღო ვიდეო სიმღერაზე «Family Feud», რომელიც მის ბოლო ალბომში “4:44”-შია შესული. ეს სიმღერა მან თავის მეუღლესთან, ბიონსესთან ერთად ჩაწერა და იგი ცოლ-ქმარს შორის ოჯახურ უთანხმოებებს ეძღვნება.
ამ რვაწუთიან ვიდეოში სიმღერას მხოლოდ ბოლო ორი წუთი ეთმობა. დანარჩენი ექვსი წუთი მოკლე ფილმია, რომელიც 2444 წელს მომხდარი მკვლელობის სცენით იწყება. ამის შემდეგ დრო ისევ ნელ-ნელა უკან ბრუნდება. ერთ ეპიზოდში 2050 წელია, მაგიდასთან ქალები – დამფუძნებელი დედები სხედან და ამერიკის კონსტიტუციას ხელახლა წერენ. ამ ქალებს შორის არიან მსახიობი ჯესიკა ჩესტეინი, ბრი ლარსონი და რაშიდა ჯოუნსი. ვიდეო პირდაპირ მიანიშნებს, რომ ადამიანებმა, რომელთა ლოზუნგი იყო “ვაქციოთ ამერიკა ისევ ძლიერად”, ქვეყანა უფსკრულის პირას მიიყვანეს (შეგახსენებთ, რომ ეს ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო ლოზუნგი იყო).
ვიდეო მთავრდება Jay Z-ის რეჩიტატივით კათოლიკურ ეკლესიაში. რეპერი აღსარებას აბარებს ცოლს და ბოდიშს უხდის მას ღალატისთვის. კლიპში ბიონსეს და Jay Z-ის ქალიშვილი ბლუ აივიც ჩანს.
ცოტა ხნის წინ Jay Z-იმ საჯაროდ აღიარა, რომ ღალატობდა ცოლს. თუმცა, ცოლ-ქმარმა ეს პერიოდი გადალახა და დაშორების ნაცვლად მათ ცოლ-ქმრული ღალატის თემას არაერთი სიმღერა მიუძღვნეს. ბიონსეს 2016 წელს გამოსული ალბომი Lemonade, თითქმის მთლიანად მისი ქმრის ღალატის თემას ეთმობა. Jay Z-იმ კი პასუხად Family Feud ჩაწერა.
Family Feud-ი “ოსკარზე” ორჯერ ნომინირებულმა ავა დიუვერეიმ გადაიღო (ფილმ “სელმას” რეჟისორი).