სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%, ხოლო წლიურმა ინფლაციამ 9.4% შეადგინა. შესაბამისად, გაძვირდა პროდუქტებიც: ბოსტნეული 26.5%-ით, პური 22.8%-ით, ყავა და ჩაი 17.1%-ით.
2021 წელს საქართველოში ინფლაციის დონემ ბოლო ათი წლის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ინფლაციის დონის ზრდა ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების მატებას, ანუ საქონლისა და სერვისების გაძვირებას და ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას გულისხმობს. ეკონომისტებისა თუ საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებით, ქვეყნის წინაშე მდგარი უმთავრესი გამოწვევა მაღალი ინფლაციის დონეა.
წინა წელთან შედარებით ფასები გაზრდილია შემდეგ პროდუქტებზე:
ბოსტნეული და ბაღჩეული + 26.5%
პური და პურპროდუქტები + 22.8%
რძე, ყველი და კვერცხი + 16.7%
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები + 16.5%
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ ინფლაცია და ფასები გამოწვევად დარჩება მიმდინარე წელსაც იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიო ფასები რეკორდულ ნიშნულზე იყო ქვეყნების უმეტესობაში:
“30-40-წლიან რეკორდებს ხსნიდა როგორც ევროპის ქვეყნებში, ისე აშშ-ში, ჩვენს სამეზობლოში, შესაბამისად, საქართველო ვერ იქნებოდა აქედან იზოლირებული, ამ სივრციდან და ეს ბუნებრივად აისახა საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელზე.”
მისივე განმარტებით, დღეის მდგომარეობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფლაციას ექნება შემცირების მიმართულება მომდევნო თვეებში და წლის ბოლოს მიზნობრივ მაჩვენებელთან შესაბამისად ახლოს უნდა იყოს.
რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, წლის დასაწყისში ისინი აცხადებდნენ, რომ “არსებული პროგნოზით მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მარტიდან შემცირდება, თუმცა წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება.” ასევე, ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ საწვავის ფასების მკვეთრ მატებას ინფლაციის მაჩვენებელზე საგრძნობი გავლენა ექნება.
საქართველოს მთავრობა კი გაზრდილ ფასებს და ინფლაციას უკრაინაში რუსეთის შეჭრას აბრალებს. საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ინფლაციის მაჩვენებლებმა არაერთ ქვეყანაში პროგნოზირებულ მაჩვენებელს გადააჭარბა.