ყოველ ახალ წელს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ათობით ადამიანი ზიანდება. თუმცა, ასაფეთქებელი სათამაშოებისა და ფოეიერვერკების სრულად აკრძალვის საკითხი მხოლოდ 2015 წლის ბოლოს დაისვა.
ბოლო წვეთად იქცა შემთხვევა, როდესაც ვიღაც თბილისელმა ხულიგანმა (სხვათა შორის, სრულწლოვანმა) „ასაფეთქებელი“ მიკროავტობუსის სალონში შეაგდო. ამ ინციდენტის შედეგად მძღოლი ცალი თვალით დაბრმავდა. საზოგადოება აღშფოთდა და ინტერნეტში გამოჩნდა პეტიცია პიროტექნიკის გამოყენების აკრძალვის შესახებ. ამ მოთხოვნას მაშინვე ათასობით ადამიანმა მოაწერა ხელი.
პეტარდებს და ფოეიერვერკებს, რომლებთაც დეკემბრის დასაწყისიდან ივსება ბაზარი, თებერვლამდე გასავალი აქვთ და მათი ფასი ძალიან დაბალია. „ასაფეთქებლების“ შეძენა 20 თეთრადაც შეიძლება. ასეთ ხელმისაწვდომობას მეტწილად ისიც განაპირობებს, რომ იაფფასიანი პიროტექნიკის ძირითადი მყიდველები 7-დან 15 წლამდე ბავშვები და მოზარდები არიან. ამის გამო, პეტარდებს ყველგან აფეთქებენ _ საბავშვო მოედნებზეც და სკოლებშიც.
როგორც წესი, სადღესასწაულო დღეებში 112-ის ცხელ ხაზზე სასწრაფო დახმარების უამრავი გამოძახება შემოდის ხოლმე. გასული ახალი წლის წინა დღეებში, უფრო ზუსტად კი 2014 წლის 30 და 31 დეკემბერს მხოლოდ ერთ კლინიკაში (კონკრეტულად კი ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრში) 80 პაციენტი შევიდა. დამწვრობის ცენტრის მთავარი ექიმის, გუგა ქაშიბაძის თქმით, პიროტექნიკის გამოყენებით დაზარალებულთა ნახევარზე მეტი, როგორც წესი, ბავშვია. ბავშვები სხვადასხვა მიზეზებით იღებენ ტრავმებს.
ხშირად „ასაფეთქებელი“ უბრალოდ არასწორად უჭირავთ და, იმის ნაცვლად, რომ „რაკეტა“ აივნიდან ზემოთ გაფრინდეს, ბინაში ვარდება, ფეთქდება და ყველა შორიახლოს მყოფს აზიანებს. ზოგჯერ მყიდველებმა უბრალოდ არ იციან მისი მოხმარება, რადგან ნაყიდ „ასაფეთქებლებს“ არ მოჰყვება სათანადო ინსტრუქცია ქართულ ენაზე. ზოგჯერ კი „მსხვერპლს“ მანქანის სალონში, ან ჯიბეში უგდებენ პეტარდებს. შარშან ასეთი შემთხვევაც მოხდა _ მძინარე ბაბუას შვილიშვილმა ასაფეთქებელი პირში ჩაუგდო.
განზრახ მავნებლობის გარდა, ადამიანები იმ მიზეზითაც იღებენ ტრავმებს, რომ ფოეიერვერკები შესაბამისი წესების დაცვის გარეშე ინახება. ეს საკითხი საქართველოში არ რეგულირდება. იმპორტირებული (ძირითადად, ჩინეთიდან ჩამოტანილი) პიროტექნიკა ჩვეულებრივ საბაჟო პროცედურებს გადის, რის შემდეგაც სახელმწიფოს მისადმი ინტერესს კარგავს. ყოველ შემთხვევაში, არავის მიჩნია საჭიროდ იმის შემოწმება, თუ რამდენად სწორად დევს ის დახლზე.