ღვთისგან დავიწყებული სამოთხე
ხინალიგი ზღვის დონიდან 2100-2200 მეტრზეა განლაგებული. აქ ძნელია იმის განსაზღვრა, სოფელს ნისლი ჩამოაწვება, თუ ღრუბელი. ხინალიგში დაახლოებით 2000 ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც ძირითადად მეცხოველეობას მისდევენ. ზაფხულში გორაკების ფერდობებზე მწყემსავენ ცხვარს, ზამთარში კი, როდესაც თოვლი მოდის, “ზამთრის საძოვრებზე” ჩადიან – იქ, სადაც უფრო თბილა.
ხინალიგში ასვლა სახიფათოა, მაგრამ სწორედ ეს სირთულე იზიდავთ ტურისტებს. იქ მშვენიერი პეიზაჟებია, მაგრამ მნახველები პეიზაჟებზე მეტად ცივილიზაციას მოწყვეტილ, ხელშეუხებელ სიძველეს ეტანებიან.
ხინალიგის მოსახლეები ოდითგანვე კეტშებად მოიხსენიებენ თავს. თვით სოფელს კი კეტშს უწოდებენ. კეტშურ ენაზევე საუბრობენ, რომელიც, როგორც თავად ამბობენ, ნოეს დროიდან შემორჩა. რაც შეეხება სახელგანთქმულ ხინალიგურ არქიტექტურას, აქაურები უფანჯრო სახლებში ცხოვრობდნენ. საცხოვრებელს თვითნაკეთი აგურებით აშენებდნენ და შიგნიდან ხალიჩებით რთავდნენ. სახლში იყო კერია, რომლის კვამლიც ჭერში დატანებული ღრიჭოდან გადიოდა. სახლის სახურავი ზედ ფერდობზე მცხოვრები მეზობლებისთვის ქუჩას წარმოადგენდა. თვითონ სოფელი კი გორაკის ფერდობზე შეფენილ მერცხლების ბუდეებს წააგავდა.
დღეს სახლები თანდათან “ცივილიზებულ” იერს იძენს, და ეს საქვეყნოდ განთქმული ადგილი ჩვეულებრივ აზერბაიჯანულ სოფელს ემსგავსება. თუმცა, ხინალიგის რეპუტაცია ჯერ კიდევ იზიდავს ტურისტებს.
ხინალიგი, 2005 წელი. ფოტო: ალექსანდრ და ევგენია ნაჯაფოვები
ხინალიგი, 2010 წელი. ფოტო: ალექსანდრ და ევგენია ნაჯაფოვები
ხინალიგი, 2014 წელი. ფოტო: ალექსანდრ და ევგენია ნაჯაფოვები
ხინალიგი, 2014 წელი. ფოტო: ალექსანდრ და ევგენია ნაჯაფოვები
ტურისტები აღფრთოვანებულები არიან პეიზაჟებით, მთის სუფთა ჰაერს სუნთქავენ და ხინალიგი პასტორალურ სამოთხის კუთხედ ეჩვენებათ.
რას ფიქრობენ ამ საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივები?
სოფელში შესვლისას პირველად ორი ბიჭუნა შემოგვეგება – რაშიდი და მურადი. მუქი, მაგრამ ღაჟღაჟა სახის კანი და უხეში, გამომშრალი ხელები აქვთ. მოგვიანებით ამიხსნეს, რომ ეს ადგილობრივი კლიმატის ბრალია – აქ ძალიან მკაცრი ზამთარი იცის.
ეზოში ხანშიშესული ქალი სამ ლამაზ გოგონასთან ერთად ტანსაცმელს რეცხავდა. გოგონები მისი შვილიშვილები აღმოჩნდნენ. მივესალმე, დეიდა დილიაფრუზმა კი თავისთან მიხმო და ქვაზე დაჯდომა შემომთავაზა. საკმაოდ დიდხანს ვისაუბრეთ იმ ცხოვრებაზე, რომელიც ამ “სამოთხეში” აქვთ ხინალიგელებს.
საუბრის დასაწყისში მოხუცმა ქალმა უიმედოდ ამოიოხრა.
“ტელევიზორში სულ აჩვენებენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი მშვენივრადაა. ჰოდა, სადაა ეს მშვენიერება, შვილო? ძლივს გაგვაქვს თავი. კიდევ კარგი, ეს ზამთარი მაინც გადავაგორეთ.”
