მოსაზრება: თუ საქმე "განტევების ვაცამდე“ მივიდა, საფრთხის ქვეშ არა ირაკლი ღარიბაშვილი, არამედ ირაკლი კობახიძეა
გია ხუხაშვილის მოსაზრება
თუ საქმე “განტევების ვაცამდე“ მივიდა, საფრთხის ქვეშ არის არა ირაკლი ღარიბაშვილი, არამედ ირაკლი კობახიძეა – ასეთ შეფასებას აკეთებს BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ საგამოძიებო ჟურნალისტურ მასალაზე ექსპერტი გია ხუხაშვილი.
BBC-მ 1 დეკემბერს გამოაქვეყნა ვრცელი ფილმი, სადაც აღნიშნულია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებების თანახმად, გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისამთავრობო მომიტინგეების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
ხუხაშვილი დარწმუნებულია, რომ BBC-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება. როგორც მან გადაცემა “დღის ნიუსრუმში” განაცხადა, პირველი სერიოზული დარტყმა ბრიტანეთიდან წამოვა და შემდეგ დასავლურ სამყაროში დომინოს პრინციპით გაგრძელდება.
ამასთან, პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ მომხდარზე რამდენიმე დღეში, პარტნიორების მხრიდან ძალიან მძიმე რეაგირება იქნება.

გია ხუხაშვილი: “ქართული ოცნება“ აიხლართა, თან საკმაოდ კომიკურად. ამ ყველაფერმა ტრაგიკომედიის სახე მიიღო. მარტივი მოცემულობა გამოჩნდა, რაც მათ ვინც პროცესებს ვაკვირდებით ისედაც კარგად ვიცით – უტიფრობის გარდა, ეს ხელისუფლება ვერც ინტელექტით გამოირჩევა. თავიდან ვახტანგ გომელაური გამოვიდა, რომელსაც საკუთარი პრობლემები აქვს და თავის გამოჩენა გადაწყვიტა. მან მოკლე ჭკუით ჩათვალა, რომ ამ გაზის ამბავი შეუძლია “ნაციონალურ მოძრაობას“ “ჩაუდოს“. აბსოლუტურად სულელური განცხადება გააკეთა – რა თქმა უნდა, ხელისუფლების პოზიციიდან.
მანამდე არ უფიქრიათ – სხვებიც თვლიდნენ, რომ შესაძლებელი იყო “ნაცებისთვის“ ჩადება, რადგან ისედაც ყველაფერს “ნაცებს“ უდებენ. მას შემდეგ, რაც საზოგადოებაში კითხვები წამოვიდა, მოხდა პოზიციის კორექტირება. დაინახეს, რომ სისულელე გააკეთეს და ტლაპოში ჩახტნენ. სხვათა შორის შს მინისტრმა გელაძემ ორი განცხადება გააკეთა. პირველი განცხადებაში არ იყო ნათქვამი, რომ გაზი არ არის შესყიდული. გელაძე აქცენტს იმაზე აკეთებდა, რომ არ იყო კონკრეტულად “კამიტი“.
შემდეგ როცა საზოგადოებიდან კითხვები მოდიოდა, ახალ კითხვებზე ახალი პასუხების გაცემა სცადეს და ამ პასუხებში აიხლართნენ. პასუხები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიოდა და ბოლოს თქვეს, არავის არაფერი შეუძენია არც „ნაცების“ დროსო.
“კამიტი“ საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერების კატეგორიაში გადის და ვერც იმას იტყვიან, რომ ამ ტიპის ნივთიერება მტრისთვის ჰქონდათ, რადგან თუ მტრისთვის ჰქონდათ, მაშინ უნდა ყოფილიყო არა შს სამინისტროში, არამედ თავდაცვის სამინისტროში. საბოლოო ჯამში, უარყვეს, რადგან არა თუ შესყიდვა და გამოყენება, არამედ მისი შენახვაც დანაშაულია. როცა ამას მიხვდნენ, ხელებს ასავსავებენ და ყველაფრის გაქრობა უნდათ.
