Meta-ს შეზღუდვების შემდეგ "იმედი“ და POSTV რეკლამების გასავრცელებლად ახალ ფეისბუქგვერდებს იყენებდნენ - ISFED
იმედი“ და POSTV-ის სანქციები
გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულმა სანქციებმა საქართველოში ორი პრო-სამთავრობო ტელეკომპანიის, „იმედისა“ და POSTV-ის საქმიანობაზე დამატებითი გავლენა იქონია სოციალურ მედიაში.
ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) აცხადებს, რომ სანქციების შემდეგ ორივე არხს პრობლემები შეექმნა Meta-ს პლატფორმებზე საკუთარი კონტენტის რეკლამირებასთან დაკავშირებით. ორგანიზაციის თქმით, ამის საპასუხოდ ტელეკომპანიები ცდილობდნენ ფეისბუქზე ახალი გვერდების შექმნას და რეკლამის მათ მეშვეობით განთავსებას.
ISFED-ის დაკვირვებით, ორივე ტელეკომპანიის ოფიციალურ გვერდებზე რეკლამების გამოქვეყნება სანქციების დაწესებიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს შეწყდა. ორგანიზაციის ცნობით, 10 მარტის მდგომარეობით Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკაში მითითებულია, რომ გვერდებს რეკლამის განთავსება პლატფორმის სტანდარტების დარღვევის გამო შეეზღუდათ.
Meta-ს ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა ISFED ვარაუდობს, რომ კომპანიამ შეზღუდვები სწორედ სანქციების კონტექსტში გაავრცელა ტელეკომპანიების ფეისბუქგვერდებზეც.
ორგანიზაციის თქმით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ ორივე არხი სოციალური ქსელების რეკლამის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი განმათავსებელი იყო საქართველოში.
Meta-ს მონაცემებით, მხოლოდ 2026 წლის თებერვალში ,,იმედმა“ და POSTV-მ საკუთარ გვერდებზე არასრულ ერთ თვეში თითქმის 38 ათასი დოლარის ღირებულების დაახლოებით ათასი რეკლამა განათავსეს. ხოლო 2020 წლის აგვისტოდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში, სხვადასხვა გვერდის მეშვეობით, ამ ორმა ტელეკომპანიამ Meta-ს რეკლამებში სულ მცირე 786,305 დოლარი დახარჯა – რაც ქართული მედიისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

ISFED-მა ასევე აღმოაჩინა, რომ სანქციების შემდეგ POSTV-მ ფეისბუქზე ორი ახალი გვერდი შექმნა: გვერდები „POSTV – ამბები“ და „POSTV – Insight“ 2026 წლის მარტში შეიქმნა და პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება 4 მარტს მიიღო – ყველა რეკლამა მომდევნო ორი დღის განმავლობაში გამოქვეყნდა. ორგანიზაციის ცნობით, ორივე გვერდს რეკლამების ბიბლიოთეკაში ერთნაირი საკონტაქტო ინფორმაცია ჰქონდა მითითებული.
გვერდმა „POSTV – ამბები“ ფეისბუქზე ჯამში 111 რეკლამა განათავსა, რომელთა საერთო ღირებულებამ 493 დოლარი შეადგინა. ISFED-ის თქმით, რეკლამირებული პოსტები ძირითადად ანტიდასავლურ გზავნილებს შეიცავდა. გავრცელებული ნარატივების ნაწილი დასავლეთს წარმოაჩენდა მხარედ, რომელიც დაინტერესებულია უკრაინასა და ირანში მიმდინარე კონფლიქტების გაგრძელებით.

რეკლამებში ასევე ფართოდ ვრცელდებოდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეფასებები, რომლის მიხედვითაც დასავლეთმა უკრაინა გამოიყენა და შეცდომაში შეიყვანა მის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით. სხვა პოსტებში საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე იყო ხაზგასმული, ხოლო დასავლეთი წარმოდგენილი იყო ძალად, რომელიც ქვეყანას ომისკენ უბიძგებს.
რეკლამირებული კონტენტის ნაწილი უკრაინის ხელისუფლების კრიტიკასაც შეიცავდა. მათ შორის გავრცელდა ვიდეოსიუჟეტი, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უნგრეთის სუვერენიტეტში ჩარევასა და დემოკრატიულ არჩევნებზე ზემოქმედებაში იყო დადანაშაულებული.
ISFED-ის მიხედვით, დარეკლამებული მასალები ასევე მიზანში იღებდა დამოუკიდებელ ონლაინ მედიას საქართველოში, რომელსაც „გარე ძალების დავალებების შემსრულებლად“ წარმოაჩენდნენ.

