ისლამისტები საომრად გაემზადნენ
ისლამის მიმდევრები “მუსულმანური ერთობის მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილის, ელჩინ ჰასიმოვის გათავისუფლებას ითხოვდნენ. ოფიციალური ვერსიით, ჰასიმოვი ხულიგნობის ბრალდებით არის დაკავებული. პოლიციამ დემონსტრანტების ჯგუფი დაშალა, ზოგიერთი აქტივისტი კი დააკავა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ელჩინ ჰასიმოვს “პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის” მუხლის შესაბამისად, ოცდაათდღიანი პატიმრობა მიესაჯა.
ელჩინ ჰასიმოვი
ჰასიმოვის ადვოკატი ჯავად ჯავადოვი ამბობს, რომ განაჩენი მისი მონაწილეობის გარეშე გამოიტანეს და განსასჯელთან პირისპირ შეხვედრის უფლება არ მისცეს. იგი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
რელიგიურ სტრუქტურებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის განცხადებით, “მუსულმანური ერთობის მოძრაობა” რეგისტრაციის არმქონე ორგანიზაციაა, რომელიც რელიგიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
მოძრაობის თავმჯდომარეს, თეოლოგ თალე ბაგირზადეს 3 ნოემბერს პოლიციის განყოფილებაში სცემეს იმის გამო, რომ ეროვნული გმირის, მუბარიზ იბრაგიმოვის საფლავთან მასობრივი შეკრების მოწყობას აპირებდა. ორგანიზაციის აქტივისტების განცხადებით, ამ ფაქტის შემდეგ ელჩინ ჰასიმოვმა ნარდარანის მეჩეთში სიტყვით გამოსვლისას მკაცრად გააკრიტიკა ხელისუფლება, რაც მისი დაკავების მიზეზი გახდა.
თალე ბაგიროვი
არსებული მდგომარეობის შესახებ კომენტარი აზერბაიჯანის უფლებადამცველთა ცენტრის ხელმძღვანელს, ელდარ ზეინალოვს ვთხოვეთ.
ელდარ ზეინალოვი
“სანბუჩის ინციდენტი, ერთი შეხედვით, პროტესტის სტიქიური გამოვლინებაა, მაგრამ, სინამდვილეში, ახალი მოძრაობის ძალების მოსინჯვის მცდელობას წარმოადგენს. საჭიროა გონივრული იდეოლოგიური ომი იმისათვის, რომ მოსახლეობამ გაცნობიერებულად აირჩიოს სეკულარული მოდელი, და არა შარიათის მმართველობა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, რეპრესიები კიდევ უფრო გააძლიერებს ამ მოძრაობას – ზუსტად ისე, როგორც ირანში მოხდა.
ეს მოძრაობა არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის, არამედ საერო სახელმწიფოებრიობისთვისაა სახიფათო. ჯერჯერობით ეს ხიფათი მხოლოდ პოტენციურია. გათავისუფლებიდან მოკლე დროში მოძრაობის ლიდერმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ რელიგიისა და სახელმწიფოს გამიჯვნა შეცდომაა, მისი მოძრაობისთვის მისაბაძ წყობილებად კი მეცხრამეტე საუკუნეში არსებული სისტემა დაასახელა, როდესაც ქვეყანაში შარიათის კანონები მოქმედებდა. იმის გათვალისწინებით, რომ ეს მოსაზრება ორასი წლით უკან წევს ქვეყანას, ის ვერაფრით მიიჩნევა დემოკრატიულად.
ძირითადი პრეტენზია მოძრაობის მიმართ კი სამართლებრივი ხასიათისაა. კავკასიელი მუსულმანების სამმართველოს უფროსმა ა. ფაშაზადემ მოძრაობას შესთავაზა, ზუსტად განსაზღვროს საკუთარი სტატუსი. კანონმდებლობის თანახმად, პოლიტიკური ორგანიზაციები რელიგიური საქმიანობით არ უნდა იყვნენ დაკავებულნი, რელიგიური ორგანიზაციები კი პოლიტიკაში არ ერევიან.
ოფიციალურად, მოძრაობა 2015 წლის დასაწყისში შეიქმნა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ორგანიზაცია საპყრობილეში დაარსდა, რაც სიმბოლურია, რადგანაც მოძრაობის პირველივე აქციები (მაგალითად, ორგანიზაციის ლიდერის ქადაგებები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, ან სანბუჩიში ორგანიზებული დემონსტრაცია) კანონთან კონფლიქტით სრულდებოდა.
როგორც ჩანს, “რელიგიური თავისუფლების” შესახებ კანონის დარღვევითა და პოლიციასთან უთანხმოებით ეს მოძრაობა საერო ხელისუფლებას უპირისპირდება, რათა ამ ორგანიზაციის წევრების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიებით საზოგადოების ყურადღება მიიპყროს. შესაძლოა, ამ გზით პოლიტპატიმრების სიაც შეავსონ.
უნდა აღინიშნოს, რომ სეკულარული ოპოზიცია ჯერ კიდევ 2010-11 წლების “არაბული გაზაფხულის” პერიოდიდან ცდილობს ისლამისტური მოძრაობების გამოყენებას. ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პოლიტიკური ორგანიზაციები ისლამურ მოძრაობებში იმ ძალას ხედავენ, რომელსაც “იენი აზერბაიჯანის” მმართველობის დასრულება შეუძლია. როგორც ჩანს, ბევრს აღარ ახსოვს 1970-იანი წლების ირანის რევოლუციის შედეგად მიღებული ისტორიული გაკვეთილი.”