დეიდა დილიაფრუზის თქმით, დაახლოებით 5 წლის წინათ სახელმწიფომ ხინალიგის მოსახლეობას სახლების რემონტისა და სხვა საჭიროებებისთვის სოციალური დახმარება გამოუყო. თუმცა, ხინალიგელებს არავითარი დახმარება არ მიუღიათ.
“დახმარება გამოიყო, მაგრამ ვის შეხვდა ის ფული? გაუნათლებელი ხალხი ვართ. მოგვატყუეს. აქ მოაწერეთ ხელიო, გვითხრეს და ჩვენც მოვაწერეთ. დაგვპირდნენ, რომ მალე ახალ ფანჯრებს მოგვიტანდნენ და რემონტის გაკეთებაში დაგვეხმარებოდნენ. სად არიან? მათი კვალიც კი გაქრა. ჩვენს ფულს იყენებენ, და უბრალოდ გვატყუებენ.”
სინამდვილეში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილხამ ალიევის განკარგულებით, სოფელ ხინალიგის ისტორიული ტერიტორია სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურულ და ეთნოგრაფიულ ნაკრძალად გამოცხადდა, რომელსაც სახელად “ხინალიგი” დაერქვა.
საინფორმაციო სააგენტო “აზერთაჯი” 2006 წელს სახელმწიფოს მეთაურის ხინალიგში ჩასვლასთან დაკავშირებით წერდა.
“ტყუილს ხომ არ ვამბობ! – რამდენჯერმე გაიმეორა ჩემმა თანამოსაუბრემ, – ქვეყანა ვითარდება და ჩვენ ცოდოები არ ვართ? საშუალება რომ იყოს, ბაქოში გადავიდოდით საცხოვრებლად.”
მოსახლეობის თქმით, სოფელში პროფესიული სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალება პრაქტიკულად არ არსებობს. ქალები შინ მშობიარობენ. საკეისრო კვეთის შემთხვევაში, მშობიარე გადაჰყავთ ქალაქ ქუბაში, რომელიც ხინალიგიდან 50 კილომეტრში მდებარეობს. პირველი ხუთი კილომეტრი მთის ვიწრო გზაა, სადაც ორი მანქანა ერთმანეთის გვერდს ძლივს უქცევს.
სოფელში რამდენიმე მედდაა, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ავადმყოფებს სინჯავენ, მშობიარეებს ეხმარებიან და ა.შ.
“ბავშვები მეცოდებიან. აი, შეხედე, რა აკეთონ მთელი დღის განმავლობაში? პარკები არ არის, გასართობი არაფერია და არც სკოლებშია დამატებითი გაკვეთილები,” – ამბობს დეიდა დილიაფრუზი.
ბევრი ბავშვი სკოლაში სიარულს 8-9 წლის ასაკში იწყებს. ამის მიზეზი, როგორც წესი, მშობლების ხელმოკლეობაა.
“სექტემბერში, სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, ბავშვებისთვის დახმარება გამოგვიყვეს. თითოეულ მოსწავლეს ორი რვეული და ერთი ალბომი აჩუქეს, – სარკასტული ღიმილით წაროთქვა მოხუცმა ქალმა და გაიმეორა – ორი რვეული და ალბომი – მადლობის მეტი რა გვეთქმის!”
ჩემი თანამოსაუბრის პენსია 60 აზერბაიჯანულ მანათს (დაახლოებით 40 დოლარს) შეადგენს.
პერიოდულად დეიდა დილიაფრუზი საუბარს წყვეტდა, სადღაც შორს იხედებოდა და ჩუმად ჩურჩულებდა:
“ყველა აქ ჩამოდის – ჟურნალისტები, ფოტოგრაფები, მწერლები თუ უბრალო ტურისტები… ჩვენზე წერენ, ფოტოებს იღებენ, ამბობენ, რომ სამოთხეში ვცხოვრობთ.”
ამ სოფლის მოსახლეობის ადგილას რომ აღმოჩენილიყვნენ, ნეტავ მაინც სამოთხედ თუ მოეჩვენებოდათ სტურებს აქაურობა? სამედიცინო მომსახურებისა და უსაფრთხო გზების გარეშე ცხოვრება ძალიან რომანტიკულია, მაგრამ ადგილობრივების რამდნიმე საუკუნის წინანდელ მწყემსური ყოფაში ჩატოვება ალბათ მეტისმეტია.
დეიდა დილიაფრუზი შვილიშვილებთრომ ადამიანებიან ერთად, ხინალიგი, 2016 წელი
გამოქვეყნდა: 18.06.2016