საქართველოში ინფიცირებულებისთვის იზოლაციის ვადა, შესაძლოა 5 დღემდე შემცირდეს
გაზიარება
გაზიარება
იზოლაციის ვადები საქართველოში
საქართველოში კოვიდ-ინფიცირებულებისთვის იზოლაციის ვადა, შესაძლოა 5 დღემდე შემცირდეს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, საუბარია განსაკუთრებით ისეთ პროფესიებზე, რომლებსაც კოვიდის მართვაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ. ასეთია, მაგალითად, მედპერსონალი.
გაბუნიას განმარტებით, სამედიცინო პერსონალში გავრცელება საკმაოდ აქტიურია, რადგან ისინი მაღალი რისკის გარემოში მუშაობენ და სამუშაო ადგილზე დროული დაბრუნებისთვის, შესაძლოა, იზოლაციის ვადების 5 დღემდე შემცირება, პირველ რიგში, სწორედ მედპერსონალს დაეხმაროს.
“რაც შეეხება სამედიცინო პერსონალისთვის გავრცელების კონტროლს, ბუნებრივია, კვლავაც მნიშვნელოვანია ბუსტერ-დოზის და ინფექციის დაცვის საშუალებების აქტიური გამოყენება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილემ კომენტარი გააკეთა იმის შესახებაც, შეიძლება თუ არა სიმპტომების გამოვლენიდან დაიწყოს იზოლაციის დღეების ათვლა. მისი თქმით, საქართველოში შემუშავებული პროტოკოლით, ათვლა იწყება იმ დღიდან, საიდანაც სამინისტროს აქვს მტკიცებულება, რომ საუბარია ნადვილად დაავადებაზე:
“ვიდრე არ გვაქვს დადასტურებული დიაგნოზი, რთულია ერთიან ჩარჩოში ჩაჯდეს ამდენი ადამიანი და ვიცოდეთ ვინ მეხუთე, მეექვსე თუ მერამდენე დღიდან ექვემდებარება იზოლაციიდან გამოსვლას, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, იზოლაციის დაწყების დღედ შენარჩუნდეს უკვე დადებითი პასუხი, ანუ ნამდვილად ვიცოდეთ, რომ საქმე გვაქვს კოვიდ-ინფიცირებულ პირთან და არა რაიმე სხვა ინფექციასთან.“
● დღეისთვის საქართველოში ასიმპტომური, მსუბუქი შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადა 8 დღეა;
● იზოლაციიდან გასვლის შემდეგ რეკომენდაციაა 5 დღის განმავლობაში პირბადის ტარება;
● მძიმედ მიმდინარე შემთხვევებში პაციენტი ვალდებულია, იზოლაციაში იყოს 10 დღის განმავლობაში. ამავდროულად, ბოლო 24 საათის განმავლობაში უნდა შეინიშნებოდეს ჯანმრთელობის მკვეთრი გაუმჯობესების დინამიკა.
ომიკრონის სწრაფი გავრცელების გამო, საქართველოს მთავრობამ ვაქცინაციის ახალი გეგმაც შეიმუშავა, რომლის მიხედვით, ივლისამდე მოზრდილი მოსახლეობის 70 პროცენტი უნდა იყოს აცრილი.
თამარ გაბუნია ამბობს, რომ სამიზნე მაჩვენებელი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით განისაზღვრა: მაღალი ასაკის მოსახლეობა, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, სამედიცინო პერსონალი და სხვა ესენციური ჯგუფები, ვისაც აქვს მაღალი რისკი პროფესიიდან გამომდინარე.