ამბობენ, რომ “კამიტი“ არ არის. დიდი ბოდიში, მაგრამ ხელისუფლება რიგითი მოქალაქისგან იმით განსხვავდება, რომ თუ მოქალაქეები ე.წ. უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლებით ვსარგებლობთ, ხელისუფლება უდანაშაულობის პრეზუმფციით ვერ სარგებლობს. ხელისუფლება ვალდებულია, რომ ნებისმიერი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში კითხვებს უპასუხოს და საკუთარი უდანაშაულობა ამტკიცოს.
იმის მტკიცებას, რომ “კამიტი“ არ იყო, ხომ არ სჯობს თქვან, რა ნივთიერება იყო შესყიდული?! – ხვდებიან, რომ ეს არის წაგებული თამაში მათი მხრიდან და ახლა პროპაგანდა მიმართულია იმ ადამიანებისკენ, ვინც არ ფიქრობს და მზადაა, ხელისუფლებას ყველაფერში დაუჯეროს.
BBC-ის სიუჟეტში კატეგორიულად არ არის ნათქვამი, რომ ეს ნივთიერება “კამიტია“. სიუჟეტში მითითებულია გაზის გარკვეული ჯგუფი კოდის მიხედვით. აღნიშნულ კოდში გაზის დიდი სპექტრია, მაგრამ როგორც ჩანს, ადრე “კამიტი“ გამოიყენეს და არის ვარაუდი, რომ შეიძლება ახლაც “კამიტი“ იყო. შეიძლება სულ სხვა ნივთიერება იყო, მაგრამ ამ ჯგუფში შემავალი ყველა გაზი არის სახიფათო.
ჩვენ ისტორიულად ვიცით, თუ როგორ რეაგირებს ბრიტანეთი ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენებაზე, ვისთვისაც BBC-ი მაღალი ნდობით სარგებლობს. BBC-ის დასკვნა სერიოზული საფუძველია ის მექანიზმი ჩაერთოს, რომელიც წკიპზეა ანუ ხელისუფლების მიმართ სერიოზული სასანქციო პოლიტიკა ამოქმედდეს.
პირველ (რეაგირებას) ბრიტანეთი მოახდენს და ხელისუფლების მიმართ პირველი სერიოზული დარტყმა ბრიტანეთიდან წამოვა. ამის შემდეგ დასავლურ სამყაროში ყველაფერი დომინოს პრინციპით იწყებს მუშაობას. როგორც კი რეაგირება მოხდება ბრიტანეთში, ეს ევროპაში გადმოვა და საბოლოო ჯამში, აშშ-ში. ტრამპის რა იმედიც არ უნდა ჰქონდეთ, ეს ისეთი თემმა, რასაც ვერც ტრამპი აუვლის გვერდს.
ცხადია, რომ BBC-ის სერიოზული წყაროები ჰყავდა, მაგრამ ეს წყაროები შს სამინისტროში, შესაბამისად ჩახედულ ადამიანებში უნდა ვეძებოთ. ირაკლი ღარიბაშვილს ამას არც არავინ ეტყოდა, რომ რაიმე მასალები და ამ ყველაფერზე წვდომა ჰქონოდა. თუ ყველაფერი განტევების ვაცამდე მივიდა, მაშინ საფრთხის ქვეშ არის არა ირაკლი ღარიბაშვილი, არამედ ირაკლი კობახიძე! აქ გომელაური ხურდაა და საერთოდ არ არის საინტერესო.
ივანიშვილმა რაღაც მომენტში კობახიძე ხომ უნდა ჩარეცხოს – მთელი სიბინძურე აკიდოს და შემდეგ ჩარეცხოს. შეიძლება ჩათვალოს, რომ ამ მიზეზით მისი ჩარეცხვის კარგი მომენტია და ამას გადააყოლოს. შეიძლება კობახიძე ამ საფრთხეს გრძნობს და მისი შემოგდებულია თემა, რომ თითქოს ირაკლი ღარიბაშვილი რაღაც შუაშია, რათა ამ დარტყმიდან საკუთარი თავი გამოიყვანოს. ასე რომ, ეს ყველაფერი არის კულუარული თამაში.
ბიძინა ივანიშვილს რომ დასჭირდა მისი ყველაზე საყვარელი პოლიტიკური შვილი ირაკლი ღარიბაშვილი გაწირა და ირაკლი კობახიძე მისთვის საერთოდ არავინ არის და ერთ დღეში ისე ჩარეცხავს, როგორც დაგიბარებია.“