გენოციდი რეგიონულ თამაშში
რუსეთ-თურქეთის კონფლიქტს შეიძლება სომხეთისთვის კატასტროფული შედეგები მოჰყვეს, ამიტომაც ქვეყანაში თავშეკავებით, მაგრამ შეშფოთებით ადევნებენ თვალს მოვლენათა განვითარებას.
JAM news უკვე იუწყებოდა, რომ რუსული მხარე სახელმწიფო დუმაში თურქეთის მიერ 1915 წელს სომეხთა გენოციდის არცნობისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ კანონპროექტის შეტანით, ყოველგვარი თავშეკავების გარეშე, ცდილობს, გამოიყენოს სომხეთის ფაქტორი ანკარასთან კონფლიქტში.
სომხეთში ძნელად მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც დადებითად მოეკიდნენ ამ ნაბიჯს. ‘სომხეთის პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევების ცენტრის’ ექსპერტმა, პოლიტოლოგმა რუბენ მეღრაბიანმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა: ‘ ის კანონპროექტი, რომელიც სურთ გაატარონ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, რომელსაც სახელმწიფო დუმა ჰქვია, უბრალოდ 1915 წლის მსხვერპლთა ხსოვნის დამამცირებელია’.
თუმცა, თურქეთი ვალში არ დარჩენილა და რუსულ შანტაჟს საკუთარი მთავრობის მეთაურის პირით უპასუხა: ‘თურქეთი ყველაფერს გააკეთებს, რისი ძალაც შესწევს, რომ აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიები გათავისუფლდეს’ – რაც იმას ნიშნავს, რომ ანკარა, შესაძლოა, ყარაბაღის კონფლიქტში ჩაერიოს. რუსული ‘კომერსანტი‘ წერდა, რომ ახმეტ დავუთოღლუმ ‘ფაქტობრივად რუსეთთან ბრძოლის ახალი ფრონტი გახსნა’.
ამ ფონზე ასეთუისე დამაიმედებლად ჟღერს The Associated Press-ის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა შაბათს ქალაქ ბალიკესირში გამართულ მიტინგზე განაცხადა, რომ წუხილს გამოთქვამს თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მოქმედების გამო რუსულ თვითმფრინავ სუ-24-ის დაღუპვის თაობაზე, და რომ ანკარა და რუსეთი უფრო პოზიტიურად უნდა მიუდგნენ ამ ინციდენტს: ‘ ჩვენ არ გვინდოდა, რომ ეს მომხდარიყო, მაგრამ მოხდა. იმედი მაქვს, მსგავსი რამ არ განმეორდება’.
ერდოღანმა, ასევე, გამოთქვა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი პარიზში კლიმატური სამიტის მსვლელობისას, რაც, შესაძლებელია, შეფასდეს, როგორც ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის შემცირების შესაძლებლობა, ყველა შესაბამისი დადებითი შედეგით სამხრეთი კავკასიის რეგიონისათვის.
სომხურმა საინფორმაციო პორტალმა 1in.am გამოაქვეყნა ინტერვიუ თურქ პოლიტოლოგთან, ექსპერტთან თურქეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხებში, ალი იართიგიულთან.
ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში თურქეთის შესაძლო ჩარევის შესახებ საუბრისას მან აღნიშნა: ‘თუ ასე მოიქცევა, ანკარა გონივრულ ნაბიჯს გადადგამს, მაგრამ პრობლემის გადაჭრის გასაღები მის ხელთ არ არის. ეს გასაღები ერევანშია. თუ სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობაში უპირატესობა მიენიჭება ამ პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებულ განწყობას და მშვიდობის სულისკვეთებას, თურქეთი ხელს შეუწყობს ამ პროცესს. მშვიდობა კავკასიაში თურქეთის ინტერესებშია.’