გვინდა თუ არა მაჟორიტარები?
8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა ძალამ “ქართულმა ოცნებამ” ხმების 48,6%, ანუ საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველთა ნახევარზე ნაკლები მიიღო.
მიუხედავად ამისა, არ არის გამორიცხული მომავალ პარლამენტში ამ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდეს.
ყველაფერს მეორე ტური გადაწყვეტს, რომელიც საქართველოში 30 ოქტომბერს გაიმართება. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, 50 ერთმანდატიან ოლქში ერთმანეთს მმართველი გუნდის “ქართული ოცნების” და ოპოზიციური პარტიის “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები დაუპირისპირდებიან.
იმ შემთხვევაში, თუ “ქართულმა ოცნებამ”, მეორე ტურის შედეგებით, პარლამენტში 50 მაჟორიტარის გაყვანა მოახერხა, მას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება. ანუ, ნებისმიერ კანონპროექტს თუ საკონსტიტუციო ცვლილებას ერთპიროვნულად მიიღებს, ოპოზიციის მხარდაჭერისა და მასთან კონსულტაციის გარეშე.
რამდენად სამართლიანია ის, რომ პარტიას, რომელსაც რეალურად ამომრჩეველთა ნახევარიც კი არ ენდობა, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო მანდატს იღებს?
რატომ ხდება ასე?
ამის მთავარი მიზეზი იმ საარჩევნო სისტემაშია, რომლითაც საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება და, რომლის თანახმად, “გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი.”
რა სისტემით ტარდება დღეს არჩევნები?
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ტარდება. პარლამენტის 150 დეპუტატიდან 77 დეპუტატი – პარტიული სიით აირჩევა, ხოლო 73 დეპუტატი – მაჟორიტარული წესით.
არჩევნების დღეს ამომრჩეველს ორი ბიულეტენი ურიგდება – ერთში პარტიებია ჩამოთვლილი; მეორეში კი -ის კანდიდატები, რომლებიც კენჭს იყრიან კონკრეტულ მაჟორიტარულ ოლქში.
საბოლოოდ, პარტიების მიერ პროპორციული და მაჟორიტარული წესით მოპოვებული მანდატები მექანიკურად ჯამდება. მაგალითად, თუ პარტიულმა სიამ მიიღო 40-პროცენტიანი მხარდაჭერა პროპორციულ არჩევნებში [რაც დაახლოებით 30 მანდატს უდრის], ხოლო მაჟორიტარულში მისმა 50-მა კანდიდატმა გაიმარჯვა, მას პარლამენტში 80 მანდატი ერგება.
საქართველოში მაჟორიტარული აბსოლუტური უმრავლესობის საარჩევნო სისტემა გვაქვს, რაც გულისხმობს, რომ პირველ ტურში გასამარჯვებლად კანდიდატმა 50%+1 ხმა უნდა მიიღოს; წინააღმდეგ შემთხვევაში, საუკეთესო შედეგების მქონე ორ კანდიდატს შორის იმართება მეორე ტური. მეორე ტურში იმარჯვებს ნებისმიერი უპირატესობის მქონე კანდიდატი.
რატომ არის ეს სისტემა ცუდი?
პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს სისტემა იძლევა შესაძლებლობას, პარტიამ მიღებულ მხარდაჭერაზე ბევრად მეტი მანდატი მიიღოს. მაგალითად, რაც “ქართული ოცნების” შემთხვევაში შეიძლება მოხდეს – ამ პარტიას ამომრჩეველთა ნახევარიც კი არ ენდობა, არადა მომავალ 150-მანდატიან პარლამენტში, შესაძლოა, 113-ზე მეტი დეპუტატი ჰყავდეს. (113 დეპუტატი უკვე საკონსტიტუციო უმრავლესობაა. ანუ უმრავლესობა, რომელიც საჭიროა ისეთი მნიშვნელოვანი კანონის შესაცვლელად, როგორიც კონსტიტუციაა).
ამ სისტემის მეორე პრობლემა ის არის, რომ იგი ერთ ან ორპარტიული პარლამენტის დაკომპლექტების შანსს ზრდის.
წარმოვიდგონოთ, რომ ქვეყანაში მოქმედი რამდენიმე პოლიტიკური პარტიიდან ერთი ყველაზე პოპულარულია და მისი ამომრჩევლები მაჟორიტარულ ოლქებში თანაბრად არიან გადანაწილებულნი. ანუ, ამ პარტიას რეალური შანსი აქვს, ყველა მაჟორიტარული მანდატი მიიღოს და სხვა პარტიებს შანსი არ დაუტოვოს.
მაგალითისთვის – 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაშინდელმა მმართველმა პარტიამ, “ნაციონალურმა მოძრაობამ”, 59-პროცენტიანი მხარდაჭერით, 119 მანდატი მიიღო, რაც მანდატების საერთო რაოდენობის 79 პროცენტია. რეალურად კი მას მხოლოდ 59 პროცენტი უჭერდა მხარს.
