ირაკლი კობახიძე EU-ის ანგარიშზე: დავარქმევდი პასუხისმგებლობის აღებას კრიმინალზე
გაზიარება
გაზიარება
ირაკლი კობახიძე EU-ის ანგარიშზე
“ქართული ოცნების” პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დოკუმენტს “კრიმინალურ აქტებზე” პასუხისმგებლობის აღება უწოდა და დასძინა, რომ ევროპული ბიუროკრატიის ადგილზე სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ აქტებზე პასუხისმგებლობას არ გაიზიარებდა.
საუბარია ევროკავშირის ევროკავშირის საბჭოს დასკვნებზე საქართველოს შესახებ, რომელშიც ხაზგასმულია რეპრესიული კანონების მიღება, ოპოზიციის ლიდერების დევნა, საპროტესტო აქციებში მონაწილეების და ჟურნალისტების უსაფუძვლო დაპატიმრებები. დოკუმენტში საუბარია უვიზო მიმოსვლაზეც და ნათქვამია, რომ საბჭო სინანულით აღნიშნავს საქართველოს მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესახებ მეშვიდე ანგარიშის რეკომენდაციების შეუსრულებლობას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ეს რეკომენდაციები შეასრულოს და ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმები დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს.
ირაკლი კობახიძე: “დაკავებულები არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართულები რევოლუციურ პროცესებში, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმაში. გამოდის, რომ ევროპული ბიუროკრატია პასუხისმგებლობას იღებს ამ აქტებზე, რასაც ჰქვია აქტები სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ. მე, ევროპული ბიუროკრატიის ადგილას, რა თქმა უნდა, ასეთ კრიმინალურ აქტებზე პასუხისმგებლობას არ გავიზიარებდი და არ ავიღებდი.
რაც შეეხება კანონმდებლობას, თქვენ იცით, რომ საუბარია გამჭვირვალობის შესახებ კანონზე და აქ არავითარი კრიტიკის საფუძველი არ არსებობს. ჩვენ ამ კანონმა მოგვცა ყველაფრისთვის სახელის დარქმევის საშუალება და ეს იყო ამ კანონის მთავარი მიზანი. ყველაფერს დაერქვა სახელი, სახელი დაერქვა ე.წ. ენჯეოებს, ე.წ. სამოქალაქო საზოგადოებას, უცხოურ აგენტურას დაერქვა, რეალურად, თავისი სახელი. საბოლოო ჯამში, ეს არ მოსწონს ვიღაცას ევროპულ ბიუროკრატიაში.
აქაც, მათ ადგილას, მე არ ავიღებდი პასუხისმგებლობას იმ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში ახორციელებდნენ კონკრეტული ორგანიზაციები, ე.წ. ენჯეოები და ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. მე ამ განცხადებას დავარქმევდი პასუხისმგებლობის აღებას კრიმინალსა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე, რომელიც ხორციელდებოდა ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.”