ირანის ელჩი საქართველოში: არცერთი ქვეყანა არ არის დაცული რეგიონული კრიზისის შედეგებისგან
გაზიარება
გაზიარება
ირანის ელჩი საქართველოში
ირანის ელჩი საქართველოში ალი მოჯანი Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ყურადღებაა მისაქცევი ფრაზაზე: “არცერთი ქვეყანა არ არის დაცული რეგიონული კრიზისის შედეგებისგან”.
მის პოსტს თან ერთვის სიმბოლური ვიზუალი – ავტომობილის სარკეზე დატანილი გაფრთხილება: “სარკეში ასახული ობიექტები იმაზე უფრო ახლოსაა, ვიდრე ჩანს“, – რაც მიმდინარე მოვლენების აღქმის მეტაფორად არის წარმოდგენილი.
“დონალდ ტრამპისა და ამერიკის პოლიტიკის შესახებ ერთ ფაქტს ვერავინ უგულებელყოფს: როდესაც ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად, საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს.
დღეს ნიშნები აშკარაა: საექსპორტო გზების შეფერხება, კაპიტალის გადინება და საზოგადოების მზარდი შფოთვა გამომფიტავი ომის შედეგების გამო, აგრეთვე ესკალაციის რისკები, მათ შორის ამერიკის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე – ეს ყველაფერი პატარა ქვეყნების გადაწყვეტილების მიმღებთა წინაშე დგას.
ახლა, ომის ოცდამეთორმეტე დღეს, თეთრი სახლი იმასაც კი განიხილავს, რომ ამ კონფლიქტის ხარჯების ირანის სამხრეთით მდებარე ქვეყნებს დაეკისროთ.
სწორედ ეს არის ის წერტილი, სადაც მოკლევადიანი გადაწყვეტილებები და მცდარი გათვლები გრძელვადიან გამოწვევებად იქცევა.
ისინი, ვინც გუშინ დონალდ ტრამპს მხარი აუბეს, დღეს იძულებულნი არიან ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ.
ეს მიდგომა იმავე პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელსაც ჯო ბაიდენიც პერიოდულად მისდევდა, როცა ხსნიდა ახალ ფრონტებს. დღეს კი თვით ნატოს ზოგიერთი მოკავშირე „ვაშინგტონთან დისტანციის შენარჩუნების პოლიტიკას“ ირჩევს.
ყურადღება მივაქციოთ ამ ფრაზას: არცერთი ქვეყანა არ არის დაცული რეგიონული კრიზისის შედეგებისგან.
კრიზისი ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.“ – წერს სეიედ ალი მოჯანი.
უცნობია, უკავშირდება თუ არა ელჩის ეს განცხადება 30 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარი გამართა. ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ინტერესის საკითხები, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება.