თბილისში ჰეიდარ ალიევის კულტურის ცენტრი შენდება, რის გამოც 5 პირს საკუთრებას ექსპროპრიაციის გზით ჩამოართმევენ
ჰეიდარ ალიევის კულტურის ცენტრი
თბილისის ისტორიულ აბანოთუბანში ახალი კულტურული პროექტის გამო ხუთ ოჯახს საცხოვრებელი და კომერციული ფართები ექსპროპრიაციის გზით ჩამოერთმევა. საქმე ეხება ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის მშენებლობას, რომლისთვისაც მთავრობის გადაწყვეტილებით ტერიტორია “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების“ სტატუსით განისაზღვრა.
ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის მიერ ხელმოწერილი ბრძანება აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას ექსპროპრიაციის უფლებას ანიჭებს, რაც სახელმწიფოს საშუალებას აძლევს კერძო საკუთრება წინასწარი კომპენსაციის სანაცვლოდ ჩამოართვას.
გადაწყვეტილება 3 აპრილს გამოქვეყნდა და დაემთხვა საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტს, რომელიც საქართველოს გუშინ სტუმრობდა.
დოკუმენტის მიხედვით, პროექტი შეეხება იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ იტალიური ეზოს ტიპის შენობას, სადაც ჯამში 24 მესაკუთრეა რეგისტრირებული. მათ ნაწილთან სახელმწიფოს მიერ შერჩეულმა კომპანიამ შეთანხმებას უკვე მიაღწია და ქონება ნებაყოფლობით გამოისყიდა, თუმცა ხუთ ოჯახთან შეთანხმება ვერ შედგა.
ექსპროპრიაციის ქვეშ ექცევიან ტარიელ გუსეინოვი, გოჰარ გასპარიანი, მედიკო პაპიაშვილი, მარინე კობიაშვილი და დარიკო პაპიაშვილი. მათი საკუთრება მოიცავს სხვადასხვა ზომის საცხოვრებელ და სხვენის ფართებს, რომლებიც ერთ შენობაშია განთავსებული.
ოფიციალური განმარტებით, მესაკუთრეებს წინასწარ შესთავაზეს კომპენსაცია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფასებების საფუძველზე, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. სწორედ ამის შემდეგ მიმართა კომპანიამ სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების მოთხოვნით.
ბრძანებაში ხაზგასმულია, რომ საკუთრების უფლება კონსტიტუციით დაცულია, თუმცა არ არის აბსოლუტური და შეიძლება შეიზღუდოს საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევაში. ასევე აღნიშნულია, რომ კომპენსაციის ოდენობაზე უთანხმოების შემთხვევაში საკითხი სასამართლოს გზით უნდა გადაწყდეს.
მოსახლეობას გადაწყვეტილების გასაჩივრება ერთი თვის ვადაში შეუძლია.
პროექტის მიხედვით, 5 380 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე დაგეგმილია მრავალფუნქციური კულტურული კომპლექსის მშენებლობა, რომელიც მოიცავს საკონცერტო დარბაზს, საგანმანათლებლო სივრცეებს, ბავშვთა თეატრსა და საზოგადოებრივ ზონებს. მთავარი ფოიე ისტორიულ “ძველ აბანოს“ შენობას დაუკავშირდება, რაც პროექტის ავტორების თქმით, ძველისა და ახლის არქიტექტურულ ჰარმონიას შექმნის.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ცენტრი განიხილება როგორც რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმა და ემყარება საქართველოსა და აზერბაიჯანის ისტორიულ ურთიერთობებს. პროექტი დაკავშირებულია ჰეიდარ ალიევის სახელთან და მიზნად ისახავს მრავალეთნიკური კულტურული სივრცის განვითარებას, ასევე კულტურული ტურიზმისა და საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძლობას.
ჰეიდარ ალიევი იყო აზერბაიჯანის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა, რომელმაც ქვეყნის თანამედროვე პოლიტიკური სისტემა დიდწილად ჩამოაყალიბა.
ის 1923 წელს დაიბადა ნახიჩევანში და კარიერა საბჭოთა უსაფრთხოების სტრუქტურებში დაიწყო. მოგვიანებით გახდა აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ლიდერი – ჯერ კომუნისტური პარტიის პირველი მდივნის, შემდეგ კი სსრკ-ის პოლიტბიუროს წევრის რანგში, რაც იმ დროისთვის ერთ-ერთი უმაღლესი პოლიტიკური პოზიცია იყო საბჭოთა კავშირში.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1993 წელს, ალიევი უკვე დამოუკიდებელი აზერბაიჯანის პრეზიდენტი გახდა და ქვეყანას 2003 წლამდე ხელმძღვანელობდა. მისი მმართველობის პერიოდი დაკავშირებულია სახელმწიფოს ცენტრალიზაციის გაძლიერებასთან, პოლიტიკური სტაბილურობის აღდგენასთან და განსაკუთრებით ნავთობის სექტორში მსხვილ საერთაშორისო შეთანხმებებთან.
მისი პოლიტიკა ხშირად შეფასებულია ორმხრივად: ერთი მხრივ, როგორც სახელმწიფოებრივი სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდის პერიოდი, მეორე მხრივ როგორც ავტორიტარული მმართველობის გაძლიერება და პოლიტიკური ოპონენტების შეზღუდვა.
ჰეიდარ ალიევი 2003 წელს გარდაიცვალა, თუმცა მის პოლიტიკურ მემკვიდრეობას დღემდე მისი შვილი, ილჰამ ალიევი აგრძელებს.