ექსპერტები და სადამკვირებლო ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ საქართველოში, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები სუსტად არის განვითარებული და არჩევნების დროს ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ხდება, შერეული საარჩევნო სისტემა ყოველთვის მმართველი პარტიის სასარგებლოდ მუშაობს. უკვე ორჯერ, ამ სისტემით არჩეულ პარლამენტში მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.
კიდევ ერთი ხარვეზი – ვინაიდან მაჟორიტარულ არჩევნებში კენჭს იყრის კონკრეტული პიროვნება და არა პარტია, მაჟორიტარ კანდიდატად ცნობადი სახეების [მაგ: ბიზნესმენებს, მსახიობებს, სპორტსმენებს და ა.შ.] წარდგენა კარგად დამკვიდრებული მეთოდია. მაგალითად, იმისთვის, რომ კონკრეტული უბანი მოიგოს, N პარტია წარადგენს მაჟორიტარ დეპუტატად ცნობილ პოპ-მომღერალს, რომელსაც ხალხი იცნობს, მაგრამ არაფერი გაეგება კანონშემოქმედების, და არა – ნაკლებად ცნობილ კვალიფიციურ იურისტს.
ხშირად კანდიდატები ხდებიან ასევე ბიზნესმენები, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში, თავად აფინანსებენ საკუთარ საარჩევნო კამპანიას და ფულს სწირავენ პარტიას პარლამენტში მოხვედრის სანაცვლოდ. ამას წინასაარჩევნოდ პარტიებისთვის შეწირული თანხებიც მოწმობს – მაგალითად, 2016 წლის მაისი-სექტემბერში “ქართული ოცნებისთვის” მაჟორიტარმა კანდიდატებმა მილიონ ლარზე მეტი გაიღეს.
სისტემის დადებითი მხარე
როგორ არა. მაგალითად, ის, რომ მაჟორიტარული სისტემა ამომრჩეველსა და არჩეულს შორის უშუალო კავშირს უზრუნველყოფს.
ასევე, ეს სისტემა გარკვეულწილად ასუსტებს პარტიულ ვერტიკალს – ანუ თუ პარტიას პროპორციულ არჩევნებში შეუძლია კანდიდატებს თავად მიანიჭოს უპირატესობა [რიგითობის განსაზღვრისას], მაჟორიტარულ სისტემაში ის ვალდებულია, მეტი იფიქრობს ამომრჩეველზე და შეარჩიოს ისეთი კანდიდატი, რომელსაც ამა თუ იმ რეგიონში ამომრჩეველი მხარს დაუჭერს. შესაბამისად, მაჟორიტარი დეპუტატი პარტიისგან მეტ დამოუკიდებლობას გრძნობს.
მაჟორიტარული წესი ასევე გულისხმობს გეოგრაფიული წარმომადგენლობის უზრუნველყოფას პარლამენტში. მაჟორიტარი დეპუტატებს შესაძლებლობა აქვთ პარლამენტში, საკუთარი ოლქის პრობლემები წარმოადგინონ და მათ მოგვარებას გაუწიონ ლობირება.
სხვა ქვეყნებმა როგორ გადაწყვიტეს ეს პრობლემა?
ყველამ სხვადასხვანაირად. ყველაზე მეტ – 91 ქვეყანაში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა გამოიყენება, 72 ქვეყანაში -პროპორციული, ხოლო შერეული საარჩევნო სისტემა მხოლოდ 30 ქვეყანაში აქვთ. მათ შორისაა საქართველო, რუსეთი, უკრაინა, ბულგარეთი.
მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ქვეყნები შერეულ საარჩევნო სისტემას ძირითადად დამოუკიდებლობის მოპოვების პირველ ხანებში იყენებენ. ხოლო დამკვიდრებული დემოკრატიის ქვეყნებში ძირითადად პროპორციული საარჩევნო სისტემები გამოიყენება.
მაგალითად, სხვადასხა სახის პროპორციული საარჩევნო სისტემებია ავსტრიაში, დანიაში, ესპანეთში, ნიდერლანდებში, საბერძნეთსა და სხვა ქვეყნებში.
რაც შეეხება მხოლოდ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას – ამ სისტემას ძირითადად ფედერაციულ და უნიტარულ სახემწიფოებში იყენებენ, სადაც ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანო მუშაობს. ასეთ შემთხვევებში, მაჟორიტარული სისტემა აუცილებელია, რადგან იგი საკანონმდებლო ორგანოში ისტორიულ-გეოგრაფიული თვალსაზრისით განსხვავებული რეგიონების წარმომადგენლობას უზრუნველყოფს. ასეთია, მაგალითად, აშშ.
ისეთი პატარა ქვეყანის ერთპალატიან პარლამენტში, როგორიც საქართველოა, გეოგრაფიული წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და ამ მიზნით მაჟორიტარული სისტემის არჩევა, პრაქტიკულად, აზრს მოკლებულია.
რა ალტერნატივას გვთავაზობენ სპეციალისტები?
არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები, დიდი ხანია, საქართველოში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის სამხარეო[რეგიონულ]-პროპორციული წესით ჩანაცვლების რეკომენდაციით გამოდიან.
პარლამენტში უკვე შესულია ცვლილებების პაკეტი, რომლის მიღების შემთხვევაში, მომავალი არჩევნები დაახლოებით ამ წესით ჩატარდება:
პარლამენტის 75 დეპუტატს კვლავ პროპორციული წესით ავირჩევთ, ხოლო დარჩენილ 75-ს – რეგიონულ-პროპორციული წესით. ამ შემთხვევაში ქვეყანა დაიყოფა მრავალმანდატიან ოლქებად რეგიონების მიხედვით, სადაც პარტიები ინდივიდუალურ პარტიულ სიას წარმოადგენენ. შესაბამისად, თითოეულ რეგიონში პროპორციული წესით აირჩევენ პარტიებს, რომლებიც საარჩევნო ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, საპარლამენტო მანდატებს მიიღებენ. ასეთ პირობებში შესაძლებელია, პარლამენტში ერთი ოლქიდან [რეგიონიდან], რამდენიმე პარტია იყოს წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილების მიღების შემთხვევაში, საარჩევნო ბარიერი 5-დან 4 პროცენტამდე შემცირდება.
ანუ უკვე შემდეგი არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდება?
ამ კითხვაზე პასუხი დღეს არ არსებობს.
ხელისუფლებაში მოსვლამდე “ქართული ოცნება” თავად აცხადებდა, რომ არსებული საარჩევნო სისტემა უსამართლოა და აუცილებელია მისი შეცვლა, თუმცა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დანაპირები არ შეასრულა.
საკონსტიტუციო ცვლილები პარლამენტში 8 ოქტომბრის არჩევნებადე წელიწადნახევრით ადრე განიხილებოდა, თუმცა მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის წელიწადნახევარი არასაკმარისი დროა და რეფორმას მხარი არ დაუჭირა. ცვლილების მომხრეებმა საკონსტიტუციო უმრავლესობა [113 ხმა] ვერ მოაგროვეს და რეფორმა ჩავარდა.
ამდენად, რთულია იმის პროგნოზირება, რას იზამს “ქართული ოცნება” მომავალში. შეელევა კი ის ამ მნიშვნელოვან ბერკეტს, მით უფრო, თუ მას საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება, რაც ამ პარტიას პარლამენტში და მის გარეთაც განუსაზღვრელ უფლებებს ანიჭებს.
რა უჯდება დღეს ეს სისტემა ბიუჯეტს?
მაჟორიტარული სისტემა ბიუჯეტისთვის დამატებითი ხარჯია როგორც არჩევამდე ასევე უკვე არჩევის შემდეგაც. პირველ შემთხვევაში, დამატებით ხარჯს წარმოადგენს არჩევნების მეორე ტურები. მეორე შემთხვევაში კი, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროები, რომლებიც წელიწადში 4 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება. ამ ბიუროების ძირითადი დანიშნულებაა მაჟორიტარი დეპუტატების ამომრჩეველთან კავშირის უზრუნველყოფა.
და იქნებ ღირს ეს ხარჯი და მაჟორიტარები ნაყოფიერ კანონშემოქმედებით საქმიანობას ეწევიან?
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, საშუალოდ, ამომრჩეველთა მხოლოდ 11-მა პროცენტმა იცის საკუთარი მაჟორიტარი დეპუტატის ვინაობა.
მერვე მოწვევის პარლამენტის 4-წლიანი მუშაობის შეჯამებისას აღმოჩნდა, რომ სიტყვით გამოსვლის უფლება საერთოდ არ გამოუყენებია 16 დეპუტატს. პასიური დეპუტატების ამ რეიტინგში 10 დეპუტატი სწორედ მაჟორიტარია.
მეტიც, მაჟორიტარების ბიუროების საქმიანობა იმდენად დახურულია, რომ არა თუ მოსახლეობას, ამ საქმეში კარგად გამობრძმედილ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც კი უჭირთ მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღება. მაგალითად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს”, რომელიც გასული წლის საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ანგარიშს ამზადებდა, 23 ბიუროდან საერთოდ არ უპასუხეს. ზოგი მათგანი საერთოდ ვერ იპოვა ორგანიზაციამ, ზოგმა კი პასუხის გაცემა საჭიროდ არ მიიჩნია. იმ 47 ბიუროს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია კი უმეტეს შემთხვევაში არ იყო აღრიცხული და შესაბამისად, მათი გადამოწმების არავითარი ბერკეტი არ არსებობს.
- 8 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების თანახმად, მმართველმა გუნდმა “ქართულმა ოცნებამ” ხმების 48.68 პროცენტი მიიღო; ოპოზიციურმა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” – 27.11 პროცენტი; ხოლო ბლოკმა “პატრიოტთა ალიანსი”5.01 პროცენტი დააგროვა. ვერც ერთმა სხვა პარტიამ სავალდებულო 5-პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა.
გამოქვეყნებულია: 27.10.2016