მეორე გვერდმა, „POSTV – Insight“ 23 რეკლამა განათავსა, ჯამური ღირებულებით 227 დოლარი. აქაც, ანტიდასავლურ გზავნილებთან ერთად, კრიტიკა მიმართული იყო ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ.
დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნე გახდნენ ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი. ერთ-ერთ რეკლამაში ლომჯარია გერმანიის ელჩთან შეხვედრის გამო ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში იყო დადანაშაულებული, ხოლო ხიდაშელის მიმართ კრიტიკა გაძლიერდა მას შემდეგ, რაც მან საჯაროდ გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლების ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავება.
ISFED-ის ცნობით, ამ დროისთვის POSTV-ის არც ერთი ახალი გვერდი აღარ იძებნება – ისინი მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში იყო აქტიური და მათი გაქრობის მიზეზი უცნობია.
მსგავსი ნაბიჯები გადადგა „იმედმაც“. ორგანიზაციის ინფორმაციით, მთავარ გვერდებზე რეკლამის შეწყვეტის შემდეგ 3 მარტს შეიქმნა ახალი ფეისბუქგვერდი, „იმედის მხარდამჭერები“.
გვერდმა Meta-ზე რეკლამის განთავსების უფლება 5 მარტს მიიღო და იმავე დღეს დაასპონსორა ვიდეო სათაურით: „სანდრო გამსახურდიას ციტატა — აგენტი თინა ხიდაშელი“. გვერდზე ამ დროისთვის მხოლოდ ორი პოსტია გამოქვეყნებული: ტელეკომპანიის განცხადება სანქციებთან დაკავშირებით და აღნიშნული ვიდეო.
ISFED აღნიშნავს კიდევ ერთ დეტალს: იდენტური სახელწოდებით „იმედის მხარდამჭერები“ 25 თებერვალს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ნიკა კლდიაშვილია. ის ტელეკომპანია „იმედში“ სოციალური მედიის მიმართულებას ხელმძღვანელობს.
ორგანიზაციის შეფასებით, ეს შემთხვევა აჩვენებს, როგორ ცდილობენ სანქცირებული მედია ორგანიზაციები სოციალური ქსელების პლატფორმებზე დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლას და აუდიტორიასთან წვდომის შენარჩუნებას.
კონტექსტი
დიდმა ბრიტანეთმა 24 თებერვალს სანქციები დაუწესა ტელეკომპანია “იმედსა” და POSTV-ს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის ფარგლებში.
სანქციების სიის დოკუმენტის მიხედვით, TV იმედსა და POSTV-ს შეეხებათ აქტივების გაყინვა, ტრასტის მომსახურების სანქციები და დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია, რომელიც ინდივიდს კომპანიის დირექტორობას, მის დაარსებას ან მართვას გარკვეული პერიოდით უზღუდავს, სანქციის დარღვევა კი სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.
დიდი ბრიტანეთის მიერ პროსამთავრობო პროპგანადისტული მედიების, TV იმედისა და POSTV-ის დასანქცირების შემდეგ, “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება “არასერიოზული და სამარცხვინოა“. მისი თქმით, ლონდონში “აღარაფერი აღარ ფასობს“, მათ შორის – მედიის თავისუფლება.
კობახიძემ სანქციები ფორმალურად მედიის თავისუფლების შელახვად შეაფასა, თუმცა დაამატა, რომ პრაქტიკულ შედეგს ისინი ვერ გამოიღებს. მისი განცხადებით, ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ არცერთ ჟურნალისტს არცერთ ტელეკომპანიაში მდგომარეობა არ გაუუარესდეს.
“რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო კომპანიამ TV იმედთან და POSTV-სთან თანამშრომლობა უნდა გააგრძელოს.” – თქვა კობახიძემ.