საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი გიორგი ტუმასიანი საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის დაბარებას ეხმაურება და ამბობს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო დაყვანილია პიროვნულ-პარტიულ კონტროლზე, რომელიც ივანიშვილის გავლით მიდის მოსკოვში.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ფაქტობრივად გაუქმებულია მართვის სისტემა, საგარეო საქმეთა სამინისტრო კი კომპეტენტური კადრების გარეშეა დარჩენილი და მთლიანად პიროვნულ-პარტიულ კონტროლზეა დაყვანილი.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. უწყებაში შესვლამდე პიტერ ფიშერმა თქვა, რომ ეს უჩვეულო შემთხვევაა “მეგობრულ სახელმწიფოებს შორის” ურთიერთობაში.
“ქართული ოცნების” საგარეო უწყების განცხადებით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარის შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობები, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის პრინციპებთან და ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას.
გიორგი ტუმასიანი: “ე.წ. „ქართული ოცნება“, სინამდვილეში კი “რუსული ოცნება“ 13 წელია ხელისუფლებაშია… ახლა გაახსენდათ, რომ, თურმე სამოქალაქო საზოგადოებასთან საელჩოების კომუნიკაცია, ვითომ ვენის კონვენციას არღვევს. ცხადია, ეს არის ტყუილი, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ 13 წელია ეს პრაქტიკა არსებობს და ამაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს აქცენტი არ გაუკეთებია.
სინამდვილეში ხდება ის, რომ საქართველოში გაუქმებულია მართვის სისტემა, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტრო მთლიანად დაცლილია კომპეტენტური კადრებისგან და დაყვანილია პიროვნულ-პარტიულ კონტროლზე, კერძოდ ეს კონტროლი ბიძინა ივანიშვილის გავლით მიდის მოსკოვში.
ეს არის სპეციალურად დაწერილი განცხადებები იმისათვის, რომ გადაითარგმნოს რუსულად და წავიდეს მოსკოვში. პრაგმატული პოლიტიკა იყო და დღესაც იმავეს ვაკეთებთო. ამ შემთხვევაში ისტორიული პარალელი მიუღებელია, რადგან საუბარია სხვა ისტორიულ რეალობაზე და დღეს მათი ისტორიული აგენტობაა.
რუსეთმა იმ დროსაც გვიღალატა. შემდეგ ქართლ-კახეთის ანექსია ვის არ ახსოვს?! რას გვთავაზობენ ახალ “გეორგიევსკის ტრაქტატს“, რომლის მეშვეობითაც ახალი ანექსია მოხდება და ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაუქმება?! ეს არის მათი დღის წესრიგი?!
თანამდებობები გარყვნეს. პარლამენტის თავმჯდომარე ისე იქცევა, რომ ეს თანამდებობა მერე ისევ უნდა მოვაწესრიგოთ, რათა არ იყოს პაპუაშვილის განცხადებებთან ასოცირებული. ვენის კონვენციას ვინმე თუ არღვევს – ესენი არიან.”