დააკავეს გივი თარგამაძე, რომელიც აგვვისტოს ომის საქმეზე ჰააგის სასამართლოში მოწმე იყო
გივი თარგამაძე დააკავეს
“ქართული ოცნების” ერთპარტიული პარლამენტის მიერ შექმნილ ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე არმისვლის გამო, გივი თარგამაძეს 7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. ამასთან, მას 2 წლით საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება აეკრძალა.
პარლამენტის ყოფილი დეპუტატი (2008-2012 წლებში) და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე აგვვისტოს ომის საქმეზე ჰააგის სასამართლოში მოწმე იყო და მის დაპატიმრებას ჯერ კიდევ 2012 წელს ითხოვდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
რუსეთს ფედერაციის მთავრობის მოთხოვნით, ის 2013 წელს მოხვდა ინტერპოლის წითელ ცირკულარში, შემდგომში ინტერპოლმა აღიარა მისი წესდების დარღვევა და ძებნილთა სიიდან ამოიღო, თუმცა რუსეთის ფედერაციისთვის ის კვლავ ძებნილია პროვოკაციებისა და ტერორიზმის ორგანიზების ბრალდებით.
გარდა ამისა, გივი თარგამაძეს ბელარუსმა – ბელარუსის დემოკრატიული ოპოზიციის მხარდაჭერისთვის 25 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.
ყოფილი დეპუტატი ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე 2004-2012 წლებში საქართველოში თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დაიბარეს.
გივი თარგამაძის თქმით, ირონიაა, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ქართულმა ოცნებამ და მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა “საკუთარ გამარჯვებად გამოაცხადეს”, ის კი ამის გამო – უნდა დაიჭირონ.
“მე ვარ ომის გამოძიებაზე ჰააგის სასამართლოს მოწმე და ჩემი პირადი ჩვენების საფუძველზე გაიცა ის 5 ორდერი, რომელიც გასცა ამ სასამართლომ დაპატიმრების – ეს იყო გენერალ ბორისოვზე, ჩოჩიევზე, მაშინ პრემიერი ერქვა, მერე შინაგან საქმეთა მინისტრზე, რომელიც რუსი იყო, პირდაპირ, იმ იზოლატორის უფროსზე, რომელმაც იქ ტანჯა ჩვენი ამდენი მოქალაქე ამდენ ხანს და ე.წ. ომბუდსმენზე, რომელიც ამ ყველაფრის ნაწილი იყო, კიდევ. ამ წუთას, მე მაქვს მოწმის სტატუსი ჰააგის სასამართლოსი.
იცით, აქამდე მე არ მითქვამს ამის შესახებ, ვუფრთხილდებოდი, რა ზოგადად ეტიკეტსაც ვიცავდი, რაღაც ურთიერთობებსაც, მაგრამ ახლა უკვე იმდენად მორღვეულია ეს მთავრობა ცივილიზებული სამყაროსგან, რომ ამის დამალვასაც აზრი აღარ აქვს. მთავარი კაზუსი და ირონია ისაა, რომ მაშინ წულუკიანი იყო იუსტიციის მინისტრი, ეს ჰააგაში გამარჯვება გამოაცხადა ქოცური მთავრობის და თავის პირად გამარჯვებად და მერე დამიბარა ამ თავის კომისიაში, სადაც იძახდა, რომ ეს ყველაფერი იყო პირიქით და ამის გამო უნდა დავეჭირე”, – ამბობს გივი თარგამაძე.
წამყვანის კითხვაზე, ახდენს თუ არა თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისია ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების რევიზიას, გივი თარგამაძე პასუხობს:
“ყოფილი გენერალური შტაბის უფროსის, სამშვიდობო ძალების უფროსის დაკითხვა ვნახეთ და ვნახეთ განწყობა, რითაც კითხავდნენ მათ. ეს იყო გაუთავებელი მცდელობა, რომ რამეში დაედანაშაულებინათ ქართული მხარე. როდესაც არსებობს სტრასბურგის, ჰააგის გადაწყვეტილება, იმათ ხომ გამოიძიეს ეს საქმე, ვერ მოგვედავდნენ ვერც ერთ ეპიზოდში და ამ მოდავებას ცდილობს ქართული პარლამენტის კომისია”, – ამბობს ის.
წამყვანი გივი თარგამაძეს ჩაეკითხა, რას ფიქრობს საკუთარ უსაფრთხოებაზე მას შემდეგ, როდესაც ღიად განაცხადა ჰააგაში ჩვენების მიცემის შესახებ, რაზეც გივი თარგამაძემ თქვა, რომ “ესსმის, ამის გამო შეიძლება მეტი საფრთხე იყოს, მაგრამ იყოს, არა უშავს”.
“რაც არის, ეს არის. უსაფრთხოება ჩვენ ვნახეთ. პუტინმა 4 წუთი ილაპარაკა პრესკონფერენციაზე ]ჩემზე], თუ მართლა უნდა მოკვლა, მოკლავს ბოლო-ბოლო. არ მოვკვდი, უბრალოდ შემთხვევით გადავრჩი, თორემ რას დამიცავდა ეს. ამიტომ, რაც არის, ეს არის. მესმის, რომ ამის გამო შეიძლება მეტი საფრთხე იყოს, მაგრამ იყოს, არა უშავს – ამის თქმა მინდა, რომ ჩემთვის მართლა შეგნებული ამბავია.” – თქვა გივი თარგამაძემ.
კომენტარი
ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონი გივი თარგამაძისთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება და X-ზე პოსტს აქვეყნებს.
“რუსეთი საქართველოს მარიონეტული მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს ტერიტორიაზე მასშტაბურ შეტევას ახორციელებს”, – წერს ის.
Russia is carrying out a massive offensive inside Georgia, with the support of a Georgian puppet government. https://t.co/F4G1RgM1yb
— Marko Mihkelson 🇪🇪🇺🇦 (@markomihkelson) June 27, 2025
24 ივნისს “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო დამნაშავედ ცნო და 7 თვით პატიმრობა შეუფარდა. მას 2 წლით თანამდებობის დაკავებაც აეკრძალა.
23 ივნისს, “ქართული ოცნების” სასამართლომ ოპოზიციის სამ ლიდერს – მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს (ლელო – ძლიერი საქართველო), ასევე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს (კოალიცია ცვლილებებისთვის) პატიმრობა შეუფარდა.
საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ციხეში უკვე სხედან ნიკა მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ნიკა გვარამია (კოალიცია ცვლილებებისთვის) და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.
ყველა მათგანს თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან.