ISFED წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს: დარღვევები, ძალადობა და ზეწოლა
“სამართლიანმა არჩევნებმა” (ISFED) წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დაპირისპირებებისა და ზეწოლის ფაქტები გაასაჯაროვა.
ISFED-მა გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების მიზნით, 27 განცხადება-საჩივარი წარადგინა. მონიტორინგი მოიცავს 2021 წლის 31 აგვისტოდან 21 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს.
ამ პერიოდში გამოვლინდა:
- სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის – 2;
- სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების/წასვლის იძულების – 4;
- სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის – 20;
- ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების – 3;
- ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის – 5;
- მოქმედი თანამდებობის პირების კამპანიის – 1;
- არაუფლებამოსილი პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის – 12;
- საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზების – 5 ფაქტი.
“სამართლიან არჩევნებში” აცხადებენ, რომ შეიმჩნევა სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტებიც. ასევე, წინასაარჩევნო კამპანიის დინამიკა მნიშვნელოვნად შეარყია 13 სექტემბერს გასაჯაროებულმა ფაილებმა საპატრიარქოს შესახებ.
ISFED საგანგაშოდ მიიჩნევს TV პირველის ეთერში, 11 სექტემბერს გასულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უსაფრთხოების სამსახურის მიერ, სკოლის დირექტორების და მასწავლებლების შესახებ გროვდებოდა ინფორმაცია და იქმნებოდა ე.წ დოსიეები.
ISFED ყურადღებას ამახვილებს პოლიტიკურ ე.წ. სისხლიან ბანერებზეც, რომელიც 17 სექტემბერს ღამის საათებში გააკრეს. მათივე თქმით, საყურადღებო იყო საუბნო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილი პარტიების მიერ დაკომპლექტების პროცესი:
“საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომების მონიტორინგისას თვალშისაცემი იყო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არაინფორმირებულობა, მათი დამნიშნავი/წარმდგენი პოლიტიკური პარტიის შესახებ.“
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მხრივ, ანგარიშში მაგალითად მოყვანილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე, მმართველი პარტიის “ირიბი აგიტაცია”, სადაც მთავარ სიახლეებში გამოტანილ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ იუსტიციის მინისტრი ქართული ოცნების მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა, რასაც თან ერთოდა სურათი, სადაც მინისტრი ქართული ოცნების საიმიჯო ტრიბუნასთან იდგა და კარგად ჩანდა პარტიის საარჩევნო ნომერი.
● რას ვირჩევთ 2 ოქტომბერს? ხუთი ნიშანი, რომელიც მიუთითებს, რომ საქართველოში თვითმმართველობა არ არის
● დმანისში ოპოზიციის აქტივისტების დაჭრის ფაქტზე “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი დააკავეს
● სახალხო დამცველი: დოკუმენტების მოცულობამ და დეტალურობამ შოკში ჩამაგდო
2021 წლის 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. მოსახლეობა აირჩევს 64 მერს და საკრებულოს 2044 დეპუტატს.
ეს რიგით მერვე თვითმმართველობის არჩევნებია, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში ტარდება.
21 სექტემბერს, არჩევნებამდე 11 დღით ადრე, დმანისში, მხარდამჭერებთან შესახვედრად მისული ოპოზიციის ორი აქტივისტი დანით დაჭრეს. მათ მძიმე დაზიანებები მიიღეს და სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისის მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილი, 1993 წელს დაბადებული დავით დაუთაშვილი დააკავა.