უჩვეულო აქცია გაიმართა თბილისში,სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან, სადაც პრემიერ-მინისტრი მუშაობს.
მოქალაქეებმა კანცელარიასთან რეზინის ბოტები მიიტანეს და ამ ფორმით პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალურ ფეისბუკ ვებ-გვერდზე ინტერნეტ-ბოტების სიმრავლე გააპროტესტეს.
ფოტო: რადიო თავისუფლება
ფოტო: რადიო თავისუფლება
პრემიერის განცხადება, haha და ანუშ კუმარი
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 5 ივნისს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავის ფეისბუკ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავდა და მიუღებელს უწოდებდა მათ მოთხოვნას იუსტიციის მინისტრის გადადგომის შესახებ.
პრემიერის ამ პოსტზე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომის მომხრეებმა სიცილის ღილაკის – “ჰაჰა” ემოციის დატოვება დაიწყეს, რამაც ერთგვარი ფლეშმობის ხასიათი მიიღო. სულ მალე პრემიერის ამ პოსტს 7 ათასზე მეტმა ადამიანმა “დასცინა”.
ამავდროულად, პარალელურ რეჟიმში იზრდებოდა პოსტის მომწონებელთა ანუ “დამლაიქებელთა” რიცხვიც. თუმცა ინტერნეტ-მომხმარებლებმა მალევე შეამჩნიეს, რომ მომწონებელთა შორის ბევრი ე.წ. “ბოტი” იყო. პრემიერის პოსტს მასობრივად “ალაიქებდნენ” პაკისტანელი, ინდოელი, ჩინელი და არაბული ქვეყნების ფეისბუკ-მომხმარებლები.
საქართველოს პრემიერით და მისი პოლიტიკური კურსით აღფრთოვანებული ინდოელების “ლაიქებმა” ქართველი ფეისბუკ-მომხმარებლები ხუმრობის ხასიათზე დააყენა.
თუმცა, ხუმრობების მიღმა დაისვა სხვა საკითხიც – პრემიერის ადმინისტრაცია “ლაიქებს” ყიდულობს და ამაში საბიუჯეტო სახსრებს ხარჯავს.
ატეხილ სკანდალს პრემიერის ადმინისტრაცია მეორე დღესვე გამოეხმაურა. მათ განაცხადეს, რომ ფასიანი “ლაიქები” არ შეუძენიათ და პირიქით, კიბერ-შეტევის მსხვერპლნი გახდნენ.
დაუწერე haha აფხაზ მინისტრს
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ქართველი ფეისბუკ-მომხმარებლები პროტესტს დაცინვით, ანუ “ჰაჰა” ემოციით გამოხატავენ.
პირველად ქართული ჰაჰა – ფლეშმობი საკუთარ თავზე აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ იწვნია. რამდენიმე დღის წინ, როდესაც სირიამ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, კოვემ თავის ფეისბუკზე ეს ამბავი აფხაზ ხალხს ამცნო და მიულოცა.
ქართულენოვანი ფეისბუკის მომხმარებლები ერთმანეთს მოუწოდებდნენ დაურ კოვეს პოსტზე haha-ემოციის გამოხატვას. სულ მალე კოვეს პოსტის ქვეშ ათასობით “ჰაჰა” გაჩნდა. დე-ფაქტო მინისტრი იძულებული გახდა საჯარო პოსტი პრივატული გაეხადა.