სარეკლამო ვიდეორგოლი, რომელიც ინტერნეტქსელში მაღაზია “iPhone+”-მა გაავრცელა, ფეისბუკმომხმარებლების გაღიზიანების მიზეზი გახდა.
მაღაზიამ, რომელიც თბილისში Apple-ის პროდუქციით ვაჭრობს, თავის ფეისბუკ-გვერდზე განათავსა ვიდეო სახელწოდებით “iPLUSIS”, სადაც ჩანან ნიღბიანი ადამიანები იარაღით ხელში, ვიდეოს ბოლოს ისმის “ალაჰ აკბარ” და ტიტრებად კომპანიის სარეკლამო ტექსტი გადის.
ამ ვიდეომ ქართველი ინტერნეტ-მომხმარებლების პროტესტი გამოიწვია:
ვიდეოში აღნიშნულია, რომ iphone+ იანვრიდან apple–ის ოფიციალური პარტნიორი ხდება და ამიტომ ‘iPhone+ კონკურენტებს კონკურენციით ემუქრება და მოუწოდებს მათ მომხმარებლის ინტერესების დაცვისკენ. “ვიდეოს შინაარსი, შესაძლოა, გამოძების მიზეზიც კი გახდეს,” – ამბობენ იურისტები. “ვიდეოში ერთმნიშვნელოვნად არ იკვეთება ტერორიზმის მხარდაჭერა, თუმცა, შესაძლოა, ის მაინც გახდეს სამართალდამცავთა ინტერესის საგანი,” – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელი იურისტი ლევან ვეფხვაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.
კომპანია “iPhone+” -ის წარმომადგენელმა გოგა თირქიამ განაცხადა, რომ ვიდეო არ იყო პოლიტიკური შინაარსის შემცველი და სრულად ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს იყო მარტივი შინაარსის სახუმარო კლიპი და არ გულისხმობდა არავითარ სხვა გზავნილს.
გარდა ამისა, ფეისბუკზე ვიდეოკლიპის შინაარსთან დაკავშირებით განმარტება გაკეთდა კომპანიის სახელითაც:
“ამ მძიმე წუთებში სწორედ ამიტომ გადავიღეთ მხიარული ვიდეო, რომ ასეთი ჟესტით, პროტესტის გამოხატვის გარდა, გაგვემხნევებინა საზოგადოება, რომელიც ბოლო ხანს შეშფოთებულია ამ არაადამიანური ტრაგედიისა და საქციელის ხილვით!” – წერია განცხადებაში.
“iPhone +”-ის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ შექმნილი აჟიოტაჟის მიუხედავად, ვიდეოს წაშლას არ აპირებდნენ, თუმცა მეორე დღეს კლიპი მაინც წაშალეს. აღნიშნული სკანდალი ფესბუკზე გამოხატვის თავისუფლების შესახებ დისკუსიის მიზეზიც გახდა. მათ, ვინც “iPhone +”-ის დასჯას ითხოვდა, შარლი ებდოს კარიკატურები შეახსენეს: