"რეპრესიული კანონის ძირითადი სამიზნე არ შეცვლილა" - იურისტები განმარტავენ, რას გულისხმობს "გრანტების კანონში" ცვლილება
გაზიარება
გაზიარება
გრანტების კანონი
იურისტები “გრანტების შესახებ კანონში” 6 აპრილს დაინიცირებულ ცვლილებებს ეხმაურებიან და ამბობენნ, რომ რეალურად არაფერი იცვლება და “რეპრესიული კანონის” ძირითადი სამიზნე იგივე რჩება.
საქართველოს პარლამენტში “ქართული ოცნების“ უმრავლესობამ “გრანტების შესახებ“ კანონში მორიგი ცვლილება წარადგინა, რომლის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული სახსრები გრანტად აღარ მიიჩნევა.
ნიკა სიმონიშვილი, იურისტი: “ქართულ ოცნებაში” იმდენად ეჩქარებოდათ ორგანიზაციების დაფინანსების შეზღუდვა, რომ გრანტების კანონში შესული ცვლილებებით ყველანაირი უცხოური ჩარიცხვა მოიცვეს და საელჩოების აუთსორსზე გატანილ კომერციულ სერვისებსაც შეეხნენ.
ცხადია, ეს მათი მიზანი არც იყო და არც არაფერში სჭირდებოდათ.
ამიტომაც ახლა მორიგი ცვლილებები დააინიცირეს, ასეთი კონტრაქტები რომ ამოერიცხათ გრანტების კანონიდან. ოღონდ ესეც ისე ცუდად დაწერეს, რომ კიდევ მოუწევთ გასწორება.
ისედაც არ ეხებოდათ, მაგრამ მაინც დავწერეთო, როგორც თვითონ ამბობენ, თუმცა რეგულაციები იმდენად ყოვლისმომცველია, რომ ყველანაირი უცხოური ტრანზაქცია შეიძლება მოიცვას და ეს ბოლო ცვლილებაც ამითაა განპირობებული.
სულ ესაა მთელი ამბავი.
რეპრესიული კანონის ძირითადი სამიზნე არ შეცვლილა და ამ ინიციატივამაც ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა – დამოუკიდებელმა სამოქალაქო საზოგადოების და მედიაორგანიზაციებმა ისევ ვერ უნდა მიიღონ დაფინანსება.
პს. მე ის უფრო მიკვირს, საერთოდ რატომ იფიქრა ვინმემ, რომ ბოლო ცვლილების შემდეგ ოცნება რაიმე გრანტზე გამონაკლისს დაუშვებდა.”
ნონა ქურდოვანიძე, იურისტი: “გრანტების შესახებ“ კანონში მორიგი ცვლილებები დაანონსდა. შარშანაც ასე მოხდა, ცვლილებები შეიტანეს, მერე მალევე დამატებითი ცვლილებები დასჭირდათ „შეცდომების“ გასასწორებლად.
ახლა აზუსტებენ, რომ გრანტად არ იქნეს მიჩნეული საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარეობს და უკავშირდება უშუალოდ დიპლომატიური წარმომადგენლობის საკუთარ საქმიანობას.
განმარტებით ბარათში წერია, ეს ისედაც ასე იგულისხმებოდა, უბრალოდ კანონი ისე დავწერეთ, სხვაგვარადაც იკითხებოდა და ვაზუსტებთო.
რეალობა კი ისაა, რომ ეს კანონი ყველაფერთან ერთად არის ყველაზე ცუდად დაწერილი, რომელსაც ეს ცვლილებაც ვერ აზუსტებს, და ახლა რასაც ცვლიან 10 აზრი გამოდის ისევ.”