გორის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ "რუსები აქ, როგორც მშვიდობისმყოფელები ისე შემოვიდნენ"
გორის საკრებულოს თავმჯდომარე
გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ “რუსები აქ, როგორც მშვიდობისმყოფელები შემოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ შემოვიდნენ, ვინაიდან, მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ.”
რაზმაძის ინტერვიუ ამერიკული გამოცემის საქართველოს შესახებ ვრცელი სტატიის ნაწილია, სათაურით: “ როგორც დავიდა საქართველო დემოკრატიის ავანგარდიდან ავტოკრატიის წინა ხაზამდე”.
The New York Times-თან საუბარში გორის საკრებულოს თავმჯდომარემ 2008 წლის აგვისტოს რუსეთის აგრესია საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დააბრალა.
“ეგ ყველაფერი მიშას ბრალი იყო. მან განზრახ მოახდინა ვითარების პროვოცირება. ეს მხოლოდ ბევრიდან ერთ-ერთი პრობლემა იყო, რომელიც მან გამოიწვია”, – განაცხადა რაზმაძემ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ 90-წუთიან ინტერვიუში რაზმაძემ სააკაშვილს ყველაფერი დააბრალა “ეკლესიების დასწრების კლებიდან დაწყებული მუნიციპალური წყლის შადრევნების ხარჯების გადაჭარბებით დამთავრებული”.
ასევე, რაზმაძე 2008 წლის აგვისტოს აგრესიის დროს რუსი სამხედროების გორში შესვლას მიესალმა:
“ისინი აქ, როგორც მშვიდობისმყოფელები შემოვიდნენ, და მადლობა ღმერთს რომ შემოვიდნენ, ვინაიდან, მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ. მათ მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს, თუ დაიჯერებთ. რუსები რომ არ შემოსულიყვნენ, ვინ იცის ისინი კიდევ რამდენად მეტ ზიანს გამოიწვევდნენ.”
დავით რაზმაძე ყველაფერს უარყოფს
კაცი, რომელმაც ჩემგან ინტერვიუ აიღო, აღმოჩნდა ფაქტობრივად სააკაშვილის და მაგ ნაძირალების “ადვოკატი”. თუ ჩემი თანაგუნდელები გვერდში დამიდგებიან, რა თქმა უნდა, ვუჩივლებ – ნაძირალა კაცი, არ ვიცი წარმოადგენდა თუ არა The New York Times-ს, ეჭვი მეპარება, მოგზავნილი იყო, – ამბობს რაზმაძე. მისივე განმარტებით, მას რუსეთზე დადებითი არასდროს არაფერი უთქვამს.

“ეს არის ცილისწამება. მე რუსეთზე დადებითი არაფერი მითქვამს. იმ მომენტში რაც არის აღნიშნული სააკაშვილის ხულიგნები არანაირი მსგავსი არ მიხსენებია. მე ვახსენე, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ მიატოვა ქალაქი. ნაძირალა კაცი, რომელმაც ჩემგან ინტერვიუ აიღო, აღმოჩნდა ფაქტობრივად სააკაშვილის და მაგ ნაძირალების ადვოკატი. თუ ჩემი თანაგუნდელები გვერდში დამიდგებიან, რა თქმა უნდა, ვუჩივლებ“, – აღნიშნავს დავით რაზმაძე “ტვ პირველთან“.
ამასთან, კითხვაზე, მისთვის ევროკავშირში გაწევრიანება მიუღებელია თუ არა, რაზმაძე ამბობს: “მე ვარ “ქართული ოცნების“ წევრი, “ქართული ოცნება“ როდისმე აფიქსირებს რომ ევროინტეგრაციის წინააღმდეგი ვართ?! ნაძირალა კაცი, არ ვიცი წარმოადგენდა თუ არა The New York Times-ს, ეჭვი მეპარება, მოგზავნილი იყო“.
ასევე, დამაზუსტებელ კითხვაზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს თუ არა ომის დაწყებაში, რაზმაძე აღნიშნავს, რომ ის სააკაშვილს „ხელშეწყობაში ადანაშაულებს“.
“სააკაშვილს როგორ დავადანაშაულებ, რუსებმა დაიწყეს. ხელშეწყობაში ვადანაშაულებ. სააკაშვილმა ხელი შეუწყო ქართული ტერიტორიების ანექსიას.“ – განაცხადა რაზმაძემ.